"ბებიამ ჭიპის მოჭრასთან ერთად პირში ჩხიკვის ფრთა გამომავლო თურმე - ენას ადრე ამოიდგამსო..."
დღეს ბევრი რამ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენი სხვადასხვა კუთხის წარსულ ტრადიციებში ბევრი რამ არის დღევანდელი გადასახედიდან გასაოცარი და უჩვეულო. ეს ცნობილი ქართველი მწერლის, მთარგმნელის, ეთნოგრაფის, ლექსიკოგრაფის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას ჩანაწერებიდან გახლავთ ამონარიდი...
როგორ ვიზრდებოდით ძველად - გაძიძავება სამეგრელოში
დავიბადე 1868 წლის მარტის 2, სოფელ ხეთაში, მღვდლის ოჯახში... ბებიამ ჭიპის მოჭრასთან ერთად პირში ჩხიკვის ფრთა გამომავლო თურმე - ენას ადრე ამოიდგამსო...
ოჯახში შვილის და ისიც ვაჟის შეძენაზე ხარება დიდი ყოფილა, გაუთავებელი სროლა გამართულა კაჟიანი თოფისა თუ დამბაჩისა. მახარობლისათვის მილოცვა, ქათინაურები დედას, მამას...
მოსალოცავად შორიდან მოსულან ნათესავ-მოყვრები.
უმთავრესი მიზეზი სამეგრელოში ბავშვის გაძიძავებისა გახლდათ ისა, რომ იმ დროის "კეთილშობილ" დედას ეთაკილებოდა თავისი შვილის აღზრდა, მაშინაც კი, როცა ძუძუში რძე ჰქონდა და შეეძლო თვითონ ეწოვებინა ბავშვისათვის. შვილის აღზრდა სირცხვილად, "კეთილშობილისათვის" შეუფერებლად ითვლებოდა. საერთოდ, მაშინ ბავშვის აღზრდა შესაფერი იყო იმისთვის, ვინც სოციალურ საფეხურზე ყველაზე დაბლა იდგა. მაგალითად, თავადი თავის შვილს აღსაზრდელად აძლევდა აზნაურს, აზნაური - გლეხს. ყოფილა შემთხვევა, როცა, ამავე მოსაზრებით, გლეხს გლეხისათვის მიეცეს შვილი აღსაზრდელად, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ორ გლეხს შორის ეკონომიური მდგომარეობით დიდი განსხვავება უნდა ყოფილიყო: გლეხის კვალობაზე ერთი ძალიან შეძლებული უნდა ყოფილიყო, თითქმის აზნაურის ტოლი და სადარი, მეორე კი - ძალზე ღარიბი. მღვდელი პრივილეგიურ კლასს ეკუთვნოდა და ამასთან - სულმოდგმულს, ქონებრივად შეძლებულს. თავისთავად ცხადია, ჩემი აღზრდა უნდა ეკისრა გლეხის ცოლს...
დედაჩემს მოჰგვარეს ერთი საშუალო შეძლების გლეხის ცოლი, რომელსაც თან მოჰყოლია ჩემი მომავალი მამამძუძე უთუთია იოსავა. ძიძას რძე ბლომადა ჰქონია და გარეგნულადაც ჯანსაღი ყოფილა.
სოფელში, სადაც მიმიყვანეს, ძიძის სამი უფროსი შვილი, ცოტა არ იყოს, მტრულად მომგებებია ვიღაც გადმოხვეწილს, რომელიც უბოდიშოდა ვწოვდი თურმე მათი დედის ძუძუს. ჩემდამი ეს მტრული განწყობილება შემდეგშიაც კარგა ხანს გრძელდებოდა.
ძიძას თავისი მოვალეობის მეთვალყურედ ჰყავდა იმავე სოფელში, სამი კილომეტრის მოშორებით მცხოვრები მამაჩემის ბიძა. კვირაში ერთხელ მაინც დახედავდა ძიძაჩემს, მოიკითხავდა თავის დის შვილიშვილს.
სახლი, სადაც შემიყვანა ძიძამ და სადაც უნდა გამეტარებინა ჩემი სიყრმე, ჩემს ძიძიშვილებთან ერთად, მრგვალი ძელებისგან იყო შეკრული და ისლით გადახურული. მთელი სახლი ისე იყო გაკეთებული, ერთ ლურსმანს ვერ იპოვიდით. სადაც ლურსმანი იყო საჭირო, იქ ეხმარათ გარეული თხილის ჩორჩალი. სახლის აქეთ-იქით, კედლების გასწვრივ, ტახტები გაეკეთებინათ, ზედ ეფინა ჭილობები და აკეცილი იყო საბან-გობანი. თავთით იდგა მჭვარტლისაგან გაშავებული ზანდუკი ხისა და შიგ ელაგა, რაც რამ ძვირფასი ებადა ძიძაჩემს.
ამ სახლს ჯარგვალი ერქვა, ე.ი. მრგვალი ხეებისგან შეკრული სახლი. ჯარგვალს შუაგულ ალაგას კერა ჰქონდა. სახლს საგანგებო საკვამლე, კვამლის ადვილად და სწრაფად ასასვლელი არა ჰქონდა.
პირველი მიზეზი ჩემი ტირილისა ეს კვამლი ყოფილა: არ დამინდო თურმე ახალი წევრი ოჯახისა, თვალები ამომწვა და ცრემლებით გამივსო. აკვანში არტახებით ჩაკრულს საშუალება არ მქონია აბეზარი კვამლი მომერიდებინა, ვეღარ მომითმენია და საშინლად ავტირებულვარ, იქნებ რამე მიშველონ-მეთქი. ძიძას აკვანი დაურწევია. ოღრო-ჩოღრო მიწურზე ჩემი აკვნის რახა-რუხი სათოფეზე ისმოდა, ალბათ. აკვანში მაგრად ჩაკრული ჩემი პატარა სხეული გაჩერებული იყო, სამაგიეროდ, ჩემი თავი აკვნის კედლებს განუწყვეტლივ ეწყვეტებოდა. ძიძას დიდი ენერგია არ დასჭირვებია გავებრუვებინე და დავეძინებინე, გავჩუმებულვარ თუ არა, აკვნის რწევა შეუწყვეტია.
რამდენიმე დღემ გაიარა. ახლო-მახლო მეზობლებმა გაიგეს თუ არა ჩემი ჩამოყვანა, დენა დაიწყეს, ულოცავდნენ ძიძაჩემს: რა ბედი მოგსვლია, მღვდლის შვილის ძიძობა გღირსებია! თანაც შურით ევსებოდათ გული, რომ ასეთი ბედი მათ არ მიადგათ კარზე. ძიძამ იცოდა მათი შურიანობის ამბავი და რომ არ გავეთვალე, აკვანზე, ჩემს თავს ზემოდან, ჩამოჰკიდა სამკუთხედად შეკერილი სამოგვის ნაჭერი ანუ ავგაროზი, რომელში ერთი ბალახის ყვავილი იდო ავის თვალის ასარიდებელ თვისებისა. ეს ავგაროზი მონათვლის შემდეგ, პატარა ლითონის ჯვართან ერთად, გულზე მეკიდა და მანამდე ვატარებდი, სანამ 11-12 წლისა შევიქნებოდი. ამავე დანიშნულებისთვის იყო დაკიდებული აკვნის ხელზე ზღვის ლოკოკინების მძივი. ყველა ამას დაკისრებული ჰქონდათ ჩემი ცვა-ფარვა გაღალვისაგან. მთავარი იყო რკინის ნატეხი, ძიძამ ჩემს პატარა ლეიბს ქვეშ რომ ამომიდო, თავთით... აბა, ეს იყო თუ იყო ნამდვილი მფარველი და მცველი ჩემისთანა ყრმებისა, რაც უნდა დიდი ძალა ჰქონოდა მღალავის თვალს, ამ რკინასთან მიახლოვებისას, მისი შიშით "ჰქრებოდა" თურმე.
განვლო ხანმა. მე ძიძას შევეჩვიე და ძიძა კიდე - მე. ძიძიშვილებსაც თითქმის ვცნობდი და სხვებისგან ვარჩევდი. ვისწავლე ხოხვა. ხოხვისაგან ბარძაყები ერთთავად გასვრილი მქონდა მიწით და თან რაც მომხვდებოდა ხელში: ნაფცქვენი იქნებოდა, ნახშირი თუ მიწა, ყველაფერი პირისაკენ მიმქონდა.
ფეხი რომ ავიდგი, დავიწყე ეზოში სიარული და ურთიერთობა გავაბი ამ ეზოში მცხოვრებლებთან: კრუხ-წიწილებთან, ქათმებთან, ინდაურებთან, ბატებთან.
მოვჩიტდი, უკვე ოთხი წლისა გავხდი. საღამოს ქათმების შერეკვა საქათმეში, ღორებისა - საღორეში, პატარა ლიტრით წყაროდან წყლის ამორბენინება ჩემს მოვალეობას შეადგენდა. თვალყურს ვადევნებდი საშობაოდ დასაკვლელი ღორის გასუქებას: სიმინდს ვუყრიდი გამორჩეულად.
უკვე ცოტ-ცოტათი გამოვყავდი გარეთ, მაცნობდნენ აქაური ცხოვრების პირობებს, მაჩვევდნენ არსებობისათვის ბრძოლას. ჩემი აღზრდის "პროგრამაში" შედიოდა: შევედრება ჩემი თავისა როგორც ოჯახის სალოცავებისა, ისე "ძლიერი" ხატებისათვის; ამ ხატების დღეობებზე "მათს კარის წინ" ჩემი მიყვანა, შესაწირავების მიტანა, ჩემი თავის შევედრება, ჩემს მაგიერ მორჩილების გამოცხადება... ჩემი უფროსი ძიძიშვილები ცდილობდნენ ესწავლებინათ ჩემთვის, რაც თვითონ იცოდნენ ცხოვრებაში ფონს გასასვლელად. მასწავლიდნენ, რის გაკეთება არ შეიძლებოდა, ანუ რაც იყო "ტაბუ", რადგანაც "ტაბუს" დარღვევას, მათი აზრით, მოსდევდა დამრღვევის დაზარალება, ვნება, საქმის უკუღმა დატრიალება. აუარებელი იყო ამგვარი აკრძალვა, რომლითაც უნდა შეიარაღებულიყო ბავშვი სიყრმიდან, რომ ცხოვრებაში სუფრის თავში თუ არა, მთლად ბოლოს მაინც არ მოქცეულიყო.
მეც ჩემი ძიძიშვილებისა და მეზობლის ბავშვებისგან ვიძენდი ამ სულიერ ცოდნას, რომ უცოდინარი არ გამოვსულიყავი და გამზრდელისთვის სირცხვილი არ მეჭმია.
დასრულდა ჩემი როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი აღზრდა ძიძის სახლში. ერთ მშვენიერ დღეს სუფთად ჩაცმული შემსვეს ცხენზე, მეახლნენ ძიძა და მამამძუძე, წამიყვანეს ჩემს მშობლებთან, რომ მათთვის ჩავებარებინე. სახლში გამსინჯეს, მიმატრიალ-მომატრიალეს. გარეგნულად მოვეწონე, ნაკლი ვერაფერი ჰპოვეს ჩემში. უქეს ძიძას ქალობა, მადლობა უთხრეს, მისცეს: საკაბე, ძროხა, მამამძუძეს - საჩოხე, პატივი სცეს და გამოისტუმრეს.
მე, რა თქმა უნდა, მივტიროდი ნანასა და ბაბას, რომელნიც ერთბაშად ჩემთვის უცხო ალაგას, უცხო ხალხში მტოვებდნენ. დიდხანს ვტიროდი, ვუხმობდი მათ, მაგრამ ერთიცა და მეორეც ჩემგან უკვე ძალიან შორს იყვნენ.
მოამზადა სოფიო ჯაფარიძემ