ფეხმძიმობის მეცხრამეტე კვირა
ფეხმძიმობის მეცხრამეტე კვირა თქვენი საინტერესო მდგომარების თითქმის ეკვატორია.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
გრეიფრუტი:
პატარას წონაა:
200 გრამი;
პატარას სიგრძეა:
15 სმ.
ყველაზე ნაზი და სასიამოვნო პერიოდი დაგიდგათ. თქვენ ჯერ კიდევ აქტიური და მოძრავი ხართ, მუცელი უფრო მოგიმრგვალდათ, განსაკუთრებულ დისკომფორტს ვერ გრძნობთ, იერიც იდეალური გაქვთ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეცხრამეტე კვირაში?
მომავალი დედა აქტიურად გრძნობს ბავშვის მოძრაობას. ზოგიერთი ფეხმძიმეს თქმით, პატარას ამოძრავება მუცელში პეპლების ფარფატს ჰგავს, ზოგის აზრით, _ დელფინის მოძრაობას, არიან ისეთი ფეხმძიმეებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პირველი განძრევა მეტად მგრძნობიარე იყო, თითქოს პატარა ხელით ან ფეხით რომელიმე შინაგან ორგანოს შეეხო.
ფეხმძიმობის მეოთხე თვეში გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც ინსულინის გამოყოფას ბლოკავს. ეს შეიძლება გესტოზური დიაბეტის განვითარების მიზეზად იქცეს (შაქრიანი დიაბეტი ფეხმძიმეებში). შედეგად, მატულობს სისხლში შაქრის დონე, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. ასე, რომ სისხლის ანალიზზე უარს ნუ იტყვით.
რას ჰგავს პატარა მე-19 კვირის ფეხმძიმობისას?
15 სმ სიგრძისა და 200 გრამის ნაყოფი გრეიფრუტისხელაა. ამ პერიოდში უვითარდება ნერვული სისტემა, უძლიერდება ხერხემალი. ტვინის უჯრედები უსწრაფესად უვითარდება წუთში 50 ათასიდან 100 ათასამდე. მომავალი ადამიანის მოძრაობა ქაოსური აღარაა: ბრუნავს, ხელ-ფეხს შლის და ხრის, მუჭს ან თითს წოვს.
პატარას პირში უყალიბდება გემოს რეცეპტორები, გრძნობს საკუთარი სხეულის გარშემო არსებული წყლის გემოს. თუ გემო მოეწონება, სწრაფად იწყებს ყლაპვას, რასაც სლოკინი მოჰყვება (სხვათა შორის, როცა პატარა კიდევ უფრო გაიზრდება, იგრძნობთ, როგორ ასლოკინებს). ხოლო თუ წყლის გემო არ მოეწონება, მას არც ჩაყლაპავს.
რას გრძნობთ ფეხმძიმობის მეცხრამეტე კვირაში?
წამოზრდილი მუცელი კომფორტულ ძილში შეგიშლით ხელს. ეცადეთ, დიდხანს არ გეძინოთ ზურგზე. საშვილოსნოს ზრდის გამო მეცხრამეტე კვირაში თეძოები იწყებს გაწევას. ზოგიერთი დედა ამ პროცესს მტკივნეულად განიცდის. მსუბუქი ტკივილი საშიში არაა, ხოლო თუ ტკივილი ძლიერია, სასწრაფოდ შეეხმიანეთ ექიმს.
მეცხრამეტე კვირის რჩევა
თუ დღემდე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გეცვათ, დროა, მასზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზურგის ტკივილი, ფეხების შეშუპება და ვარიკოზი გარდაუვალია. ამავე მიზეზით მოერიდეთ ჯდომისას ფეხის ფეხზე გადადებას.
გსურთ, ბავშვის განძრევა თქვენმა ქმარმაც რომ იგრძნოს? ერთ მეთოდს გასწავლით: მარცხენა მხარეს წამოწექით, რამდენიმე წუთში პატარა შეინძრება. თუ ქმარს ჩახუტებული ხართ, პატარა გაფრთხიალებას ისიც შეიგრძნობს.