მოქმედებს თუ არა საქართველოში კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ბავშვებს იტაცებენ? ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ბავშვების გატაცების მცდელობის ფაქტებზე. ზოგი ყვება, რომ მონაზონის ფორმაში გამოწყობილი ქალი ბავშვებს თავის მანქანაში ეპატიჟებოდა, ზოგიერთის თქმით კი, წითელ, "ჟიგულის" ფირმის ძველ მანქანაში, შოკოლადის და სათამაშოების მეშვეობით იტყუებდნენ არასრულწლოვან ბავშვებს. ამის შესახებ მხოლოდ საუბრობენ, დადასტურებული ფაქტები ან შესაბამისი ორგანოებიდან რაიმე მტკიცებულება ჯერ არ ყოფილა...
დღეს რუსთავში მცხოვრებმა თამი გოგოჭურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის გატაცება სცადეს. ჩვენ დავუკავშირდით თამის და მან დეტალურად მოგვიყვა მომხდარი ფაქტის შესახებ.
- ჩემმა დედამთილმა ბავშვები პარკში წაიყვანა სასეირნოდ. პარკიდან, რომ გამოვიდნენ, ჩემი 3 წლის საბა წინ გამოქცეულა, გიორგი კი ხელჩაკიდებული მოჰყავდა. უეცრად ტროტუართან გაჩერებულა სამარშრუტო ტაქსი და გადმოსულა ქალი, რომელსაც თან ორი მამაკაცი ახლდა. პირდაპირ საბასთან მისულა, ჩაუკიდია ხელი და მანქანისკენ წაუყვანია წაუყვანია. სამარშრუტო ტაქსში რომ უნდა აეყვანა, დაუნახავს ჩემს დედამთილს და უყვირია, რას აკეთებო. მისკენ გაქცეულა. ქალს ბავშვისთვის უცებ გაუშვია ხელი და რუსულად მოუბოდიშებია, მაპატიეთ, ბავშვი დავკარგე და ჩემი მეგონაო... უმალ ასულა "მარშუტკაში" და გაქცეულან.
- თქვენმა დედამთილმა რა ზომებს მიმართა? პატრული არ გამოიძახა?
- თვითონაც ნანობდა, ვერაფერი მოვიმოქმედეო. ისე დავიბენი, სერიაც ვერ დავიმახსოვრეო. მხოლოდ ის მახსოვს, რომ "მარშუტკა" თეთრი სპრინტერი იყოო.
ალბათ ბევრს დააინტერესებს რეალურად არსებობს თუ არა რაიმე კრიმინალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბავშვების გატაცებაზე? საქართველოში არსებობს რაიმე კორიდორი, საიდანაც შესაძლოა გაიყვანონ ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები, ტრანსპლანტაციის, თუ სხვა მიზნით? ვცდილობთ დაკავშირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან ამ საკითხების გასარკვევად...
მანამდე კი მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ და ყურადღებისკენ მოვუწოდებთ.
მერი ბლიაძე
ასევე იხილეთ: ასწავლეთ ბავშვებს უსაფრთხოების წესები, სანამ არ არის გვიან