" ისე გავბრაზდი, როგორც მანამდე არასდროს..." - რა გააკეთა ბებიაზე გაბრაზებულმა შვილიშვილმა, რომელიც შემდეგ მღვდელი გახდა ბებიაჩემს და მე ერთმანეთი არ გვეპიტნავებოდა. 9 წლის ვიყავი, აუტანელი, უკნიდან მივეპარებოდი და შევაშინებდი. „უჩა დიხაშ ქუმიძირუნ სქან დუდი!“- მომაწყევლიდა. სიცილით გავიქცეოდი და შემდეგი ოინისთვის ვიქოქებოდი. სათესლე სიმინდს ახალ სიმინდში გავურევდი, გასაშრობად გაფენილ სარეცხს დავასველებდი, მეორე დღესაც ვერ შრებოდა.
ერთხელაც, სათოხნად მოსულ მეზობლებს უმასპინძლდებოდა. რაღაც გავაფუჭე ალბათ, მიყვირა: „გოჭყორდი თუთაშხას!“ და ჩემთვის ნაჩუქარი წითელი ათმანეთიანი, რომელიც მას ჰქონდა მიბარებული, სათოხარზე მოსულ მეზობლის ბიჭებს მისცა. ისე გავბრაზდი, როგორც მანამდე არასდროს. მეორე სართულზე ავირბინე იმ განზრახვით, რომ მისი სამლოცველო კუთხე ამეყირავებინა. სამლოცველო, ეს ბნელეთის მავნე გადმონაშთი იმ სულელებისა, ვინც ცაში რაღაც ღმერთს უყროყინებს „უფალო შეგვიწყალეეეე! უფალო შეგვიწყალეეეე!“ ახლა გაჩვენებთ შეწყალებას! ახლა მიყურონ!
მივვარდი გიჟივით, ირგვლივ არავინ იყო. მაგრამ ვუცქერდი მბჟუტავ კანდელს, გახუნებულ ხატებს და მიკვირდა, რა მაჩერებდა ავი ჩანაფიქრის განხორციელებისგან. ჩემთვის ხატებს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ, როგორც „ნაცარქექიას“ ილუსტრაციებს. ვიდექი დიდხანს, გაოცებული, თითქოს დამბლადაცემული, რომელსაც ხელები აღარ ემორჩილება. თითქოს ვიღაცამ უხილავად გამიღიმა, დამამშვიდა და გამომაბრუნა. ვუცქერ ხოლმე სალოცავ კუთხეს, რომელიც დროთა განმავლობაში ჩემს სახლში შეკოწიწებულა. ის ნაცნობი, უხილავი ღიმილი ისევ ჩემთანაა. ბებიას ლოცვებში ვხვდები ხოლმე. მისთვის დამახასიათებელი, მოტკბო სუნი, ბავშვობაში რომ მძულდა, საკმევლის სუნი ყოფილა. ხანდახან საკმევლის აუნთებლადაც მომწვდება ხოლმე, ვიცი, რომ „შემომიარა“. სადღაც აქვე, ჩემი შვილიშვილი იზრდება.
მამა იოსები