"თუ თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ, უბრალოდ არ მოუკაკუნოთ დედაჩემს. ის კიდევ ერთ საღამოს დამტოვებს მარტო..."
"ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის გავმრავლდით, მაგრამ დიდი ხანია აღარ ვართ სამნი.
ბოლო დროს ასე ვართ დაჯგუფებული: მე და მამა, დედა და დედას ტელეფონი.
ჩვენ ვართ ორნი, დედა ბევრია.
ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენზე, დედა გვიყვება ვიღაცეების ამბებს.
ჩვენ ვთამაშობთ, დედა ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ფილმს ვუყურებთ, დედა ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვვახშმობთ, დედა თან ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვიძინებთ, დედა ისევ ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვმგზავრობთ, დედა ტელეფონს სქროლავს, მარცხენა ხელში ჩემი ხელი უჭირავს, ცეკვაზე მივყავარ – მარჯვენათი ტელეფონს სქროლავს.
მე აღარ მიყვარს საღამო, როგორც ჩვენი შეკრების დრო. აღარ მიყვარს კუთხე ჩვენს სახლში, სადაც დედაჩემი მოიკალათებს ხოლმე.
ხანდახან იტყვის, გამოვრთავ ინტერნეტს. გადადებს ტელეფონს და ვიწყებთ თამაშს. მიყვარს და სულ უფრო ხშირად მენატრება ეს წუთები.
ზოგჯერ მინდა, ვიყოთ ერთად როგორც ადრე. ამბები მოვყვეთ, ვიცინოთ, ვიტიროთ, ჩავეხუტოთ. მხოლოდ მე და ის, ისე რომ არ მოუკაკუნოს ვინმემ, ისე რომ არ მითხრას "დე, ერთ წუთს, ხო..." და არ შეეცვალოს მიმიკა სხვაგან წასული ფიქრებით.
აიღებს დადებს, აიღებს დადებს. ავიწყდება, 20 წამის წინ ხელში რომ ეჭირა ტელეფონი. ის ფეისბუქდამოკიდებულია. მისი სიამოვნების გზა წითელ შეტყობინებებზე გადის.
დანარჩენს აკეთებს ინერციით, მექანიკურად. იცის, რომ უნდა მაჭამოს, დამბანოს, დამაძინოს, გამიღიმოს, მაგრამ მისი თვალები სხვანარი გახდა. თითქოს გამჭვირვალეა და შიგ ფეისბუქის შეტყობინებები ირეკლება.
მეშინია, რომ ერთ დღესაც დედაჩემს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გაუშეშდება. მეშინია, წითელი ერთიანის მის ტელეფონზე. მეშინია, განათებული ეკრანის. მეშინია, რომ ის ადამიანები, ვინც დედაჩემს სწერს/უკომენტარებს, უწონებს ჩემი მტრები გახდებიან. შეჭამენ და მოინელებენ ჩვენ დედა-შვილობას.
ერთხელ სტუმრად რომ წავედით, მეგობრის შვილს მივარდა დედაჩემი, ჩემხელა ბავშვს. ისეთი დეტალები უთხრა მისი ცხოვრების შესახებ, გაოცებული უსმენდა ბიჭი უცნობ დედაჩემს. სად გადაუხადეს მე-9 დაბადების დღე, რა ეცვა, რა საჭმელი უყვარს, რომელ სკოლაში სწავლობს. გაოცებული უყურებდა ის ბიჭი, მე კი ვფიქრობდი, რაში ჭირდება დედაჩემს ეს ინფორმაცია? რას უთმობს დროს მაშინ, როცა მე მასთან ურთიერთობა მენატრება?!. მერე მეც მომვარდა იმ ბიჭის დედა და იგივე სიტყვები მითხრა ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან. და მე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ იყო.
მე არ გიცნობთ, მაგრამ თქვენზე ვეჭვიანობ.
ვიცი, დედაჩემი ამ წერილსაც გააზიარებს და თქვენ დაიწყებთ, "ვაიმეე საყვარელი ბავშვიი". გთხოვთ, არ გინდათ. თუ თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ, უბრალოდ არ მოუკაკუნოთ დედაჩემს. ის კიდევ ერთ საღამოს დამტოვებს მარტო."
მეგი კავთუაშვილი