ნუ ასახიჩრებთ ბავშვებს სულიერად და მათ ფიზიკურ ნაკლს ნუ უმატებთ დამსხვრეულ სულს! ეს ემოციური პოსტიც და ლექსიც ახალგაზრდა დედას, პოეტს მანანა ზურაშვილს ეკუთვნის, რომელიც ხშირად ეხმაურება შშმ ბავშვების პრობლემებს და ამ ყველაფერს უშუალოდ იცნობს და უშუალო მონაწილეა, როგორც დედა.
ამჯერად მანანა ერთ-ერთ შემთხვევას გამოეხმაურა:
"საუბარი:
- რაგბის გუნდს აყალიბებს შშმ პატარების შემადგენლობით.....
- უჰ, მაგარია!
- ყოჩაღ მაგას, რაგბისტია ხომ? ღმერთმა უშველოს...
- ეს რა კარგი რამ უსურვია და მოუფიქრებია, მსურველი ბევრი იქნება...
- თქვენი ბავშვიც ჩაწერა სიაში... უარს არ იტყვით ალბათ, ხომ?
დედა, სახეზე გამომეტყველებით - ეს მე რატომ დამემართა, ამას არ ვიმსახურებდი (!):
- ამან რა უნდა შეძლოს?.. რა შეუძლია... სწავლასაც დიდ დროს ანდომებს...
...განაჩენივით გაჟღერებული სიტყვები, შოლტივით გადარტყმული ბავშვის თვითშეფასებაზე, მზერა, რომელიც სულ ტანში გაცრის პატარას, როცა შეაჩერდება დედას... თვალებში ბოქლომი ადევს სითბოს და თანაგრძნობას, იქ მხოლოდ პროტესტი ჩანს სამყაროსთან, გამჩენთან... რომ "ასეთი" შვილი "შეხვდა"...
იღიმის ბავშვი და ისხლეტავს დედის უიმედო " მათრახებს"...
ნუ ასახიჩრებთ ბავშვებს სულიერად და მათ ფიზიკურ ნაკლს ნუ უმატებთ დამსხვრეულ სულს!!!
დედა, მაპატიე, არ მინდოდა,
მევლო არეული, გაბოტილი,
ძლიერ მიყვარხარ და ვერ გავიგე,
ღამით ფანჯარასთან რატომ ტირი.
ცოტა წერაც მიჭირს, რა ვუყო, რა,
ხელებს თითები აქვს აპრეხილი,
სიტყვებს გიმარცვლავ და ვფაქიზობ, რომ
აღარ გამოვიდეს გაწელილი.
ვერ მივედევნები ალბათ ტოლებს,
თმები ვერ მოვთოკე გაწეწილი,
პირჯვარს მაინც სხარტად გადავიწერ,
სამი თითით ხელზე გატოტვილით.
კიდევ, შევეცდები მოგეფერო,
მახსოვს შენგან შუბლი დაკოცნილი,
შენს კალთაზე მინდა მოგეკერო,
გულის ფეთქვა ვიგრძნო გამოცდილი.
დედა, შენ ოღონდაც ჩემი გწამდეს,
მინდა გაგიმართლო მოლოდინი,
ხელი, ენა ჩემი მერე ნახე,
ტაძარს რომ დატოვებ მოლოცვილი!!!!
დედა, მაპატიე, არ მინდოდა,
მევლო არეული, გაბოტილი,
ძლიერ მიყვარხარ და ვერ გავიგე,
ღამით ფანჯარასთან რატომ ტირი?!"
მანანა ზურაშვილი