იცავს თუ არა ჩვილს ე.წ. თილისმები და სცემენ თუ არა მას თვალს?
ხშირად გაიგონებთ მსგავს გამოთქმებს და აზრებს, რომ მაგალითად, ერთი წლის ბავშვს არ უნდა გადაუხადო დაბადების დღე, წლამდე უნდა გადაპარსო თმა და კიდევ ბევრი რამ. სინამდვილეში, ეს სიმართლეა თუ ცრურწმენა?
„არცონდა - არცოდვაა“
უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.
1 წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება.
ეს ცრურწმენაა. საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით 1 წლის ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას არანაირი წინააღდეგობა არ ეღობება.
„რაც გიწერია - არ აგცდება“
სწავლებას ბედისწერის შესახებ არ იწყნარებს ეკლესია. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?..
როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი...
[ბედი რომ არსებობდეს] არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკარგისათვის? რისთვის ვაამებთ?ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედიგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ“.
„როცა დედა წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენ“
მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.
მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევთ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.
„არ შეიძლება ქორწინება მაისის თვეში“
მაისის თვეში ქორწინება დასაშვებია. არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით. შესაძლოა ეს ცრურწმენა მოდიოდეს რუსული ხალხური ჩვულებიდან, რისი ანარეკლიცაა გამოთქმა «В мае венчаться - всю жизнь маяться» („მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო“), რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.
უსაფუძვლოა აგრეთვე იმის რწმენაც, რომ სახლში შესვლისას პატარძალმა თეფში თუ არ დაამტვრია, ოჯახი არ აეწყობა.
„თარსი“ რიცხვი 13
რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.
სხვადასხვა „ნიშნების“ რწმენა
(დაცემინება - „დასტურის ნიშანი“, ყვავის ჩხავილი, დილით მახინჯი ადამიანის შეხვედრა, თვალის ციმციმი - „უბედურების ნიშანი“)
წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ბევრ ქრისტიანს „ნიშნების“ განმარტება ზიანის მომტან საქმედ არ მიაჩნია. თუკი ვინმე საუბრისას დააცემინებს, იტყვიან: ამასაც მნიშვნელობა აქვსო. თუკი ვიღაც ზურგიდან სახელით მოგიხმობს, გადასასვლელში თუ ფეხი დაგისრიალდა, ანდა ტანსაცმელით რაიმეს წამოედები - ეს ყოველივე თითქოს იმის „ნიშანია“, რომ საქმე, რომლის გაკეთებსაც აპირებდი, არ უნდა გააკეთო. ზოგჯერ მორწმუნე ადამიანებიც კი ასეთ ცრურწმენებს მისდევენ და ამ დამღუპველ ვნებაში იძირებიან. მაგრამ იცოდე: უარყოფილია ღვთისაგან ამ უსჯულოების მიმდევარი ერი.
როგორ შეიძლება ვირწმუნოთ უგუნურ ფრინველთაგან მომავლის უწყება?! მით უფრო, როცა ვიცით, რომ ფრინველი ვერ ხედავს მის წინ დაგებულ საფრთხეს, რომელიც მას აშკარად მოელის, - ნუთუ შეუძლია მას შენთვის მომავლის უწყება?! ხშირად, სარჩოს საძიებლად ბუდიდან აფრენილი, უკან ცარიელი ბრუნდება; შენთვის კი მომვალის უტყუარი მაცნე შეიქნა და მისი ამაო მოძრაობები მომავლის მაუწყებლად გადაგექცა?!
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას „ნიშნად“ მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება“.
ჩვილის დაცვა ე.წ. „თილისმებით“
წმიდა იოანე ოქროპირი „კორინთელთა მიმართ პირველ საუბარში“ სასტიკად ამხელს თილისმების ტარებასა და ცრურწმენებით ნაკარნახევ მოქმედებებს სნეულებებისა და უბედურებებისაგან თავდასაცავად. იგი ამბობს: „თავიანთი ჩვილის „დასაცავად“ ყოველგვარი საფრთხისაგან მშობლები მრავალ სასაცილო სიმბოლურ თილისმებს (ჩვენს დროში კი, მოგეხსენებათ, ბავშვებს ავი თვალისაგან დასაცავად ხელზე მძივს აბამენ, რომელზეც თვალია გამოსახული) იყენებენ... ყოველივე ეს მათ უდიდეს უგუნურებაზე მეტყველებს, რადგან სხვა არაფერი ესაჭიროება ჩვილს მაცხოვნებელი ჯვრის გარდა. მიუხედავად ამისა, ჯვარი, რომელმაც მოაქცია მთელი სამყარო, სძლია ეშმას და დათრგუნა მისი ძალი, - უგულებელყოფილია, ხოლო ქსოვილს, ნართს თუ სხვა მსგავს ნივთებს ანდობენ ჩვილის უსაფრთხოებას. ნუთუ არ გრცხვენიათ? მითხარით: შეიგნებთ კი ოდესმე, რომ სატანა ყოველ ადამიანს ბავშობის ასაკიდან უგებს მახეს და ამისთვის ყოველგვარ ხრიკს მიმართავს? ჩვილების „დასაცავად“, დემონთა ცდუნებით ნაკარნახევ თქვენს ამგვარ ქმედებას, გეჰენიაში შთაჰყავხართ! თუკი ჩვილებს ასე წარმართები „იცავენ“, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ, როდესაც ამას ჯვრის თაყვანისმცემელნი და მაზიარებელნი აკეთბენ, რომელებმაც ცნეს ღვთაებრივი სიბრძნე და ჭეშმარიტება, - ეს მწარედ სატირალია“.
უსაფუძვლოა ასევე, ზოგიერთის რწმენა, რომ ნათლია ბავშვს რამეს დააბედებს (ჭკუას, ფულს და ა.შ.).
„თილისმები უფროსებისთვის“
მართლმადიდებელ ქრისტიანს განსაცდელთაგან სამკერდე ჯვარი, ხშირი პირჯვრის გამოსახვა, წმიდა ხატები და მფარველი ანგელოზი იცავს. დაუშვებელია, ქრისტიანმა შეინახოს ან თილისმად ატაროს ე.წ. „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიზმარი“ ან „იერუსალიმში ნაპოვნი წერილი“ - რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა. ასევე მიუღებელია სხვადასხვა მაგიური ძეწკვები, თასმები, ეშვები ან დათვის ტყავი - ყოველივე ეს სულის შებორკვას ნიშნავს და ამ ცოდვის გამო საეკლესიო სასჯელს ადებენ ხოლმე.
„ორშაბათი უიღბლო დღეა“
კვირის სხვა დღეებისაგან ორშაბათი არაფრით გამოირჩევა გარდა იმისა, რომ ამ დღეს ღვთისმსახურებისას უხორცო ძალებს (ანგელოზებს) ევედრებიან. სამწუხაროდ, გავრცელებულია ცრურწმენა, თითქოს ორშაბათი მძიმე და უიღბლო დღეა. ორშაბათის გარდა ამგვარ დღეებად მიჩნეულია ოთხშაბათიცა და პარასკევიც. ახლა კი თავად განსაჯეთ, ვისგან უნდა მომდინარეობდეს ამგვარი შეხედულება.
ამბობენ, რომ ორშაბათს არ შეიძლება დაიწყო ახალი საქმე, რადგან წამრატებას ვერ მიაღწევ; დაუშვებელია სადმე გამგზავრება, ან ფულის გაცემა.
რატომ გავრცელდა ამგვარი შეხედულება ორშაბათზე და რატომ აღძრავს იგი შიშს ბევრ ადამიანში?
ამ საკითხზე პასუხს მივიღებთ ადამიანებზე უბრალო დაკვირვებით. ორშაბათი, ნამდვილად მძიმე, უსიამოვნო და მშოფოთვარე დღეა მათთვის, ვინც კვირა უზნეოდ გაატარა. თუკი ადამიანმა კვირა დღე ლოთობაში, გარყვნილებაში, კარტის თამაშსა და მსგავს უზნეობაში გალია, ორშაბათს იგი დამძიმებული თავით იღვიძებს და სრულიად უძლურია, შეუდგეს სერიოზულ საქმეს. ასეთი ადამიანებისათვის ორშაბათი მართლაც მძიმე დღეა, მაგრამ არა თავისთავად, არამედ თავისივე უგუნურებისა გამო. ხოლო ვინც იცის დროის ფასი, არ ფლანგავს მას სულისა და სხეულისათვის დამღუპველ გართობებზე, მისთვის ორშაბათი სულაც არაა მძიმე, პირიქით, ორშაბათობით დასვენების დღეებში აღდგენილი და განახლებული ძალებით იწყებს საქმიანობას.
ამგვარად, ადამიანის ცხოვრების წესი არა მხოლოდ ორშაბათ დღეზე ტოვებს თავის ანაბეჭდს, არამედ მთელ კვირაზე და ზოგჯერ მთელ ცხოვრებაზეც.
მაშასადამე, ორშაბათისადმი გაუცნობიერებელი შიში არა თუ არაფრითაა გამართლებული, იგი შეურაცხმყოფელია უფლისათვის, რამეთუ ყოველი დღე კურთხეულია უფლის მიერ, ყოველი დღე მადლმოსილია უფლის ქმნილებისათვის, არცერთ დღეს მოუკლია მას კაცთათვის თავისი წყალობა (დაბ. 1, 31).
რელიგიასთან დაკავშირებული ცრურწმენები
არასწორია, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს რამდენ სანთელს აანთებ (კენტს თუ ლუწს), როდის ჩააქრობ, იქ დატოვებ თუ სახლში წაიღებ, როგორ ჩააქრობ (სულის შებერვით, თუ ხელით); თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ადგილს ეკლესიაში. ბევრი ადამიანი იმდენად ეჩვევა ეკლესიაში გარკვეულ ადგილას დგომას, რომ ვერ წარმოუდგენია სხვა ადგილას როგორ უნდა დადგეს; თითქოს მღვდელი, ან სხვა ტაძრის რომელიმე მსახური ცვლის ბედისწერას კარგი ან ცუდი მიმართულებით.
თვალის ცემა, მეკვლის ფეხი
ჩვენში ძალიან გავრცელებულია ცრურწმენები მეკვლის ფეხთან და "ცუდ" თვალთან დაკავშირებით. თუ ადამიანს ოჯახში რამე უბედურება შეემთხვა და ამას ახალ წელს მოსულ მეკვლეს ან დილას შემხვედრ ნაცნობს აბრალებს და არა საკუთარ ცოდვებს, გასაგებია, საიდან იღებს ასეთი ფიქრები სათავეს. ეშმაკსაც ეს უნდა, რომ ადამიანი ნაკლებს ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე და ყველაფერს სხვას აბრალებდეს. ასეთი უგუნურობის შედეგად ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებიან ერთმანეთს უახლოესი ადამიანები.
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გიშრის ჯვრის ტარებას "ავი თვალის" წინააღმდეგ, მით უმეტეს, არ ნიშნავს მისი გაბზარვა "თვალის გადასვლას" ან მსგავს რამეს. ჯვარის გაბზარვის მიზეზი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ქვის ხარისხი იყოს.
მიცვალებულთან დაკავშირებული ცრუ-რწმენები
არსებობს ცრურწმენა, რომ „ორმოცამდე“ გარდაცვლილის არც ერთი ნივთის გაცემა არ შეიძლება: ეს არასწორია. პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა ჩაიდინოთ გარდაცვლილის სახელზე. უნდა შესწიროთ მონასტრებს, ეკლესიას - წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის), ცვილი (სანთლისთვის); უნდა დაარიგოთ გარდაცვლილის ნივთები უპირველესად სწორედ ორმოცამდე და არა ორმოცის შემდეგ. როდის უნდა ვიშუამდგომლოთ განსასჯელისათვის - სასამართლომდე თუ სასამართლოს შემდეგ? ასეა აქაც: სული გადის საზვერეებს, ეწყობა სასამართლო და უნდა ვუქომაგოთ მას - ვილოცოთ და ვაკეთოთ მოწყალების საქმენი.
ცრურწმენებია აგრეთვე, მიცვალებულის ოჯახიდან გასვენების შემდეგ სკამების წაქცევა, კუბოს 3-ჯერ შემოტრიალება, მიცვალებულისთვის უამრავი ნივთის ჩაყოლება (ნივთები მას არაფერში აღარ სჭირდება, სჯობს ის მოწყალებაში გასცეთ). არასწორია ისიც, თითქოს ორმოცის მერე არ შეიძლება საფლავზე არაფრის დამატება.
არასწორი შეხედულებაა, თითქოს ქელეხის სიდიდეს და ხალხის გამოთრობის ხარისხს პირდაპირი კავშირი ქონდეს მიცვალებულის სამოთხეში მოხვედრასთან.
ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გათავისუფლდეს ყველა ამგვარი არასწორი შეხედულებისა და ჩვეულებისაგან.