ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯანსაღი კვებისთვის სწორედ ამ პროდუქტს მიირთმევს პური ჩვენი ყოველდღიური არსებობის განუყოფელი ნაწილია. ამ პროდუქტს ლამის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველდღე მოვიხმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეყოლა პურის იმ სახეობების შესახებ, რომელიც გარდა იმისა, რომ გემრიელია, ამასთან ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.
ცოტა ხნის წინ ერთი ჩემი მეგობარი ევროპიდან ჩამოვიდა და ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც მითხრა, რომ იქ ჭვავის პურზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება. „ბევრ ქვეყანაში სწორედ ჭვავის პურს უწოდებენ "პურს", ხოლო სხვა პურ-ფუნთუშეულს ხორბლის პურს, ბატონს ან ფუნთუშას ეძახიან“, - ასე დასაბუთებულად ამიხსნა დაქალმა ჭვავის პურის „ღირსებები“ და შემომთავაზა, საკუთარ თავზეც გამომეცადა მისი უპირატესობა.
გადავწყვიტე, რომ ეს თემა განსაკუთრებით დაგაინტერესებდათ, თუ თქვენ ან თქვენს პატარას ჭარბი წონის პრობლემა აქვს. მოვიძიე და გავარკვიე, რომ ჭვავის პურის რამდენიმე სახეობა არსებობს, ერთ-ერთი მათგანი კი უსაფუარო ჭვავის პურია.
იმისათვის, რომ გაგვერკვია და პროფესიონალისგან მოგვესმინა, რამდენად სასარგებლოა ზოგადად ჭვავის პური და კონკრეტულად ჭვავის უსაფუარო პური, ექიმ თამარ მამაცაშვილს მივმართეთ.
”მშობლებისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ გემრიელი ფუნთუშები, ნამცხვრები და საფუარით აფუშფუშებული პური შეიძლება არცთუ სასარგებლო იყოს ბავშვის ორგანიზმისთვის. უკვე არაერთი ქვეყნის მეცნიერები და ექიმები მომავალ დედებსა და მშობლებს ურჩევენ, რომ მათი ოჯახის წევრების რაციონში უსაფუარო ან ჭვავის პური შედიოდეს. განსაკუთრებით სასარგებლო კი სწორედ უსაფუარო ჭვავის პურია“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ექიმმა, ჟურნალ "მკურნალის" რედაქტორმა თამარ მამაცაშვილმა.
მისი თქმით, 100 გრამი ჭვავის უსაფუარო პური დაახლოებით 200 კილოკალორიას შეიცავს, მიკრო და მაკროელემენტების საბადოა და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას. ნებისმიერი სახეობის ჭვავის პურის რეგულარული გამოყენება კვების რაციონში თავიდან აგარიდებთ შაქრიანი დიაბეტის რისკსა და ჭარბ წონას. საკვების მონელება და ნივთიერებათა ცვლა უფრო მოწესრიგებული იქნება და ამ ფონზე, სხვადასხვა დაავადების აღმოცენებაც ნაკლებად მოსალოდნელია.
როდესაც შეიტყობ, რომ ჯანსაღი პროდუქტი არსებობს, ამასთან იმასაც იგებ, რომ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯანსაღი კვებისთვის სწორედ ამ პროდუქტს მიირთმევს, გიჩნდება კითხვა - რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ეს პროდუქტი და რა სახით ხდება მისი წარმოება.
როგორც შევიტყვე, ჩვენს ქვეყანაში ჭვავის პურის წარმოება რამდენიმე წელია დაიწყო. ჭვავის პურის სახეობების ერთ-ერთი მწარმოებელი „ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „მზარეულის საცხობია“. დავინტერესდი, რამდენად ზრუნავენ მწარმოებლები, რომ ეს პური გემრიელიც იყოს, ჯანსაღიც და ჭვავსაც სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შენარჩუნებული ჰქონდეს.
აღნიშნული კითხვებით სწორედ “მზარეულის საცხობის” ტექნოლოგს, მამუკა თალავაძეს მივმართეთ.
- „მზარეულის საცხობი“ რამდენიმე სახეობის ჭვავის პურს აწარმოებს. ერთ-ერთი მათგანია სწორედ ჭვავის უსაფუარო პური. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მიერ წარმოებულ ამ კონკრეტული სახეობის პურში 80 პროცენტი ჭვავია. თუ ჩვეულებრივი საფუარით მოზელილ ცომს ნახევარი ან ერთი საათი სჭირდება ასაფუებლად, ჩვენ 3-4 საათს ვანდომებთ იგივე პროცესს. წარმოების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული გვაქვს, რომ ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივიღოთ. უპირატესობას ჭვავის მაღალ შემცვლობას ვანიჭებთ, ამიტომ არ ვურევთ სხვა დანამატებს.
- როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ ჭვავის პურს ყიდულობს და არა უბრალოდ რუხ პურს?
- პროდუქტის ყიდვისას აუცილებლად უნდა გავეცნოთ ეტიკეტზე დატანებულ შემადგენლობას, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ კონკრეტული პროდუქტი არის ჭვავის პური, თუ უბრალოდ რუხი პური. რუხი პური შეიძლება დამზადდეს როგორც ჭვავის ფქვილის გამოყენებით, ისე მის გარეშე, ამიტომ გარეგნულად მათი განსხვავება საკმაოდ რთულია.
- რა სასარგებლო თვისებები აქვს ჭვავის უსაფუარო პურს და როგორ უნდა ინახებოდეს ჭვავის პური, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს?
- უსაფუარო ჭვავის პურის მთავარი უპირატესობა მისი დაბალკალორიულობაა, რაც ადამიანს წონის კორექციაში ეხმარება. ზოგადად ჭვავის პურის შენახვა 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზეა დაშვებული.
- რამდენად გამართლებულია პურის ცელოფნის პარკში შენახვა?
- სპეციალურად, საკვებისთვის გამიზნულ ცელოფნის პარკში პურის შენახვა დაშვებულია.
თანაც, ცელოფანში შენახული პური უფრო დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს.
- თქვენს მიერ წარმოებული ჭვავის უსაფუარო პური, რამდენად არის ხელმისაწვდომი სავაჭრო ობიექტებში?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჭვავის პურზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, ამ ეტაპზე „მზარეულის საცხობის“ მიერ წარმოებული ჭვავის უსაფუარო პურის შეძენას, მხოლოდ „ნიკორას“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტებში, 0.95 თეთრად შეძლებთ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა სავაჭრო ობიექტებშიც შევა...
ვფიქრობ, ჩემს პროფესიას განსაკუთრებულ ხიბლს ბევრი ახალი და სასარგებლო ინფორმაციის შეცნობა სძენს... ამჯერადაც, სწორედ ასე მოხდა... თავადაც გავხდი ჭვავის უსაფუარო პურის მომხმარებელი, თან ეს წონის კორექციაშიც თუ დამეხმარება, კიდევ უკეთესი... თქვენც ნამდვილად გირჩევთ...
შორენა ლაღიძე