ორიგინალური და ლამაზი ნივთები, რომლებიც ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში შეიქმნა 22 აპრილს იაშვილის კლინიკაში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიური განყოფილების პატარა პაციენტების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გამოფენა დღეს, 23 აპრილს დასრულდება.
ვხედავდი სიხარულით გაბრწყინებული ბავშვების თვალებს და ვფიქრობდი, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, ჩვენ მიერ გაღებულ ერთ ღიმილს, როგორ შეუძლია შეცვალოს ადამიანი, მისი განწყობა, ჩაუსახოს იმედი. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც სიხარულით გაბრწყინებულ მათ თვალებს ხედავ. დღევანდელ დღეს თითოეული მათგანის თვალები სიხარულს და კმაყოფილებას გამოხატავდა. ეს უნიჭიერესი ბავშვები ძალიან ბევრ შექებას იმსახურებენ.
გამოფენის შესახებ გვესაუბრა ონკოჰემატოლოგიური განყოფილების ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე.
- მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, ვისი ორგანიზებით და დახმარებით ხორციელდება?
- იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ფუქნციონირებს ფსიქო–სოციალური ოთახი, რომელიც სთავაზობს პაციენტებს: სწავლის, თამაშის და თვითგამოხატვის შესაძლებლობებს, რათა მიაღწიონ თადაჯერებულობის განცდას. მთავარი მიზანი არის სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება და მაქსიმალურად ფსიქოლოგიური ტრავმის შემსუბუქება. ამ დეპარტამენტთან უკვე რამდენიმე თვეა მეგობრობენ მხატვარი ხატია ღოღობერიძე და მისი ხელოვანი, მხატვარი მეგობრები. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ პაციენტები, მათი მშობლები, პერსონალი და მხარდამჭერი ხელოვანები. ამ მეგობრობის და ერთობლივი მუშაობის შედეგი არის 22–23 აპრილს მოწყობილი გამოფენა „არტ დღეები ლეიკემიის წინააღმდეგ“.
- ლეიკემიით დაავადებული რამდენი ბავშვი გადის თქვენთან მკურნალობას?
-30-მდე პაციენტი მკურნალობს ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში. თითოეული დღე დატვირთულია სხვადასხვა აქტივობით (ექსპრესიული თერაპია, რაც მოიცავს არტ თერაპიას და თამაშით თერაპიას). მათთან მოდიან მასწავლებლები და ჩვეულებრივად გადიან საგნებს, იღებენ შეფასებებს. მათ აქვთ მიზნები, რომლებსაც აუცილებლად მიაღწევენ. ძალიან ბევრი ბავშვი დეპარტამენტში შემოსვლის მერე იცვლის ოცნებას და ამბობს, რომ სურს გახდეს ექიმი ან ექთანი, რადგან ისინი იქნებიან პირველი მაგალითები სხვა ბავშვებისთვის და ეს მათ გააძლიერებთ. ბავშვები მეგობრობენ და ერთმანეთს ემოციურ მხარდაჭერას უწევენ. ჩვენს ფსიქო-სოციალურ ოთახში გვაქვს ბავშვების მიერ გაკეთებული პოსტერები, სადაც მათ ფრაზებს ამოიკითხავთ: „თუ მოინდომებ, ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი". “იმედი ბევრად სჯობს უაზრო ბედისწერას“. “ჩვენ ერთად დავამარცხებთ ლეიკემიას.“ „გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია“.
- რა არის ამ გამოფენის მიზანი?
- მთავარი მიზანი არის სოციალური ინტეგრაცია. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ამ ღონისძიებაში.
- რა ნივთებია წარმოდგენილი გამოფენაზე?
- წარმოდგენილია: ნახატები, აპლიკაციები, სააღდგომო დეკორატიული და გრავირებული კვერცხები, დეკორატიული თეფშები და ძალიან ბევრი სხვა ხელნაკეთი ნივთი.
- შემოსული თანხები რას მოხმარდება?
- შემოსული თანხა ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პაციენტებისთვის საჭირო მასალების შეძენას მოხმარდება, რათა შევძლოთ ისევ შემოქმედებითი მუშაობის გაგრძელება. გამოფენა 23 აპრილსაც გაგრძელდება იაშვილის კლინიკის ეზოში, ღია სივრცეში და უფრო საინტერესო პროგრამა არის დაგეგმილი სტუმრებისთვის.
ელენე გორგილაძე 14 წლისაა, იაშვილის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში გადის მკურნალობის კურსს. იგი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. გარადა იმისა, რომ ქმნის ხელნაკეთ ნივთებს, წერს წიგნს, რომელიც თინეიჯერებზე, მათ თავგადასავლებსა და მხიარულ ისტორიებზე მოგვითხრობს. ელენე გეგმავს წიგნის გამოცემას, რაშიც წარმატებას და ოცნების განხორციელებას ვუსურვებთ.
- გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩემს მიერ შექმნილი დეკორაციული სააღდგომო და მაცივარზე დასაკრობი კვერცხები. დეკორაციის შექმნაში ჩემი მასწავლებელი ხატია ღოღობერიძე მეხმარებოდა. გამოვიყენე ფუნჯები, საღებავები და თაბაშირი. ძალიან მხიარულ გარემოში, მეგობრებთან ერთად ვქმნიდი ამ ნაკეთობებს. ზოგი ხატავდა, ზოგი თექაზე მუშაობდა, ზოგი ქვაზე ხატავდა. ცოტა აფორიაქებული, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე გაიტანეს. მოხარული ვიქნები, თუ ხშირად გაკეთდება მსგავსი გამოფენები და მე და ჩემს მეგობრებს მოგვეცემა საშუალება, ჩვენი ნამუშევრები საზოგადოებას გავაცნოთ.
მერი ბლიაძე