შავიზღვისპირეთის ერთ დროს კოპწია ქალაქი ოჩამჩირე დღეს ყველაზე უკაცრიელია აფხაზეთის ქალაქებს შორის. შავიზღვისპირეთის ერთ დროს კოპწია ქალაქი ოჩამჩირე დღეს ყველაზე უკაცრიელია აფხაზეთის ქალაქებს შორის. ომამდე აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები, ბერძნები და რუსები. ოჩამჩირეს სხვა ქალაქებისგან ერთი რამ გამოარჩევდა: ორი ხალხის ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები ისე იყო ერთმანეთში შერწყმული, რომ ლამის წაშლილი იყო ზღვარი. ილორის, მოქვის, ბედიის უძველეს სალოცავებში ლოცულობდნენ აფხაზი და ქართველი, ბერძენი და რუსი.
გურამ კვირაია ოჩამჩირის ახლომდებარე სოფლის, ბესლახუბის მკვიდრია. 20 წლისას კარგად ახსოვს 1989 წელს სოხუმში დატრიალებული 15-16 ივლისის ტრაგედია, ახსოვს ღალიძგასთან შეჩერებული ქართველები. მაშინ რომ ერთი მუჭა სეპარატისტების იზოლაცია მომხდარიყო, ომს თავიდან ავიცილებდითო...
გურამ კვირაია: "როგორც კი იარაღი დაგვირიგეს, ჩემი უფროსი ძმა რეზო და მე ომში ჩავებით. საბრძოლო შენაერთებში ჩაეწერნენ ჩემი ორი დის მეუღლეებიც. თავიდან 24-ე ბატალიონის მე-7 შენაერთის მეზარბაზნე ვიყავი, შემდეგ ქვეითი. ვმონაწილეობდი საბრძოლო ოპერაციებში, მათგან უკანასკნელი ტყვარჩელის მისადგომები იყო. თურმე სოხუმი დაცემული იყო, ჩვენ რომ სოფელ კაციჰაბლასთან ვიბრძოდით
(ტყვარჩელს გადაჰყურებს). როდესაც ოჩამჩირე სამმხრივ ალყაში მოექცა და შემოტევები ზღვიდან, ტრასიდან, ჰაერიდან გაძლიერდა, ქალაქი დავტოვეთ.