რის გამო უხდის ბოდიშს საზოგადოებას მრისხანე სკოლის დირექტორი გრიზელდა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ და რა აკავშირებს თათია სულუაშვილთან? მსახიობი ლია სულუაშვილი 50 წელია სცენაზე დგას, განსახიერებული აქვს ასზე მეტი როლი, ამავდროულად მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, მაგრამ ისეთი რისხვა საზოგადოებისგან არასდროს დაუმსახურებია, როგორც „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენისთანავე მოხდა. ქალბატონი ლია სერიალში სკოლის დიქტატორი დირექტორის - გრიზელდას როლს თამაშობს. სიმართლე გითხრათ, მრისხანე გრიზელდასთან დარეკვის ცოტა მეც მეშინოდა, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გრიზელდა ქალბატონი ლიას კარგად შესრულებულია გმირია და მასთან რეალურ ცხოვრებაში მსახიობს არანაირი საერთო არ აქვს. ჩვენი რესპონდენტი "კომედი შოუს" მსახიობის, თათია სულუაშვილის მამიდა გახლავთ.
- გრიზელდას არაფრით არ ვგავარ, მისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი მაქვს. საოცრად ლმობიერი და კაცთმოყვარე ვარ, განსაკუთრებით ბავშვები მიყვარს ძალიან და გეტყვით, რატომ. მე მთელი ცხოვრება ჩემი საქმის პარალელურად მქონდა დრამატული წრე და საბავშვო თეატრი. ჩემი მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია როგორც თეატრთან, ასევე ბავშვებთან. ჩემი აღზრდილები დღემდე ჩემი მეგობრები არიან, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა და მე ეს ძალიან მახარებს.
- ქალბატონო ლია, გრიზელდას როლზე როგორ მოხვდით?
- მონაწილეობა მიღებული მაქვს სატელევიზიო სპექტაკლებში, ფილმებში „რაიკომის მდივანი“, „ორი შვილი, „მოძღვარი“, „ზოგი ჭირი მარგებელია“ და ა.შ., რაც იმას ნიშნავს, რომ კამერასთან მუშაობის გამოცდილება მქონდა... სერიალში მოსახვედრად რაიმე შესარჩევი ტური არ გამივლია, პირდაპირ დამირეკეს და მითხრეს, რომ საინტერესო როლი ჰქონდათ და ხომ არ მივიღებდი მონაწილეობას. დავთანხმდი, მაგრამ ჩემმა განსახიერებულმა გრიზელდამ დიდი რისხვა გამოიწვია. მეც არ მომწონს ამ გმირის საქციელი საშინლად, მაგრამ მომიწია ასეთი პერსონაჟის შექმნა...
- ოდესმე თუ გინახავთ მსგავსი დირექტორი, ან თუ შესწრებიხართ ისეთ ფაქტებს, რაც გრიზელდას ასპექტში იკვეთება? ძალიან ორგანულად ასახიერებთ ამ სასტიკ ქალს...
- ჩემი შვილები საშინლად მოუხელთებლები იყვნენ, მათი ცელქობის გამო როგორც მშობელს, ხშირად მიწევდა სკოლაში მისვლა და საყვედურების მოსმენა, მაგრამ ჩემი ბიჭები ისეთებს ჩადიოდნენ, არასდროს გამიმართლებია ისინი. თუმცა, არც ასეთი დირექტორები მინახავს ოდესმე, არც ჩემი შვილების დროს და არც ახლა, მით უმეტეს, რომ მე თეატრის ხელმძღვანელი ვარ და დღემდე მაქვს დირექტორებთან ურთიერთობა... აქედან გამომდინარე, იმას ნამდვლად ვერ ვიტყვი, რომ პროტოტიპი მყავს და ინსპირაციის წყარო სხვა იყო, უბრალოდ მისი ტექსტების მიხედვით შევქმენი ეს გმირი.
- გრიზელდა ეკრანზე გამოჩენისთანავე ძალიან „პოპულარული“ გახდა, როგორია საზოგადოების რეაქცია?
- გრიზელდამ მაყურებლის რისხვა დაიმსახურა და ამ შემთხვევაშ მე მაყურებელს ვუჭერ მხარს, რადგან აქ გვაქვს საქმე ბავშვთან. გრიზელდამ ვერ გაითვალისწინა, რომ მის საქციელს ბავშვის სულიერებაში შეიძლებოდა დიდი გარღვევა მოეხდინა და ტკივილი მიეყენებინა. არადა, ამ ტრავმამ უკვე იჩინა თავი მაშინ, როცა ტასომ უარი თქვა მის საოცნებო სიმღერაზე და კონცერტზე გასვლაზე. ასეთი ხელმძღვანელი არ უნდა არსებობდეს არსად, არა მარტო სკოლაში, არამედ არანაირ დაწესებულებაში. შეიძლება მავანს დირექტორობა, მმართველობა ზემოდან ყურებითა და თითის ქნევით ესმის, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელიც არის იმ დაწესებულების, საქმის, ადამიანების მსახური, სადაც მუშაობს. მით უმეტეს, სკოლას არ უნდა ჰყავდეს მსგავსი დირექტორი, რადგან ბავშის ფსიქიკა ძალიან სათუთია, როგორ შეიძლება მასთან ამ ფორმით დამყარო ურთიერთობა? საშინლად ვეწინააღმდეგები ასეთ საქციელს და მშობლების მხარეზე ვარ.
- ხანდახან ხდება ისე, რომ გმირის ნაცვლად მაყურებელი მსახიობს „ეჩხუბება“, გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- გრიზელდას ძირითადად ურაყოფითად მოიხსენიებენ, ვკითხულობ კომენტარებს და ვნახე, რომ რამდენიმემ ისიც დაწერა, ეს სერიალია და რეალობაში მსახიობი შეიძლება სულაც არ ეთანხმებოდეს გმირსო. სამწუხაროდ, მსახიობის ცხოვრებაში ხშირად ხდება ისე, რომ მას გმირთან აიგივებენ. აი, მაგალითად, რუსთაველის თეატრის მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი ძირითადად უარყოფით, ქალების მოღალატე როლებს თამაშობდა ხოლმე, ამ დროს ცხოვრებაში არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, არადა მაყურებლის გარკვეულ ნაწილს მასზე წარმოდგენა სწორედ მისი გმირებიდან ჰქონდა შექმნილი. სამწუხაროდ, ასეა, უარყოფითი გმირი იწვევს ადამიანების გაღიზიანებას და ზოგ შემთხვევაში ეს მსახიობზეც გადადის. მე ვინც მიცნობს, ყველა მეუბნება, როგორ კარგად ითამაშე შენაგან სრულიად განსხვავებული როლიო, მაგრამ ვინც არ მიცნობს, ვერც კი წარმოუდგენია, რომ მე, პიროვნულად, ასე რადიკალურად განსხვავებული ვარ გრიზელდასგან. ბოლოს რომ ვიყავი გადაღებაზე, კი ვუთხარი რეჟისორს და სცენარისტს, რას მერჩით, რა დაგიშავეთ, ამდენი ლანძღვა არასდროს დამიმსახურებია-მეთქი, მაგრამ მათაც მიაჩნიათ, რომ ეს კარგად შერსულებული როლის შედეგია, იმედია, ამ ნათქვამს საზოგადოება ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვლის. ჩემი სამსახიობო ცხოვრების მანძილზე 100-ზე მეტი როლი მაქვს შესრულებული, განმისახიერებია დედოფლები, ავყია ქალები, დაჩაგრული პიროვნებები, კომედიური, ტრაგიკული, დამატული გმირები... გრიზელდას განსახიერებაც ჩემთვის ჩევულებრივი ამბავი იყო, მაგრამ როცა ამხელა საზოგადეობა უყურებს სერიალს, ბუნებრივია, განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდება გმირთან დაკავშირებით. მეორედ თუ შემომთავაზებენ, უარყოფითი როლს არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები (იცინის). ამ ხნის ქალს თავი მენანება მაყურებლის სალანძღავად, დადებითი განწყობა მირჩევნია ჰქონდეთ ჩემ მიმართ. სიამოვნებით განვასახიერებ კომიკურ, დრამატულ პერსონაჟს. მე მინდა თქვენი საშუალებით, ბოდიში მოვუხადო საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც უარყოფითი განწყობით და ემოციებით დაიტვირთა ჩემ მიერ განსახიერებული როლის გამო, ეს ნამდვილად არაა ჩემი ბრალი.
- თქვენ თქვენი საქმე გადასარევად შეასრულეთ. შეიძლება სერიალში კონკრეტული ფაქტები უტრირებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ დირექტორები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჰგვანან გრიზელდას...
- მეც სწორედ ეს კითხვა მაქვს მაყურებელთან, მაინტერესებს, მართლა თუ არსებობენ ასეთი დირექტორები და თუ აქვთ შეხება?! მე ახალციხის რაიონში ვცხოვრობ და ჩვენთან იმდენად ახლო ურთიერთობები აქვთ დირექტორს, მშობელს, მასწავლებელს, რომ მსგავსი რამ წარმოუდგენელია. მაგრამ, როცა მსგავს შემთხვევებს აქვს ადგილი, მაშინ აღშფოთება გასაგებია...
- ალბათ მართლა არსებობენ გრიზელდასნაირი დირექტორები და იმიტომაც მოჰყვა ასეთი რეაქცია საზოგადოებისგან. როგორც მივხვდი, საკმაოდ დატვირთული და აქტიური პროფესიული ცხოვრება გაქვთ, მაგრამ იქნებ ორიოდ სიტყვა ოჯახზეც გვითხრათ...
- ორი ბიჭი მყავს, ერთს ენათმეცნიერების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მეორე კი - მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძე გახლავთ. ორივე დაოჯახებულია, ჰყავთ ოჯახები და შვილები, მეტიც, უკვე ერთი შვილთაშვილი მყავს. კახას გოგო მსახიობია, ბიჭი კი IV კურსის სტუდენტია თემურ ჩხეიძის ჯგუფში, რძალიც ამ პროფესიისაა, ჩემი მეუღლეც მსახიობია, მაგრამ პენსიაზე გავუშვი (იცინის).. სოფელი გვაქვს ქარელის რაიონში და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩემმა ძმისშვილმა თათია სულუაშვილმაც რომ მსახიობობა გადაწყვიტა, კინაღამ ინფარქტი მივიღე, მაგრამ მყარი იყო მის გადაწყვეტილებაშ და აი, შედეგიც სახეზე გვაქვს... მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩვენი ოჯახი ხელოვნებას ემსახურება, დიდი კლოუნადა გვაქვს (იცინის).
ციცი ომანიძე