ვისწავლოთ ფულის კი არა, დედების სიყვარული... გამარჯობა!
ალბათ ეს ყველაზე სწორი ფორმაა წერის დასაწყებად…
მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,
ისიც არ ვიცი საიდან დავიწყო,
ტკივილები გამოვხატო,
მონატრებები თუ
წინ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული სიხარულები…
ალბათ ბოლო ყველაფერს გადასწონიდა,
ღრმა მონატრებები რომ არ იყოს, სულის ნაპრალებში ძლიერად გამჯდარი…
მე საკუთარ ქვეყანას, კონტინენტებით და ოკეანეებით გავცდი,
სამსახურის კი არა, საკუთარი თავის საპოვნელად.
მარტო დარჩენილს ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის.
საკუთარი თავის რა მოგახსენოთ,
მაგრამ თითოეული ემიგრანტის
ემოცია და ცრემლი ვიპოვე,
შევაგროვე და
მომაქვს,
საკუთარ ბარგთან ერთად საკუთარ
ქვეყანაში,
საკუთარ ადამიანებთან,
რომ ნახოთ,
რომ იგრძნოთ,
რას განიცდიან ჩემნაირი ადამიანები,
თქვენნაირი ადამიანები,
სხვის მიწაზე,
სხვის სახლებში,
სხვისთვის მომუშავეები…
უვლიან სხვის ბავშვებს,
და სული ეწურებათ საკუთარი შვილიშვილების ნახვის სურვილით,
რომლებსაც კომპიუტერის ეკრანებიდან ეფერებიან,
რომლებმაც მხოლოდ ის იციან, რომ
იქ სადღაც,
საზღვრებს გარეთ ბებიები ცხოვრობენ,
რომლებიც ფულისთვის და საჩუქრებისთვის არიან წასულები…
ამ დროს გაზულუქებული კაცები
ნეკათითზე გაზრდილი ფრჩხილით იჩხიკნიან კბილებში გაჩხერილ,
ცოლის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი ხორცის ნარჩენებს…
ან განსხვავებული სასმისით ცოლების სიყვარულის და ქალების პატივისცემის
სადღეგრძელოს სათუთად ჩაიქცევენ ხოლმე მუცელში…
კაი შეზარხოშებულები,
მკერდსავსე და ხორციანი ქალების კაბისქვეშ ნაზად შეაცურებენ ხელს,
კაცია და ორგანიზმი თხოვს! რა მოხდა მერე!
მთავარია, იქ მისი ცოლი არავის აძლევს! განაგრძეთ კითხვა