ნიკა ბირკაძემ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში რიგით მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და ჯამში, სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით მე-8 ადგილზეა მსოფლიოში.
"იგი ყველა დროის 20 საუკეთესო მოსწავლეში შევიდა. მასზე მეტი ოქროს მედალი ინფორმატიკაში მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული”- წერს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზაზა გამეზარდაშვილი ერთ-ერთ პოსტში. ნიკა 18 წლისაა და კომაროვის სკოლა დაამთავრა.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარება გახლდათ. ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკა კი უკვე 3 ოქროს მფლობელია.
წელს 100%-იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა, პროგრამირების მიმართულებით. გვიყვება, რომ სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს. სასურველ პასუხს მარტის ბოლოსთვის ელოდება. მანამდე კი გვიზიარებს, როდის დაინტერესდა ინფორმატიკით და რამ განაპირობა მისი წარმატება:
- მე-5 კლასში მათემატიკის ოლიმპიადაზე გავედი, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ,,მზიური“ ატარებდა. შემდეგ მათ თავის ცენტრში მიმიწვიეს. იქ დავიწყე ინფორმატიკის სწავლა და გამიჩნდა ინტერესი. მერე თავადაც ვწერდი პროგრამებს.
- სხვა საგნებთან როგორი დამოკიდებულება გქონდა?
- სხვა საგნებსაც კარგად ვსწავლობდი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.
- როგორ ფიქრობ, რისი დამსახურებაა ამდენი წარმატება შენს ცხოვრებაში?
- პირველ რიგში, იმ მასწავლებლების, რომლებიც მზიურში, წვრთნებზე მასწავლიდა. მათ ალბათ ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მეცადინეობა და დიდი შრომა აუცილებელია, რომ წარმატებას მიაღწიო.
- კიდევ რა ინტერესები გაქვს, თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
- ფილმების ყურება, თამაშები ძალიან მიყვარს. ხანდახან ვხატავ კიდეც.
- სკოლას რა როლი აქვს წარმატებაში?
- მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში ჩემი წარმატება კომაროვის სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა. ბოლო ოთხი წელია მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში ვიღებ მონაწილეობას და ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მაქვს. გუშინ იყო კიდევ ერთი და შედეგები ჯერ არ ვიცით.
- როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას?
- ოჯახის მხარდაჭერასაც ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩემს წარმატებაში. მშობლებს დავყავდი ოლიმპიადებზე და კომაროვშიც მათი რჩევით გადავედი. ეს რომ არა, ალბათ საერთოდ სხვაგან ვიქნებოდი ცხოვრებაში. მათემატიკა და ინფორმატიკა სწორედ კომაროვიდან და ოლიმპიადებიდან შემიყვარდა. ამიტომ, მათ დიდი როლი აქვთ ჩემს წარმატებაში.
- ძველი და ახალი წარმატების შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყევი...
- პირველად მეცხრე კლასში გავედი საერთაშორისო ოლიმპიადებზე. მათემატიკაშიც და ინფორმატიკაშიც ვერცხლი ავიღე. შემდეგ იყო ევროპის ოლიმპიადა 15 წლამდე მოსწავლეებისთვის და იქ ინფორმატიკაში პირველ ადგილზე გავედი. შესაბამისად, ოქროს მედალიც ავიღე. მე-10 კლასში ინფორმატიკაში ოქრო ავიღე, მათემატიკაში - ბრინჯაო. იმ წელს ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზეც ვიყავი და იქაც ოქროს მედალი ავიღე ინფორმატიკაში. მე-11 კლასშიც ოქროს მედალი მოვიპოვე ინფორმატიკაში, მათემატიკაში - ვერცხლი. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელსაც ოქრო ავიღე, მათემატიკის შედეგები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ, სავარაუდოდ, იქაც ოქრო მექნება.
- როგორ ტარდებოდა ოლიმპიადები, ონლაინ ფორმატია და თქვენ აქიდან მონაწილეობთ თუ სხვადასხვა ქვეყანაში მიდიხართ?
- წინა წლებში ერთი კონკრეტული ქვეყანა ატარებდა და მივდიოდით ხოლმე, წელს ორივე ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა.
- ამდენი წარმატების შემდეგ გასაკვირი არაა ალბათ, რომ მათემატიკაში ერთიან ეროვნულ გამოცდაში მაქსიმალური 59 ქულა აიღე...
- დიახ, კომაროვში ვსწავლობდი და როგორც გითხარით, საერთაშორისო ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი. იმასთან შედარებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები საერთოდ არ იყო რთული. მგონია, რომ წარმატებისთვის მოკლე გზა არ არსებობს, უნდა იშრომო. ეს ყველაზე მთავარია.
გასულ წელს, როცა ნიკამ მეორე ოქრო მოიპოვა, mshoblebi.ge ნიკას დედას ლელა ნონიაშვილს ესაუბრა.
"თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო. სკოლაში მივიდა თუ არა, იმ დღიდანვე გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. რომ გითხრათ, თავს იკლავს მეცადინეობით-თქო, არა, ასე არ არის. ვეუბნები, კიდევ კარგი, ნიჭიერი ხარ-მეთქი. როცა მათემატიკურ კონკურსებში დავიწყეთ გამოსვლა, მესამე კლასში იყო და სულ წარმატებები ჰქონდა. მერე კომაროვის სკოლაში გადავიდა... არ არის აქტიური ბავშვი. სულ ვეუბნები, კიდევ კარგი, რომ გაქვს ეს ნიჭი და თავისთავად გამოამჟღავნე ცოდნა-მეთქი. თვითონ რომ რამე ეძებოს, რაღაცები სცადოს, ასეთი არ არის. ყველაფერი თავისთავად მოხდა. რადგან ასეთია, თვითონ იწვევენ ახლა და თავისით მოიტანა ამ წარმატებებმა მისით დაინტერესება." - ამბობდა ნიკას დედა ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
წაიკითხეთ ეს ინტერვიუ სრულად თამარ იაკობაშვილი