"ერთი უბრალო ქალის ისტორიას გიამბობთ, ერთი უბრალო და უსაშველოდ ნატანჯი ქალის ისტორიას..."
ერთი უბრალო ქალის ისტორიას გიამბობთ, ერთი უბრალო და უსაშველოდ ნატანჯი ქალის ისტორიას. რატომ? რით გამოვარჩიე? აგიხსნით: დამეთანხმებით, რომ დღეს, მიზეზთა მრავალთა და მრავალთა გამო, ისე ძლიერად გაიდგა ფესვი ბოღმამ, სიძულვილმა, შურმა და სიხარბემ, თითქოს ყველა ადამიანურმა მანკიერებამ ერთად იფეთქა და სრულიად ერი დააავადა. ცოტაა, ძალიან ცოტა ისეთი, ბედისწერამ იობის განსაცდელი რომ აგემა, ფსკერისთვის გაიმეტა, მაგრამ, საკუთარი ძალისხმევისა თუ უფლის წყალობით არ დაეშვა ფსკერზე, ცხოვრების ლიპ კედლებს ჩაებღაუჭა და ასე, ფსკერსა და ზედაპირს შორის გახიდულმა, ადამიანობა შეინარჩუნა - არ გაავდა, არ გაბოროტდა, არ დაიბოღმა, არც გამჩენი დაგმო და არც გაჩენის დღე. აი, სწორედ ასეთია ვისზეც გიამბობთ ახლა (სახელი შევცვალე მხოლოდ)...
წუთისოფლის შვილი არ არის, წუთისოფლის გერია ლილი. პატარა, დარდისგან გალეული ქალია, მეორე შვილის სიკვდილის მერე შავი არ გაუხდია. თავს წინ წახრის და გაჩქარებული ნაბიჯებით მიდი-მოდის ხოლმე. წლებია თბილისის ერთ ძველ უბანში გაზეთებს ყიდის. უყვარს თბილისი, აქ აიდგა ფეხი, აქ გაიზარდა, აქ შეუყვარდა, აქ ეომა ცხოვრებას. თბილისსაც უყვარს ლილი. რაც ბედისწერასთან ბრძოლაზე ხელი ჩაიქნია, თვალებიც ჩაუქრა, მხოლოდ დროდადრო, როცა ნათელ წუთებს იხსენებს წარსულიდან, მაშინ აუგიზგიზდება ხოლმე. იობის ბედი გაჩენის დღიდან დაჰყვა საბრალოს. დაბადებისთანავე მიუტოვებია ბიოლოგიურ დედას. ხარფუხში ცხოვრობდა მაშინ ლილის მომავალი ოჯახი, 9 წელი ელოდნენ შვილს. რა აღარ იღონეს, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი გზა დარჩათ და ბავშვთა სახლში მიიყვანათ ამ გზამ. ჩვენი ლილი შესთავაზეს, მოეწონათ პატარა , შავტუხა გოგო. სიხარულით აიყვანეს. ფეხბედნიერი გამოდგა პაწაწინა ოჯახისთვის, რამდენიმე თვეში 9 წლის უშვილო ქალი დაფეხმძიმდა. გაგიკვირდებათ და გადაუწყვეტიათ უკან, ბავშვთა სახლში დაებრუნებინათ პატარა. ახლობლები შემოსწყრნენ თურმე ცოლ-ქმარს, შეუძახეს - თქვენი შვილი ჰქვია უკვე, კიდევ ერთხელ ნუ დააობლებთ, ღმერთმა არ გიწყინოთ, ერთად გაზრდით ორივეს, ხელი მოგემართებათო. მშობლებმაც, ღვთის შიშით იყო თუ საკუთარი ნებით, დაიტოვეს...
ახლა, როცა იმ წლებს იხსენებს, ფიქრობს: ბედმა კი არ გაუღიმა მაშინ, უბრალოდ ზურგი არ აქცია, ესაა და ეს. მშობლებს საკუთარი, ნანატრი შვილი გაუჩნდათ თუ არა, მისმა სიყვარულმა დაჩრდილა აყვანილი შვილის სიყვარული. ამ განსხვავებას ხშირად გრძნობდა გოგო, საკუთარს ანებივრებდნენ, ხან ბეჭედს უყიდდნენ, ხან საათს. ხომ არაფერი, მაგრამ მაინც, ულაქავდებოდა სული პატარას. არ გაბოროტებულა მაინც, არასდროს დაბოღმილა არც დაზე და არც მშობლებზე. ლაღი და ხალისიანი იყო მაინც.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
სკოლას ამთავრებდა მაშინ, პირველი სიყვარული რომ ეწვია. მათი უბნელი იყო ბიჭიც. ერთგულებას ეფიცებოდნენ ერთმანეთს. როგორც პირველ სიყვარულს სჩვევია, ამ ფიცისაც სჯეროდათ და ერთმანეთისაც. ქვეცნობიერად ყოველთვის ოცნებობდა გოგო, ვინმეს სიცოცხლეზე მეტად ჰყვარებოდა, ვინმესთვის ჰაერივით აუცილებელი ყოფილიყო - ეს ხომ ისე აკლდა, ისე აკლდა... მაგრამ ეეეეჰ, მთელი ცხოვრება ასე ხდებოდა, რომ ეგონა, ბედი მისკენ მოტრიალდა და გაუღიმა, მირაჟი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
მამამ რუსეთში წაიყვანა ბიჭი სამუშაოდ: მოძლიერდები, წელში გაიმართები და ცოლსაც მოიყვანო. წავიდა და წავიდა ბიჭი. პირველ ხანებში წერილებით ეხმიანებოდა შეყვარებულს. მერე შეწყდა წერილები. დრო გადიოდა, ხმა აღარ ისმოდა მისგან. კარგა ხანს ჯიუტად ელოდა ლილი. პირველ სიყვარულზე მეტად, ოცნებით, რომ მომავლის კოშკი ააგო, მისი დანგრევა ენანებოდა. გულის სიღრმეში ხვდებოდა, კოშკი კი არა ხუხულა იყო, დასანგრევად განწირული და რაც მალე შეელეოდა, მით უკეთესი. ტკიოდა უიმედო ლოდინი. ამ ლოდინში გაიზარდა, ტექნიკუმიც დაამთავრა. მშობლები რატომღაც ჩქარობდნენ მის გათხოვებას. თაყვანისმცემელიც გამოჩნდა თუ გამოუჩინეს. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, უსიყვარულოდ სულ ერთი იყო ვის მისთხოვდებოდა, ჰოდა დათანხმდა. გაიშალა პატარა, საქორწილო სუფრა. ერთი სიმბოლური ფაქტი: მათ კარის მეზობელს, ძველებური, „ცხვირიანი“ ავტობუსი ჰყავდა. თბილისელები კატაფალკად ქირაობდნენ. როგორც მეზობელმა, პატივი სცა და უფასო ტრანსპორტი შესთავაზა მაყრიონს. ამ კატაფალკით წაიყვანეს სიძე-პატარძალი. კაცმა რომ თქვას, განწყობაც ეგეთი ჰქონდა ლილის - თითქოს კი არ თხოვდებოდა, მიასვენებდნენ.
მერე, როგორც ხდება ხოლმე, სიყვარულითა თუ უსიყვარულოდ, წლები მიდის, ცხოვრებასა და ოჯახსაც მიიყოლებს ინერციით თან. ერთი უწყინარი, მშრომელი და უპრეტენზიო კაცი იყო მისი ქმარი, ცუდი არაფერი ეთქმოდა, მაგრამ გულმა ვერ მიიღო ვერაფრით.
არ აჰყვა გულისხმას ლილი, არ გაავდა, არ გაბოროტდა, გულმოდგინედ შეუდგა თავისი ბუდის მოწყობას. ოთხი შვილი გაუჩნდათ, მათგან ერთი, სულ პატარა გარდაეცვალათ. სამ შვილს ზრდიდა, თან მუშაობდა. სწორედ ამ წლების ამბებს მიყვება თვალებანთებული: „ახალდაბის“ საძინებელიც შევიძინეთო, ბავშვებს პიანინოც ვუყიდეთ და ყველაფერს ვახერხებდით, რაც ჭირდებოდა ოჯახსო... რომ ეგონა, ამოისუნთქა, რომ ეგონა, ის და მისი ბედი შერიგდნენ და ერთმანეთს გაუღიმეს, სწორედ მაშინ, ახალი განსაცდელი დაატყდა თავს - უმცროსმა შვილმა ანთებულ გაზზე რბილი სათამაშო დატოვა. ისე სწრაფად მოედო ხანძარი ოთახებს, ვერაფრით უსაშველეს. სულ ჩაიწვა და ჩაიფერფლა წლობით ნაშრომ-ნაამაგარი. ამას ქმართან უთანხმოებაც დაემატა და მალე სულ მარტო დარჩა ქალი, სამ შვილთან და ერთი შვილის საფლავთან, ჩანაცრული სახლითა და ბედისწერით.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მაინც არ დაუწყევლია გამჩენი და გაჩენის დღე, არ გაავდა, არ გაბოროტდა. იობის მოთმინებითა და შრომით, უკვე საკმაოდ დამძიმებული ჯვრით მხრებზე სცადა წამოდგომა. ძველი თბილისის ერთ მაღაზიაში მოლარედ მოეწყო. ნელ-ნელა წამოდგა კიდეც, ოჯახიც წამოაყენა. ერთხელ კიდევ გაუღიმა ბედს საბრალომ, ჰო, ისე, თავდახრილმა გაუღიმა, ეშინოდა თავის აწევის და თვალის გასწორების, ეშინოდა, ბედისწერის სახეზე ახალი განსაცდელი არ დაენახა... იმ წლების ფოტოები მაჩვენე-მეთქი, ვთხოვე. მომიტანა ხანძარს გადარჩენილი, თავის ცხოვრებასავით გვერდებშემომწვარი ფოტოები. ისეთი ტკივილით ვათვალიერებდი, თითქოს მეც ხანძარი წამიკიდესო გულზე - მე ხომ ფრთებდაჭრილი, გალეული, ბედთან ჭიდილზე ხელჩაქნეული და ჩაშავებული ლილი გავიცანი 8 წლის უკან, ფოტოებზე კი, რა ახალგაზრდაა, თეთრი, ქათქათა კაბები აცვია, ზოგ ფოტოზე გამოპრანჭულ და მოწესრიგებულ შვილებთან ერთადაა, ზოგზე კი - სამსახურში, თანამშრომლებთან ერთად, თეთრ ხალათში გამოწყობილი...
ერთ მშვენიერ დღეს (თუმცა, ჯობდა ეს დღეც სხვა დღეების მსგავსად ჩვეულებრივი და ნაკლებ მშვენიერი ყოფილიყო), შემთხვევით, მისი სამსახურის წინ მანქანა იმან გააჩერა, იმ პირველმა... "რომ დავინახე, უცნაური რამ დამემართაო, სიკვდილის წინ რომ მთელი ცხოვრება გაგიელვებს თვალწინ, სწორედ ასე ჩამირბინა ჩემმა გაუხარელმა ცხოვრებამ. ეგებ, შემთხვევით არც იყო, ეგებ არც არაფერი ხდება შემთხვევით. გავშრი და გავქვავდი, მეგონა, ისევ ბოროტი თამაში გადაწყვიტა ჩემთან ბედმაო", - კარგა ხანს იკავებდა თურმე თავს. რასაც პირადი ერქვა, კარგა ხანია გულგრილობის ფარდა ჩამოაფარა, გაუჭირდა ფარდის გახსნა. თან გრძნობდა, ეს ურთიერთობა სიხარულზე მეტად, ტკივილსა და განსაცდელს მოუტანდა. მაგრამ მასში ხომ ბავშვობიდან იყო არაბუნებრივი, მძაფრი სურვილი, ვინმეს სიცოცხლეზე მეტად ჰყვარებოდა, ვინმესთვის ჰაერივით აუცილებელი ყოფილიყო, ეს ხომ ისე აკლდა, ისე აკლდა... მოურეველი იყო ეს სურვილი, ჰოდა, მიენდო მაინც, ამ სურვილს და პირველ სიყვარულს. ამ ურთიერთობას ნაბოლარა შვილი მოჰყვა - გოგონა. თითქოს, ბედნიერიც იყო ერთხანს, მაგრამ, აკი გითხარით, წუთისოფლის გერია-მეთქი: კაცისთვის ეს ურთიერთობა სიყმაწვილის მონატრება და გულში ჩარჩენილი ბავშვური სურვილის ასრულება უფრო იყო, ვიდრე დაღვინებული გადაწყვეტილება. ვერ დაუდგა გვერდით, ვერ უერთგულა ისე, როგორც ჭირდებოდა ქალს. მის გვერდითაც მარტოსულად გრძნობდა თავს...
დაიღალა ლილი, ძალიან დაიღალა. იმედგაცრუების მიუხედავად, არ გაბოროტდა მაინც, არ გაავდა. დილიდან დაღამებამდე შრომობდა, რომ შვილებს საკვები მაინც ჰქონოდათ. ფიქრობდა, გაიზრდებიან, შემეხიდებიან, ჯვარს შემიმსუბუქებენო. მძიმე, ძალიან მძიმე 90-იანი წლები იყო მაშინ. ძნელი იყო, ოჯახის რჩენაზეც გეფიქრა და შვილებისთვისაც სათანადო ყურადღება მიგექცია, ჰოდა, იობის მორიგი განსაცდელი მის დედობას დაეწია: ერთი ვაჟი დაავადებული დაბრუნდა ჯარიდან. დაოჯახდა, მაგრამ ავადმყოფობა მოერია და მალე გარდაიცვალა... მეორე ვაჟი, ბავშვობისას ნიჭიერი და ბეჯითი, ქუჩამ წაართვა და აღარ დაუბრუნა. ნაბოლარა გოგომ, იმ პირველი სიყვარულის ნაყოფმა, მძიმედ გადაიტანა გარდატეხის ასაკი, მასშიც შეეცილა ქუჩა ლილის, მაგრამ ვერ წაართვა... ოჯახი აქვს ახლა და ორ ულამაზეს შვილს ზრდის. ერთადერთი,
უფროსი ქალიშვილი, მისი სიყრმის შვილი, მალამოდ დაედო ქალის ნატანჯ ცხოვრებას, ბავშვობიდან ჭკვიანი და გონიერი იყო. არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა. ჰო, მხოლოდ შვილიშვილების შეხედვა თუ გააახარებს ახლა. თავად მეორე შვილის საფლავთან დაყარა მოკვეცილი ფრთები, ხელი ჩაიქნია ბედთან ჭიდილზე, ნატანჯი „მე“ სადღაც, ძველ თაროზე შემოდო, გვერდით მიუწყო ბავშვობისდროინდელი აუსრულებელი ოცნებები. ნიღაბი მოირგო - „უკვე ყველაფერი სულ ერთია“ აწერია ამ ნიღაბს . ზაფხულის ხვატსა თუ ზამთრის სუსხში ქუჩაში გაზეთებს ყიდის. დროდადრო „ასი გრამით“ შეთბება ხოლმე, ზედ „პაპიროსს“ მიაყოლებს... ასეთი გავიცანი 8 წლის უკან - ბრძოლადამთავრებული და ბედს შეგუებულ-მინდობილი, ფსკერისთვის გამეტებული და ფსკერამდე არდაშვებული, საოცრად უბოროტო, ალალი გულითა და შესაშური პატიოსნებით. მოვა ხოლმე ჩვენი სამსახურის სარკმელთან, ყავას მოვუდუღებთ, მივაწვდით. ნება-ნება სვამს, არასოდეს მოგახვევს თავს გადატანილს, არასოდეს იხსნის “სულ ერთიას“ ნიღაბს, მხოლოდ იშვიათად, ძალიან იშვიათად შემოაწვება ნაღველი, დანანებით ჩაილაპარაკებს - ნეტავ ის მაინც მაცოდინა, სინამდვილეში ვინ ვარ, ვისი ჯიშ-ჯილაგისო - ამოიოხრებს და ისე ძლიერად მოქაჩავს „პაპიროსს“, ასე მგონია, კვამლს თავის ნაფლეთებად ქცეულ სულსაც ამოაყოლებს, - ეჰ, გამზრდელი დედაც დედინაცვალი იყო და ცხოვრებაცო, - თვალებში დარდი ჩაუდგება ხოლმე ამ დროს.
ვამშვიდებ - ნუ გეშინია-მეთქი, ლილი, სამაგიეროდ თბილისია შენი ღვიძლი დედა, არასოდეს გაგიმეტებს და გიღალატებს, დედამ გაგაჩინა, თბილისი კი დაგარჩენს-მეთქი - შემომხედავს, სიხარული გაუკრთება თვალებში, გამიცინებს, გამეხუმრება და დაუბრუნდება ისევ თავის ჟურნალ-გაზეთებს... და მე ვფიქრობ: თბილისს, ქვეყანას და ზოგადად დედამიწას ასეთები უფრო უხდებიან, ჰო, ასეთები, იობის განსაცდელი რომ აგემათ ბედმა და მაინც არ გაბოროტდნენ, არ გაავდნენ. ცხოვრება მოერიათ, მაგრამ ბოროტება - ვერა. ქრისტეს ათივე მცნება ხომ იმას გულისხმობს, რომ ისე უნდა იცხოვრო, არავის ავნო, არც საქმით, არც სიტყვით, არც ფიქრით. ასე ცხოვრება შეძლო ლილიმ. კიდევ მგონია, როცა უფალი ცოდვით დამძიმებულ სულებს მოივლის, დაღლილი, ასეთ უბრალო და ნატანჯ სულში ჩაიმუხლავს, დაისვენებს...
პ.ს. რა ხანია ლილის ისტორია მაქვს დაწერილი, აქ ატვირთვა კი ერთმა ფაქტმა გადამაწყვეტინა: ყველას გვეტკინა ცნობილი ჟურნალისტის შვილის სიკვდილი, ისიც გვეტკინა, ცაში ანგელოზად აფრენილს ტკივილად რომ გააყოლეს დედამისის მიმართ აქ, ინტერნეტ-სამყაროში გესლად ამოფრქვეული ბოღმა და შური. იმ დღეებში ვფიქრობდი, ალბათ, ერთგვარი გმირობაა საკუთარი სული გაწმინდო ჭუჭყისგან და ისე იცხოვრო არავის ავნო, თუნდაც გესლიანი სიტყვით, რადგან ავ სიტყვას მომაკვდინებელი ძალა აქვს. კარგია, რომ ლილისნაირებიც არსებობენ და გაცილებით მაღლა დგანან, ვიდრე კლავიატურას ამოფარებული, კურდღლებივით საკუთარ ჩირგვებში შემალული პატარა ადამიანები, იმათზე მაღლაც დგანან, სულს რომ 30 ვერცხლად ყიდიან და ამ ვერცხლის ფასად სკამებს ყიდულობენ...
მალე ბრწყინვალე აღდგომას ვიზეიმებთ, აღდგომამდე უფლის ჯვარცმის ტკივილი უნდა განვიცადოთ. თანაჯვარცმა ძნელია, სამოთხიდან განდევნილი ადამის მოდგმა ვართ მაინც, თანაგანცდა კი ყველას შეგვიძლია... მე ვისურვებდი, ჩემმა ერმა სახადივით მოიხადოს სიძულვილი, შური, ბოღმა და მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს, თითოეული ჩვენგანი, საკუთარ სულში აგებული პატარა ტაძრით შევხვდეთ, ისეთი ტაძრით, ჩემი ლილი გაუცნობიერებლად რომ დაატარებს თან...
რუსუდან კაციტაძე