3 წლის იყო, როცა თვითმფრინავებით დაინტერესდა 10 წლის ლევან ცეცხლაძეს და მის გამოგონებულ, ხელნაკეთ თვითმფრინავს ბათუმის საზოგადოების ნაწილი უკვე იცნობს. პატარა ავიამექანიკოსის მიღწევებით მალე მთელი ბათუმი იამაყებს. ლევანი 3 წლის იყო, როცა თვითმფრინავებით დაინტერესდა. თავდაპირველად ქაღალდისგან აკეთებდა და ხეებიდან, აივნებიდან დემონსტრაციულად უშვებდა. წლების მატებასთან ერთად ინტერესიც გაუმძაფრდა და ხელობაც დახვეწა. უკვე 9 წლისამ პირველი ძრავიანი თვითმფრინავი ხისგან, პენოპლასტისა და ცელოფნისგან გააკეთა მამის სახელოსნოში, რომელსაც 6 თვე მოანდომა. ამის შემდეგ მშობლებმა მისი ავიასამოდელო წრეზე მიყვანა გადაწყვიტეს. დღეს ლევანი ამ წრის აღსაზრდელია. მისი პედაგოგი, ავიამექანიკოსი რევაზ ბარამიძე მასზე დიდ იმედებს ამყარებს და საავიაციო სფეროში წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
- კარგი შედეგისთვის შრომისმოყვარეობა, დაკვირვება და ფანტაზიაა საჭირო, რაც ლევანს ნამდვილად არ აკლია, - განაცხადა ბატონმა რევაზმა.
მაისში შუახევში იგეგმება ღონისძიება, სადაც ლევანი დამსწრე საზოგადოების წინაშე მის მიერ შექმნილ ძრავიან თვითმფრინავს ააფრენს. ასევე გეგმავს, თბილისში გამოფენაზე წარადგინოს ნამუშევარი. იგი უკვე მესამე მოდელზე მუშაობს.
ლევანს უყვარს ცურვა, ფანტასტიური ჟანრის ლიტერატურა და ოცნებობს ასტრონომობაზე.
მერი ბლიაძე