ახალმა განცდებმა კედელი აღმართა აწმყოსა და წარსულს შორის... მშობლებს, რომლებსაც საინტერესო ამბების კითხვა გიყვართ, ჩვენი საიტი წიგნების ონლაინვერსიებს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, წიგნის ყიდვა მაღაზიებშიც შეგიძლიათ, მაგრამ ინტერნეტში კითხვას, კომპიუტერით თუ მობილურით, თავისებური კომფორტი ახლავს. თანაც ჩვენი რუბრიკა ახალ წიგნებს სრულიად უფასოდ წაგაკითხებთ.
ნაწარმოების გაგრძელება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს გამოქვეყნდება.
ეს ცნობილი ოაპონელი მწერლის იუკიო მისიმას გახმაურებული რომანია - "სიკვდილი შუა ზაფხულში". რომელშიც გამაოგნებლად რეალისტურად აღწერილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ამბები, რომელსაც ერთ დღეს ორი შვილი ერთად გარდაეცვლება... როცა
ცხოვრება
ამით არ მთავრდება და როცა ცხოვრებას სხვა გაგრძელებებიც აქვს - რომანი ამაზეა, და ადამიანის ჩვეულებრივ განცდებსა და სისუსტეებზე... წაიკითხეთ და განიცადეთ გახმაურებული რომანი, გაგრძელებებით, ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე.
დასასრული
* * *
შუა ზამთარში ცხადი გახდა, რომ ტომოკო ორსულად იყო. ამ მომენტიდან მივიწყებამ მის სულში უკვე სრული უფლებით გაიდგა ფესვები. მასარუსა და ტომოკოს მანამდე ასე არასდროს უღელვიათ: დაუჯერებელი ჩანდა, რომ ყველაფერი ბედნიერად ჩაივლიდა, უფრო ბუნებრივად ეჩვენებოდათ ცუდი შედეგი.
მაგრამ ორსულობა ნორმალურად ვითარდებოდა. ახალმა განცდებმა კედელი აღმართა აწმყოსა და წარსულს შორის. სინამდვილეში სულიერ ჭრილობას უკვე მოესწრო პირის შეკვრა და ახლა ისღა დარჩენოდათ, საკუთარ თავში ეპოვათ ძალა ამის აღიარებისთვის; ბავშვის მოლოდინმა ტომოკოს მისცა ეს ძალა.
მეუღლეებმა ვერ მოასწრეს ბოლომდე გარკვევა, მაინც რას ნიშნავდა მათ თავს დამტყდარი უბედურება. იქნებ არც იყო საჭირო რაიმეში გარკვევა? ტომოკოს მიერ გადატანილ სასოწარკვეთას არც ისე ცოტა შემადგენელი ნაწილი ჰქონდა. სასოწარკვეთა იმის გამო, რომ მის თავს გადახდენილმა კოშმარმა ჭკუიდან არ შეშალა; სასოწარკვეთა, საკუთარი საღი აზროვნებით გამოწვეული; სასოწარკვეთა იმის გაცნობიერების გამო, რამდენად მყარი და მდგრადია ადამიანის ნერვული სისტემა - სასოწარკვეთის ყველა ეს სახეობა მან სრულად შეიგრძნო. მაინც რა ძალის უნდა იყოს დარტყმა, რომ ადამიანი შეიშალოს, რომ მოკვდეს, ბოლოს და ბოლოს?! თუ შეშლილობა საერთოდ რჩეულთა ხვედრია და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელია?
რა გვეხმარება საღი გონების შენარჩუნებაში? ჩვენში დაბუდებული სასიცოცხლო ძალა? ეგოიზმი? საკუთარი თავის მოტყუების ჩვეულება? ჩვენი აღქმადობის შეზღუდულობა? იქნებ სიგიჟისგან მხოლოდ მისი ბუნების შეცნობის უუნარობა გვიხსნის? თუ ადამიანს საერთოდაც აქვს უნარი გადაიტანოს მხოლოდ დარდის მდგომარეობა - და არაუმეტესი. რა საშინელი ღვთიური სასჯელიც უნდა ეწვიოს, მასში საწყისშივე ჩადებულია ყველაფრის ატანის უნარი? მაშინ ჩვენს თავს დატეხილი ბედის დარტყმები - მხოლოდ და მხოლოდ გამოცდაა?
ადამიანი, რომელსაც არ ძალუძს გონებით გაიზიაროს თავისი მწუხარება, ხშირად ცვლის ამ გაგებას წარმოსახვით. ტომოკოს ძალიან უნდოდა ყველაფერში გარკვევა. "ძნელია მომხდარის არსში ჩაწვდომა, როცა ის ჯერ კიდევ აქ არის, გვერდით, - ფიქრობდა ის, - შემეცნება უფრო გვიან უნდა მოვიდეს; მაშინ განცდილი გრძნობები ანალიზს დაექვემდებარება, შესაძლებელი იქნება ყველაფერი გამოითვალოს და გაცხადდეს". მანამდე კი უკან მოხედვისა და თავისი პირველი განცდების გახსენებისას, ტომოკო ვერაფერს გრძნობდა საკუთარი თავით უკმაყოფილების გარდა. ეს უკმაყოფილება უფრო სიცოცხლისუნარიანიც კი აღმოჩნდა, ვიდრე მწუხარება; ის გულს დააჩნდა ნალექივით და ვერაფერს შველოდა.
ტომოკოს არ შეეძლო ეჭვი შეჰპარვოდა თავისი გრძნობების გულწრფელობაში - ის ხომ დედა იყო. მაგრამ ეჭვებს ვერ იცილებდა თავიდან.
ასეთ შემთხვევებში რეალური ცხოვრება ვერ აძლევს ადამიანს ნუგეშს; მაგრამ ახლა სწორედ ეს რეალობა მწიფდებოდა ტომოკოს საშვილოსნოში, ცხოვრებით ივსებოდა, იძვროდა. მამაკაცს მხოლოდ გონებით შეუძლია განჭვრიტოს და წარმოიდგინოს ის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც არის ქალი, როდესაც განიცდის, როგორ განკარგავს მას შიგნით ზრდადი რეალობა.
გადატანილი მწუხარების მოგონება თანდათან უფერულდებოდა; ეს ჯერ კიდევ არ იყო ნამდვილი მივიწყება, თითქოს რაღაც თხელი ყინულის ფენა ფარავდა ტბის ზედაპირს. ყინული მალე ტყდება, მაგრამ ღამის განმავლობაში ისევ იკრავს პირს, წყალს ფარავს.
მივიწყება ძალას იკრებდა, როცა არც ტომოკო და არც მასარუ მასზე არ ფიქრობდნენ. ის თანდათანობით ჟონავდა მათ სულებში, ნებისმიერი, ყველაზე პაწაწინა ხვრელის გამოყენებითაც კი. თვალით უხილავი მიკრობით აღწევდა ქსოვილში, ბეჯით და კეთილსინდისიერ სამუშაოს ასრულებდა. მისთვისვე გაუაზრებლად, ტომოკო უხილავ მეტამორფოზას განიცდიდა, თითქოს მძინარე იყო, ნების გარეშე მიცემული ძილის ჯადოს. მას არ ტოვებდა ხიფათის განცდა - სული ეწინააღმდეგებოდა მივიწყებას.
იყო აქ თავის მოტყუებაც: ტომოკო თავს ირწმუნებდა, რომ მივიწყება იყო ეს ახალი ცხოვრება, მის სხეულში რომ იზრდებოდა. სინამდვილეში ნაყოფი მხოლოდ ხელს უწყობდა მოგონებების შესუსტებას. ტრაგედიის სურათი იდღაბნებოდა, მკაფიოობას კარგავდა, ქრებოდა.
ოდესღაც ზაფხულის მზის სხივებში თეთრი, საზარელი, კუთხოვანი წარმოიშვა; ის მარმარილოსი იყო. და აი, ახლა ეს ქანდაკება სველ ღრუბლად გაიშალა: მოსძვრა საზარელი თათები, დადნა თავი, მოსწყდა გრძელი ხმალი. ადრე ქვის სახე შიშს ბადებდა; ახლა ნაკვთები შერბილდა, გალღვა.
ცხოვრებამ იოლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადააბიჯა ყველა კეთილშობილურ განზრახვას, ბურჯს, რომელიც ურყევი ჩანდა. ტომოკო, რასაკვირველია, ბურჯს არ ეჭიდებოდა; მას ერთადერთი რამ აღელვებდა: რამდენად გულწრფელი იყო ის განცდა, რომელიც მის გულში გაჩნდა ბავშვების დაღუპვისას. თვით შეკითხვის ამგვარად დასმა, ტომოკოს უნებლიეთ, მოითხოვდა სასტიკი ალბათობის დაშვებას, რომ სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეპიზოდია ადამიანის ცხოვრებაში. ნუთუ საკუთარი შვილების გარდაცვალების შეტყობის შემდეგ მან, დედამ, მათ ჯერ კიდევ მანამდე უღალატა, ვიდრე მწუხარება დაატყდებოდა თავს? ტომოკოს ნაზი და სათუთი გული არ იყო მზად მსგავსი თვითძიებისთვის. სახიდან არ სცილდებოდა იმ ადამიანის ოდნავ მოსულელო გამომეტყველება, რომელმაც რაღაც საოცარი გაიგო ან იეჭვა. უწინ ტომოკოს საკუთარი თავი ყოჩაღ და თავდაჯერებულ ახალგაზრდა დედად წარმოედგინა.
ერთხელ რადიოთი დაიწყეს გადმოცემა სპექტაკლისა დედის შესახებ, რომელმაც შვილი დაკარგა. ტომოკომ მაშინვე ჩაუწია ხმას და თვითონვე გააოცა იმ მზადყოფნამ, რითაც თავიდან მოიცილა მძიმე მოგონებები. თავისი მეოთხე ბავშვის მოლოდინში ალალმართალი გულისწყრომით უკუაგდო გლოვით თრობა. ტომოკო ძალიან შეიცვალა.
თავიდან უნდა მოიცილოს ბნელი გრძნობები და ფიქრები, მიაჩნდა მას. მთავარია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. მსგავსი ფსიქოლოგიური განწმენდის შესახებ მსჯელობა ტომოკოს გაცილებით მეტად აძლევდა ხელს, ვიდრე ჩვეულებრივი დავიწყება. პირველად იგრძნო, რომ თავისუფალია - თავისუფალია მიუხედავად ყველაფრისა. მიზეზი, უეჭველად, იგივე დავიწყება იყო. ტომოკო არ წყვეტდა გაოცებას იმით, როგორ იოლად ახერხებდა თავისი სულიერი განცდებით მანიპულირებას.
ჩვეულება, გამუდმებით ხსომებოდა მწუხარება, დაკარგა; ტომოკოს აღარ აშინებდა ის, რომ ცრემლებს არ ღვრიდა საფლავზე ყოფნისას თუ სულების მოხსენიების დროს.
მას ეჩვენებოდა, რომ არაჩვეულებრივად დიდსულოვანი გახდა, რომ მზად იყო ყველასთვის ყველაფერი ეპატიებინა. მაგალითად, ერთხელ, გაზაფხულზე, კაცუოსთან ერთად სკვერში მოსეირნემ ბავშვები დაინახა, რომლებიც ქვიშაში ფათურობდნენ; თუ ადრე, უბედურებიდან ცოტა ხანში, სხვათა ცოცხალი ბავშვების დანახვისას მისი გული ღვარძლითა და შურით ივსებოდა, მსგავსს აღარაფერს გრძნობდა. მან აპატია ყველა ამ ბავშვს, მათ შეეძლოთ მშვიდად ეთამაშათ.
მასარუს უფრო ადრე ეწვია მივიწყების განცდა, ვიდრე მის ცოლს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მას მგრძნობელობა აკლდა. პირიქით, ის მეტად იტანჯებოდა. მამაკაცები გაცილებით ცვალებადნი არიან, სამაგიეროდ, უფრო სენტიმენტალურებიც, ვიდრე ქალები. თუმცა მწუხარება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, და დარწმუნდა რა, რომ დარდი უწინდებურად აღარ თრგუნავდა, მასარუმ უცებ თავი მარტოსულად იგრძნო და ჩუმად პატარა ინტრიგაც კი გააბა. მართალია, ეს კავშირი მალე მოჰბეზრდა. მერე კი ტომოკო დაორსულდა და მასარუ ნაჩქარევად დაბრუნდა მისი ფრთის ქვეშ, როგორც დედისკენ მიიჩქარის ბავშვი.
მწუხარებამ დატოვა ოჯახის ცხოვრება - როგორც ეკიპაჟი ტოვებს ჩაძირულ ხომალდს. მალე ტომოკომ და მასარუმ შეძლეს მომხდარისთვის უცხო მკითხველის თვალით შეეხედათ, რომელმაც ტრაგედიის შესახებ უბედურ შემთხვევათა განყოფილებაში წაიკითხა. არც კი ეჯერათ, რომ ამ ისტორიას მათთან რაიმე კავშირი ჰქონდა. შეიძლება, უბრალოდ შემთხვევითი მოწმენი გახდნენ? შემთხვევის მონაწილე ყველა ადამიანი დაიღუპა, ისევე დარჩნენ სამარადჟამოდ შეკავშირებულნი სიკვდილით იმ მოვლენებთან. იმისათვის, რომ ისტორიის რომელიმე ეპიზოდმა შეგვძრას, ჩვენ მისგან დამოუკიდებლობა უნდა ვიგრძნოთ. ახლა კი რა აკავშირებდა იკუტას წყვილს წარსულთან? ამაზე ფიქრის დროც კი არ ჰქონდათ.
ტრაგედია სადღაც ჰორიზონტიდან ელავდა, როგორც შორეული შუქურას ნათება. ცეცხლი ხან ჩნდებოდა, ხან ქრებოდა, როგორც საკურორტო ადგილ ა.-ს სამხრეთით მდებარე, ცუმეკის კონცხის პროჟექტორის ზღვაზე მოლივლივე სხივი. უკვე არა ბედის ლახვარი, არამედ სასარგებლო გაკვეთილი; არა კონკრეტული ფაქტი, არამედ აბსტრაქტული მეტაფორა. შორეული სხივი აღარ იყო იკუტას ოჯახის საკუთრება, ის ახლა თანაბრად ეკუთვნოდა ყველას: ის ასხივებდა ყოველდღიური ცხოვრების ფუსფუსს ისევე მიუდგომლად, როგორც ნამდვილი პროჟექტორის შუქი იხსნიდა სიბნელიდან კლდეებს, ჭალებს ნაპირზე და ტალღების თეთრ ეშვებს, ნაღვლიან ღამეულ კლდეებს რომ ეხეთქებოდნენ. სხივი ადამიანებს გაკვეთილს უტარებდა - მარტივს, გასაგებსა და დიდი ხნის ნაცნობს, მშობლებს ის ზეპირად უნდა ესწავლათ. გაკვეთილი ასეთი იყო: "პლაჟზე თვალი არ მოაცილოთ პატარა ბავშვებს. ბავშვი შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილას დაიხრჩოს".
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს ტომოკომ და მასარუმ ორი შვილი და კიდევ მზითვად შინაბერა მსხვერპლად მხოლოდ იმისთვის გაიღეს, რომ სხვებისთვის ეს გაკვეთილად ქცეულიყო. თუმცა ოჯახის სამი წევრის გარდაცვალებაში რაიმე სხვა აზრის პოვნა ძნელი იქნებოდა. ყველაზე სახელგანთქმული გმირების დაღუპვაშიც ხშირად იმავე ოდენობის აზრი დევს ხოლმე.
ტომოკოს გოგონა შეეძინა, ის ზაფხულის ბოლოს გაჩნდა. ოჯახი ბედნიერი იყო. მასარუს მშობლები საგანგებოდ ჩამოვიდნენ კანაძავიდან შვილიშვილის სანახავად. მასარუმ ისინი სასაფლაოზეც წაიყვანა.
გოგონას მომოკო დაარქვეს. დედაც და ახალშობილიც თავს შესანიშნავად გრძნობდნენ. ჩვილებთან დამოკიდებულების გამოცდილება, კიდევ კარგი, ტომოკოს მშვენიერი ჰქონდა. კაცუო კი აღფრთოვანებისგან გონს ვერ მოდიოდა - მას ხომ ისევ ჰყავდა დაიკო.
* * *
კიდევ ერთი წელიწადი გავიდა, ისევ დადგა ზაფხული. მოულოდნელად ტომოკომ გამოაცხადა, რომ ზღვაზე სურდა წასვლა, ა.-ში. მასარუ გაოგნებული იყო.
- ეგ როგორ?! თავად არ ამბობდი, რომ აღარასდროს გინდოდა იმ ადგილების დანახვა!
- არ ვიცი. უცებ მომინდა იქ ყოფნა.
- ძალიან უცნაური ხარ. მე მაგალითად, იქ ყურით ვერ შემათრევ.
- ჰო? მაშ კარგი, ეს ისე ვთქვი...
ტომოკოს რამდენიმე დღე აღარ განუახლებია ამ თემაზე საუბარი. მერე თქვა:
- იცი, მაინც მინდა იქ წასვლა.
- მაშ წადი, რაკი ასე გინდა. ოღონდ მარტო.
- მარტო - არა. რატომ?
- საშიშია.
- მაშინ რაღატომ წავიდე, თუ საშიშია? იქნებ ერთად წავიდეთ, ა? მაშინაც რომ ყოფილიყავი ჩვენთან, იქნებ გადავრჩენილიყავით კიდეც. შენთან ერთად მინდა...
- ძალიან მეუხერხულება იქ წასვლა...
მასარუმ ისევ დაუწყო ცოლს გამოკითხვა ასეთი უცნაური სურვილის მიზეზებზე. "თვითონაც არ ვიცი", - არწმუნებდა ქალი. მაშინ ქმარმა, დეტექტიური რომანების მოყვარულმა, კრიმინალისტიკის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი გაიხსენა და გაიფიქრა: "მკვლელს, საფრთხის მიუხედავად, დაუოკებლად იზიდავს დანაშაულის ადგილი. ალბათ ტომოკოსაც ისევ სურს იქ ყოფნა, სადაც მისი შვილები დაიღუპნენ".
ცოლმა სამჯერ წამოიწყო ლაპარაკი გამგზავრებაზე - მართალია, ძალიან მშვიდად, ზეწოლის გარეშე, - და ბოლოს მასარუ დანებდა. გადაწყვიტა, დათხოვილიყო და სამუშაო დღეს გამგზავრებულიყო, რომ გადავსებულ მატარებელში არ ეჯაჯგურა. ა.-ში ერთადერთი სასტუმრო იყო - "ეირაკუსო". მასარუმ ნომერი იმ ავადსახსენებელი ნომრიდან რაც შეიძლება შორს შეუკვეთა, სადაც ორი წლის წინ გაჩერდა მისი ოჯახი. მანქანით წასვლაზე ტომოკომ ისევ უარი თქვა. იტოში მატარებლიდან ჩამოსულმა ოჯახმა ტაქსი დაიჭირა.
გაგანია ზაფხული იდგა. გზატკეცილზე ჩამწკრივებული სახლების ეზოებში ლომის ფაფრებივით ლივლივებდნენ მზესუმზირები. გზატკეცილიდან ასული მტვერი ყვავილის ფურცლებს ეფრქვეოდა, მაგრამ მზესუმზირები უდრტვინველობას ინარჩუნებდნენ.
როცა მარცხნივ ზღვა გამოჩნდა, ხუთი წლის კაცუომ სიხარულით დაიყვირა - მას უკვე ორი წელია არ ენახა ზღვის ტალღები.
ტაქსიში მეუღლეებს თითქმის არ ულაპარაკიათ. ისე ჯაყჯაყებდნენ, რომ ლაპარაკის სურვილი არ გასჩენიათ. მომოკო შიგადაშიგ რაღაცებს ტიტინებდა. "ზღვა", - უთხრა მას კაცუომ. მან თითით მიანიშნა მელოტი თიხოვანი მთებისკენ, გზის საპირისპირო მხარეს და გაიმეორა: "ზღვა". მასარუს არ შეეძლო თავიდან მოეცილებინა შეგრძნება, თითქოს მისი ვაჟი დაიკოს რაღაც აკრძალულ სიტყვას ასწავლიდა.
სასტუმროში მივიდნენ. იგივე ადმინისტრატორი გამოვიდა მათ შესახვედრად. მასარუმ მას მომსახურებისთვის გადაუხადა და გაახსენდა, ამ ადამიანს როგორ ჩაუკუჭა აცახცახებული ხელით ათასიენიანი ბანკნოტი.
წელს "ეირაკუსოში" საქმეები ცუდად მიდიოდა, ცოტა სტუმარი ჰყავდათ. ნომერში მასარუს მოგონებები აეშალა, მოიღუშა და პირდაპირ ბავშვების თვალწინ დაეტაკა ცოლს:
- რა ჯანდაბად ჩამომათრიე?! რა შეიძლება აქ გველოდეს მძიმე მოგონებების გარდა? თითქოს ვივიწყებდით ყველაფერს და აჰა, ინებე. პირველად მიგვყავს გოგონა სამოგზაუროდ! უკეთესი ადგილის მოფიქრება არ შეგეძლო?! სამსახურშიც თავზე საყრელად მაქვს საქმე, შენ კი მაიძულე, ამ იდიოტური ჩანაფიქრის გამო დავთხოვილიყავი!
- შენ ხომ თვითონ დამთანხმდი.
- იმიტომ, რომ ყელზე დანა მომაბჯინე!
ბაღში ბალახი მზის ნაშუადღევ სხივებს შეეფერადებინათ. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ორი წლის წინ ზაფხულში. თეთრ-ცისფერ საქანელებზე ცისფერი, მწვანე და წითელი საცურაო კოსტიუმები შრებოდა. ბაღის კუთხე მოჩრდილულიყო, იქ ერთ დროს იასუეს ცხედარი ესვენა. წამით მოეჩვენა, რომ მწვანე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი იასუე ისევ იქ იყო. თუმცა მასარუმ არ იცოდა, რომ მისი და იმ კუთხეში დააწვინეს, ასე რომ, ჰალუცინაციების მსხვერპლი მხოლოდ ტომოკო გახდა. მისი ქმრისთვის ეს უბრალოდ წყნარი, ჩრდილიანი კუთხე იყო, ზუსტად ისევე, როგორც მეორე დილას ტრაგედიის შემდეგ, როცა ყველაფერი აშკარა გახდა და მან ჯერ კიდევ ბედნიერმა არაფერი იცოდა. დანარჩენ ბინადრებს კი საერთოდაც არ ენაღვლებათ არაფერი, გაიფიქრა ტომოკომ.
რაკი ცოლი აღარ პასუხობდა მის საყვედურებს, მასარუც გაჩუმდა. კაცუო ბაღში გაიქცა და პატარა რგოლი იპოვა მიწაზე. მის გორებას შეუდგა, თან სიამოვნებით ადევნებდა თვალს, მზის შუქზე როგორ ელვარებდა და იცვლიდა ფერებს.
მეუღლეები დუმდნენ. სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი არღვევდა. მასარუმ იგრძნო, კისერზე ოფლი როგორ სდიოდა. მშობლის მოვალეობა გაახსენდა და იყვირა:
- კაცუო! წამო ზღვაზე.
ტომოკომ ქალიშვილი აიყვანა ხელში, ოჯახი ჭიშკრიდან გამოვიდა და ფიჭვების ჭალით სანაპიროსკენ გაემართა. ზღვა გამოჩნდა. სანაპიროს ქვიშის ზოლის მიღმა გაწოლილიყო ფართო და ელვარე, ტალღები დახტოდნენ მასზე.
ახლა, მიქცევის დროს, პლაჟზე გასვლა მთაზე აუსვლელად შეიძლებოდა. მასარუმ შვილს ხელი ჩაავლო და მათ ცხელ ქვიშაზე გადააბიჯეს.
ნაპირზე ცოტა იყო ხალხი, ქოლგები გაუშლელი იდგა. ოცამდე კაცი ირუჯებოდა, მეტი არა.
ოთხივენი გაშეშდნენ ზედ ზვირთცემის კიდესთან.
დღესაც, როგორც მაშინ, ჰორიზონტის თავზე მძიმე ღრუბლები შექუჩებულიყვნენ - საოცარიც კი იყო, ასეთი მასიური, სინათლით სავსე ვეებერთელა ღრუბლები ძირს როგორ არ ეცემოდა. მათ თავზე ცა ჩანდა, რომელზეც მსუბუქი თეთრი ზოლები მიცურავდა, თითქოს ღრუბლების მომფანტველი ცოცხით დატოვებული.
თავისუფალი ოკეანე სადღაც შორეული ღრუბლებიდან იწყებოდა და ნაპირისკენ მოემართებოდა. ოკეანე ყოვლისმომცველი იყო, ხმელეთზე გაცილებით მეტად. აქ, ფართო ყურეში ისეთი შეგრძნება იქმნებოდა, რომ ეს ზღვა ნაპირზე შეტევას ახორციელებდა.
ტალღები მაღლა მიექანებოდა. შეშდებოდა. ძირს ეხეთქებოდა. მათი დგაფუნი ზაფხულის მზის მწველი მდუმარების ბუნებისა იყო - თითქმის ჟღერადობა, თითქმის სიჩუმე. ოჯახობის ფეხებთან უკვე ტალღები კი არა, მათი ლირიკული გარდასახვა მოედინებოდა, მსუბუქი ქაფი, თეთრი ბუმბერაზების დამცინავი თვითირონია.
მასარუმ ალმაცერად გადახედა ცოლს.
ის ზღვას უყურებდა. თმის კულულებს ქარი უწეწავდა, ცხელი მზე არ ანაღვლებდა. თვალები სისველით ავსებოდა და რაღაც უცნაური ცივი გამომეტყველებით იმზირებოდა შორს. ტუჩები ჯიუტად მოეკუმა. პატარა მომოკო ჩაეხუტებინა გულში, რომლის თავს მზისგან ჩალის ქუდი იცავდა.
მასარუს ცოლის სახეზე ასეთი გამომეტყველება ადრეც უნახავს. მას მერე, რაც ტრაგედია მოხდა, ტომოკო ხშირად შეშდებოდა ამ მდგომარეობაში, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი ავიწყდებოდა, თითქოს რაღაცას ელოდა.
"ახლა რას ელოდები?" - სურდა ეკითხა მასარუს, მაგრამ გაჩუმდა. ისედაც იცოდა ეს.
ზურგზე ცივმა ოფლმა დაუარა და ბიჭუნას უფრო მაგრად ჩაჰკიდა ხელი.
თარგმნა ლელა ზურებიანმა