ჩაი და "პეჩენია", მაწონი და "პეჩენია" ძალიან ბევრმა მშობელმა წარმატებით გამოიყენა ბავშვის კვებაში მშრალი, საკონდიტრო ნამცხვარი, ე.წ. "პეჩენია" თითქმის ყველა წლამდე ბავშვის მენიუში შედის. ჩაი და "პეჩენია", მაწონი და "პეჩენია" ძალიან ბევრმა მშობელმა წარმატებით გამოიყენა ბავშვის კვებაში. არადა, ეს არ გახლავთ ის საკვები, რომელიც ჩვილს ყოველდღიურ მენიუში უნდა ჩართოთ.
მინდა ერთი შემთხვევა პირადი მაგალითიდან გავიხსენო: ერთხელაც, როცა ჩაიში გახსნილი "პეჩენია" ბოთლიდან გადმოვაქციე (კოვზით არ ჭამდა და ბოთლით მივეცით. თეფშზე ალბათ ვერც შევნიშნავდი ვერაფერს) და გასარეცხად შემთხვევით ცხელის ნაცვლად ცივ წყალს შევუშვირე, საწოვარაში მომენტალურად გაცივებული გამჭვირვალე, რეზინასავით მასა წარმოიქმნა... გაჭირვებით მოვაცალე საწოვარას და დავაკვირდი. არაფერს ჰგავდა და არაფრის სუნი არ ჰქონდა. იყო წყალივით გამჭვირვალე, მაგრამ მკვრივი დრეკადი წარმონაქმნი... და ეს მხოლოდ "სოსკაში" ჩარჩენილი ულუფიდან დარჩა, წარმოიდგინეთ, რამხელა მასა იქნებოდა სავსე ბოთლში. ეს მასა ხომ ათასობით ჩვილის სხეულში ყოველდღიურად ხვდება. თანაც ეს არ ყოფილა თურქული, ჩინური ან გაურკვეველი წარმოების პროდუქტი. ამ ფირმის პეჩენია ყველაზე სანდოდ და ხარისხიანად ითვლება და ყველა მშობელი ცდილობს, ბავშვს სწორედ ის უყიდოს. როგორც ჩანს, ბავშვის ორგანიზმს მართლაც აქვს რაღაც ამოუხსნელი თავდაცვის უნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუჯერებელია, ბავშვის სხეული ინელებდეს იმ საშინელ მასას. სარგებლობის მოტანაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
რამდენად საჭიროა "პეჩენია" ბავშვის მენიუში? გთავაზობთ ამონარიდებს ბლოგებიდან, რომლებიც ბავშვთა კვებას ეხება:
წლამდე ბავშვის რაციონში "პეჩენია" ნამდვილად ზედმეტია. ამ ორცხობილებს ბიოლოგიური სარგებლობა არ გააჩნიათ, სამაგიეროდ მწარმოებლები ისეთი ნივთიერებებით "ამდიდრებენ", რაც უსაფრთხო ნამდვილად არ არის. თუნდაც შაქარი.
ცნობილია, რომ შაქარი ზოგიერთი ვიტამინისა და მინერალის ათვისებას უშლის ხელს, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინების. გარდა ამისა, ყველა პეჩენია შეიცავს გლუტენს, რომელმაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ალერგია კი მხოლოდ კანზე გამონაყარი არ არის, მან ბევრ არასასურველ პროცესს შეიძლება დაუდოს სათავე. ჰიპოალერგიული პეჩენია არ არსებობს.
ბაზარი სავსეა სპეციალურად ჩვილთათვის განკუთვნილი პეჩენიით და და ბევრ მათგანს აწერია, რომ 5 თვიდან გამოიყენება. ყველა მათგანში შედის ხორბლის ფქვილი, სახამებელი, შაქარი ან სხვა დამატკბობელი, მცენარეული ცხიმი, რაც როგორც წესი, პალმის ზეთს გულისხმობს, მშრალი უცხიმო რძე, მარილი, გამაფხვიერებელი, ვიტამინი, არომატიზატორი, ბიკარბონატი, კვერცხის ფხვნილი და სხვა.
არც ერთი ჩამოთვლილი ნივთიერება არ არის სასურველი 5-6 თვის ასაკიდან. უკიდურეს შემთხვევაში, 8 თვიდან გამოიყენეთ. ბევრი ცნობილი პედიატრი მიიჩნევს, რომ ხორბლის ფქვილის ათვისება ბავშვს მხოლოდ 1 წლის ასაკიდან შეუძლია. თუ ძალიან გინდათ, რომ ბავშვს პეჩენია გაასინჯოთ, შვრიის სცადეთ. ან უბრალო ორცხობილა შესთავაზეთ.