დედა, რომელმაც ბავშვთა სახლში მიაკითხა შვილს... ერთი მასწავლებლის ემოციური მოგონება:
"ბავშვთა სახლში წავიყვანე სადამრიგებლო. საახალწლო საჩუქრები წავუღეთ. პოეზიის საათი მოვუწყვეთ. მოვეფერეთ. ითამაშეს.
სევდა დაკრავდა შეხვედრას. გული ბრაზით მევსებოდა. დედამ როგორ უნდა დატოვოს შვილი...
გამოვდიოდით, როცა ერთ ბიჭუნას დედამ მოაკითხა. სადარდებელზე დარდი დამემატა. ქალი უნდა გენახათ - პატარა, გამხდარი, დაძარღვული ყელით და ხელებით. სიცივეში ჟაკეტი ეცვა. გადაბრეცილი ფეხსაცმელები. მანაც მოუტანა თავის პატარას საშობაო საჩუქარი - ცელოფანში ორი ფორთოხალი, ორცხობილა და ცოტაც კამფეტი.
...ბიჭი ამაყი იყო, რომ მეგობრები გაიჩინა. დედას სათამაშოები აჩვენა.
თვალს ვერ ვუსწორებდი. მე ხომ ის განვიკითხე. არც კი ვიცნობდი... უმწეო არსებას არ შეეძლო, მეორე უმწეს შველა! საშინელი წლები იყო... გადარჩენისთვის ბრძოლა.
გადარჩნენ?!"
მადონა თედორაძე