"მაღლები უნდა ჩამეცვა. არა, წითელი არა, შავები, ის უფრო მაღალია... თმაც უნდა ამეწია, ამეჩეჩა. ცოტა მაინც..." მაღლები უნდა ჩამეცვა. არა, წითელი არა, შავები, ის უფრო მაღალია. თმებიც უნდა ამეწია, ამეჩეჩა. ცოტა მაინც... ნუ, თვალია, ჭამს, სვამს!..
რაღა სპორტულ კლასში შემაგდეს! რამხელები არიან! ესენი არიან თექვსმეტი წლის და მე - ოცდახუთის? – ამას ვფიქრობ და ვცდილობ, ნაფიქრალმა არ გამომაყაროს, შეიძლება პირდაპირი გაგებითაც... თითქოს ვერ მამჩნევენ... ცოტაც და დავრწმუნდები, არ უნდა ვიყო აქ... ამათ არა, მე მეშლება. ალბათ ჯერ კიდევ დერეფანში ვარ და ნერვიულობისგან წარმოვიდგინე, რომ შემოვედი. ასე დახვეწილად "არ მიმჩნევენ"!
ამათ ჩემს მოთმინებაზე წარმოდგენა არ აქვთ და გამოწვევის მიღების მსგავსი დიდოსტატიც ხომ ამ საკლასო ოთახს არ ახსოვს!.. მაგრამ დროს კი მივცემ...
უპრატესობის შეგრძნება მეუფლება და ვმშვიდდები. სკამი მაინც შევამოწმე. რა იცი, რაზე გსვამენ პატარა ტარტაროზები... მე ხომ ვიყავი თქვენხელა და უფრო შებერტყილი...
ახლა კარი ფართოდ გამოხსნა ჯეელმა. - იფ, – გავიფიქრე და გავხალლისდი. ხელში დიდი, ორთქლიან-ცვრიანი საზამთრო ეჭირა. აშკარაა, ჭამას აპირებენ! ნათელია, მაგრად მუხანათობენ!
ფეხების ბაკუნი, აწეული ხმა, სინდისზე აგდება... და უარესი – დირექციის დაძახება და დასრულდა შენი მასწავლებლობა... პირველივე სექტემბერს!..
ჰოდა, სწორედ მაშინ, ის ჯეელი დანით ოპერაციის ჩატარებას რომ იწყებს, გავძახი:
- აქ მოიტანე, მაგიდა რისთვისაა?!
სხვას ელოდნენ. ცოტა შეცბნენ, მაგრამ მაგიდაზე დააბრძანეს ცივი, ოფლიანი საზამთრო. ცხელა. ახლა ჩემი ცელქობის დრო მოვიდა. ვწვდი სადავეებს და აწი აღარ გავუშვებ – მთავარია, ლიდერის ამოცნობა შეძლო. ჰოდა, მივაგენი.
- შენ დაჭრი, – ვეუბნები, – გაითვალისწინე, გ უ ლ ი ჩემია... შენ კი კართან სადარაჯოდ დადგები, არვინ შემოგვისწროს, მაგათი თავი არ მაქვს, – ამას მეორე მაგარ ბიჭს ვთხოვ...
ყველაზე გემრიელი საზამთრო ცხოვრებაში... ყველაზე საყვარელი კლასი...
ყველაზე საყვარელი გოგო-ბიჭები...
მადონა თედორაძე