მაგ დედობრივ გრძნობაზე დგას აქამომდის სამყარო. და ყოველი არსი შექმნილა საბრძნით - წასაკითხი ამბავი ეს ამბავიც დიდი ხნის წინათ მოხდა. დეიდა მოფრიმ გამოიყვანა ნაზამთრალი კრუხები, მონიშნული კვერცხებიც მოაყოლა, სადაც ეწერა – მარტის 2, აპრილის 5. უფრო ადრეულები გადადო, როგორც უვარგისი, და კრუხებს გადახედა... დაკვირვებით და დაფიქრებით...
მერე გამოაცხადა: – აი, ქოჩორა არ ივარგებს, მისი წიწილებისთვის არ უქნია ღმერთს... ჭრელა ლამაზია, მარა რად გინდა, არ დაუდებს გულს, გააციებს ბუდეს...
ბოლოს ერთი, გამხდარი შეარჩია.
- მაი, ვარიკა არაა, დეიდა? – ვეუბნები.
- არა, აი, ამფერი დარჩება მისდღემჩი, კრუხია და აბდალა თანაც, მაგათ ასაკი არა აქვთ!..
დეიდას იხვის კვერცხები ჰქონდა და აბდალა კრუხი შეარჩია. ნაცადი ჰყოლია - ხან ბატის კვერცხს, ხან – იხვისას, ინდაურისას, ყველას ერთნაირი ზრუნვით უვლის და ევლება თავსო.
დასვა აბდალა კრუხი კვერცხებზე. ვადევნებ თვალ-ყურს, არაფერი გამომეპაროს.
მთლად გახდა და გაილია აბდალა. ერთხელ, ისიც იძულებით, ამოიყვანს დეიდა ბუდიდან, მოაშორებს კვერცხებს, რომ შეჭამოს... რად გინდა, თვალი გადმოგდებული აქვს, გულის ხმა გაღმა გაისმის, გაუდის ქოთქოთი... მოკენკავს მცირედს და მიუშვებს დეიდა: –
წაი, შე აბდალა, არსად გაგექცევიანო.
გადაეფოფრება, გაიფხორება, ერთი ციდა ქალი გადაიქცევა მთლად სამყაროდ და გაიყურსება – იცის თავისი უმთავრესი საქმე!..
დრო მიწიკწიკებს და ერთ დღესაც გამოამტვრევს პაწია, ყვითელი ნისკარტით ნაჭუჭს, ლიბრიანი თვალებით გამოგვხედავს და უკვე ჭუკია. გადატრიალდება და უნდება გადმოტრიალებას, ტაკო აქვს სქელუა... ასე დაიჩეკნენ იხვის ჭუკები და არ შეუმჩნევია, არ შეუცხადებია აბდალა კრუხს. დასტრიალებდა და დაქოთქოთებდა თავს... მართლა არ აკარებდა ცივ ნიავს...
გაზაფხულის ერთ თბილ, და როგორც სოფლელები ამბობენ, შეგნებულ ამინდიან დღეს კი გამოიყვანა დეიდამ ეზოში დედა-შვილები. იჭივჭივეს, იჟივჟივეს, ნორჩ ბალახს მისწვდნენ. არაფერი იუცხოვეს და გაიკვირვეს ჭუკებმა და იქვე, ეზოში ჩამონადენ აჭის წყალს რომ გადაეყარნენ, იშვირეს ფეხი და შეცურდნენ... მაშინ გენახათ ჩვენი აბდალა კრუხი.
შევარდა ერთი შევარდნა და არა იყო გვარი მისი! - გამოვარდა უკან და გაჰყვა ქოთქოთით და კრიახით. გადმოსცვივდა თვალები, დარჩა პირი ღია. მართლა მოსასულიერებელი გახდა, სანამ მიწას არ დაუბრუნდნენ ეს უცნაური შვილები. დაიბინავა ბუდეში... ამოუკეცა ფრთები და ნელ-ნელა მიწყნარდა. უხ, უხო – წამოისროდა შიგადაშიგ, ძილშიც ჩაყოლოდა დარდი. ასე დაზარდა. ასე ვაი და ვიშით...
რა დრო გავიდა და ახლა რომ მყოლოდა ჩემი დეიდა, ვეტყოდი – იცის, დეიდა, ყველაფერი იცის. მაგას ძაღლის ლეკვი რომ შეუსვა, იმასაც მასეთი ამაგით გაზრდის. ბუნებითაა მასეთი. რჩეულია, ნიშნიანი. აბდლობით არ მოსდის. სხვაგვარად არ შეუძლია. მაგას შენ კრუხი უძახე და მაგ დედობრივ გრძნობაზე დგას აქამომდის სამყარო. და ყოველი არსი შექმნილა საბრძნით.
მადონა თედორაძე