ბევრს გაახსენებს ეს ამბავი ბნელ 90-იანებს და ადამიანების თანადგომას
ჩემი ომისფერი ბავშვობა გამახსენდა, უსინათლო ღამეები, ლამფის შუქზე ნასწავლი გაკვეთილები, ერთი და იგივე საინფორმაციო გადაცემები, ''ნოვოსტი,, ან ''ვრემია,, და გამოპარული შუქის ფონზე განათებული ბაბუას სახლი... მაშინ ბუხარიც გვქონდა სახლში, სანამ ძალიან არ მოვინდომეთ და რემონტს შევწირეთ ჩემი ბავშვობის სამალავი...
ჰოდა მახსენდება, როგორ ვისხედით ღუმელთან, ველოდებოდით შუქის მოსვლას, რომელიც მოსვლიდან ერთ საათში უნდა წასულიყო და მოგვესწრო ტელევიზორის განათება...
ველოდებოდით, როდის დააცხობდა დედა ქადებს... ჯერ სახლის საქმეები მოელია უნდა.
ველოდებოდით როდის შემოვიდოდა მეზობელი და ჩვენ წიგნებიდან თავის აწევის მიზეზი მოგვეცემოდა... ხან მაწვნის დედო უნდოდა მეზობელს, რომელიც შვილიშვილმა შეუჭამა და ვითომ გაცხარებული იყო ბავშვზე, ეს რა მიქნა, დამტოვა უმაწვნოდო, ხან - ფქვილი, ხან - წიგნი, უმიზეზოდ და მეზობლურადაც შემოდიოდნენ ზოგჯერ, მაშინ არც კოფე იყო, არც ინდური სერიალები, მაგრამ ისეთი იყო ის შემოსვლა, რომ ზეიმს ჰგავდა... ვისხედით დედის და მეზობლების გარემოცვაში და თავი იმ საზოგადოების წევრი გვეგონა მე და ჩემს და-ძმას, რომელთაც ყველაფერი იცოდნენ თამარაზე, მანანაზე, ნათელაზე, სკოლის დირექტორზეც კი...
როგორი განსაკუთრებული ხდებოდა მეზობლების მოსვლა, როცა მამიდა ჩამოდიოდა ქალაქიდან...
ჩამოდიოდა და მოჰქონდა სინათლე, შაქარი, პური, საპონი... მერე ყვებოდა, სოფელში რა გიჭირთ, ქალაქში უნდა ნახოთ რა ხდებაო... როგორ მინდოდა მაშინ ქალაქში წასვლა, ვერ ვაფასებდი სახლს, სადაც ამდენი მართალი მეზობელი იკრიბებოდა და ჭორაობაშიც ცამდე გულწრფელები იყვნენ...
ყვებოდნენ მათ გასაჭირზე, წიგნებზე, რომლებსაც ვერ ყიდულობდნენ შვილებისთვის, ფეხსაცმელებზე, რომლებიც უფროსებს დაუპატარავდათ და უმცროსებისთვის გადაინახეს, შეშაზე, რომელმაც წვიმიან ამინდებში გაშრობა ვერ მოასწრო და უჭირთ ცეცხლის დანთება, რომ წელს შარშანდელზე დიდი თოვლია და როდის წავა შევარდნაძე, რომ მერე ღმერთმა გადმოხედოს საქართველოს. ყველა ოჯახში იყოს შუქი, წყალი და ფარნიანი "ნოკია".
იჯდა მამიდა და რაღაცას იწერდა პატარა ბლოკნოტში. ვერასოდეს გავბედავდი, მივსულიყავი და მეკითხა, რას წერ-თქო, მაგრამ სულ მკლავდა ინტერესი, რას წერდა ერთი შეხედვით ძალიან პრაქტიკული, ძლიერი არარომანტიკული ქალი დღიურში, თუ რაც ერქვა იმ პაწია ბლოკნოტს..
მხოლოდ ის ვიცი, რომ დღე და ღამე ფუტკარივით შრომობდა, სოფელში ჩამოსვლითაც არ ისვენებდა, სულ რაღაცას აკეთებდა, ალაგებდა, ალამაზებდა...
ცხოვრების და ბაბუას ნაყიდი ნივთების მოფრთხილებას გვასწავლიდა...
მერე ქალაქსი პატარა ბინა შეიძინა, მერცხლის ბუდესავით მოაწყო, სტუდენტობა ამ ბინაში გავატარე ფაქტიურად, არასოდეს დამავიწყდება, როგორი სიხარულით მოჰქონდა საღამოს ჩემი საყვარელი საჭმელი, მეხვეწებოდა, ხორცი ჭამე, თორემ მოკვდები, ხომ ხედავ, რას გავხარო... ხორცს ვერ ვჭამდი, მაგრამ ცამდე მადლობელი ვიყავი, რომ სტუდენტობაში მისი წყალობით მქონდა ის, რაზეც ბევრი სტუდენტი ოცნებობდა... თბილი ბინა.
დილას ადრე გადიოდა, მზეს ასწრებდა გაღვიძებას. რაც არ უნდა ადრე ყოფილიყო, სამსახურში მაინც გარბოდა, სულ ჩქარობდა და განიცდიდა, არ დაგვიანებოდა, საოცარი პასუხისმგებლობის უნარი ჰქონდა... დილას აუცილებლად დამახვედრებდა საუზმეს, ზედ გადააფარებდა ქათქათა ტილოს და კარებში მომაძახებდა, მადლი ქენი და ჭამა არ დაგავიწყდესო...
ერთი ასეთი გაქცევის მერე მაგიდაზე წიგნაკი დარჩა. მარტო ვიყავით მე, წიგნაკი და ღმერთი, მაინც მძლია ცნობისმოყვარეობამ და გადავშალე... სავსე იყო სიისმაგვარი ჩანაწერებით...
,,ზაურის ცოლი ნათელა დიაბეტიანია, სჭირდება ინსულინი... მანანას უფროს შვილს აქვს 38 ზომა ფეხი...
გიორგის სჭირდება ორთოპედიული ფეხსაცმელი 30 ზომა...
დეიდაჩემს სჭირდება ორი მსუბუქი თავშალი და მატყლის წინდები, შავი ძაფი...''
და ასე უსასრულოდ გრძელდებოდა ჩამონათვალი, სადაც ხან ჩემი სოფლელი მეზობლების სახელებს ვკითხულობდი, ხან - მისი ქალაქელი ნაცნობების...
მერე დავხუჭე თვალები და გავიხსენე როგორ ჩამოდიოდა ,,პასილკები'' ხან ნათელასთან, ხან მანანასთან, ხან ციცოსთან და ზუსტად ის ნივთები ელაგა, რაც მათ შვილებს სჭირდებოდათ...
და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში...
მერე ბევრი რამ მოხდა, მამიდა დაასაკდა, დასევდიანდა, დადარდიანდა... სინანულით და თბილი მზერით ადევნებდა თვალს ფანჯრიდან საღამო ხანს სხვის შვილებს, შვილიშვილებს და ბედნიერ წყვილებს... როგორ არ უხაროდა...
უბრალოდ ადამიანური სევდა იყო საკუთარი ცხოვრების არქონაზე...
ნეტავ სიკვდილში მაინც გამიმართლებდესო, გული მისკდებოდა, ამას რომ ამბობდა... არც მესმოდა კარგად, რას გულისხმობდა...
მერე მივხვდი, როცა გარდაიცვალა.
რამდენიმე წლის წინ ჩვეულებრივი ფაციფუცით სამსახურში არ მივიდა დილაადრიან. უფროსმა მოიკითხა... ბინის კარები შეამტვრიეს მეზობლებმა, მამიდას მშვიდად ეძინა მის მერცხლის ბუდესავით პატარა ბინაში, ქათქათა საწოლში, სამუდამო ძილით...
ადამიანი ,რომელიც დააკლდა მზეს...
წავიდა და დამიტოვა მისი ნაყიდი აკვანი...
ანა ლაშხელი-ონიანი