ავადმყოფ დედასა და ორი თვის ბავშვთან მარტო დარჩენილი ქუთაისელი გოგონას სევდიანი ამბავი - მშობლები

ავადმყოფ დედასა და ორი თვის ბავშვთან მარტო დარჩენილი ქუთაისელი გოგონას სევდიანი ამბავი

2017-02-15 11:50:41+04:00

"ხანდახან პამპერსი რომ არ მაქვს, ნაჭრებში მყავს ჩემი გოგო..." - ბავშვის მამის ახლობლებმა მარის ბავშვის სხვაზე გაშვილება შესთავაზეს გოგონა, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ჩვენს საიტს რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა და საკუთარი სევდიანი ისტორია ანონიმურად გააცნო. მარიმ (გვარს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ) საკმაოდ მძიმე ცხოვრება გადაიტანა, ჰყავდა მოძლადე მამა, რომელიც დედას ფიზიკურად უსწორდებოდა და ოჯახს ატერორებდა, ასეთმა ვითარებამ რასაკვირველია, ბავშვზე იმოქმედა. ტრავმით დამძიმებულ ახალგაზრდა გოგოს საპირისპირო სქესის მიმართ უნდობლობა და ერთგვარი შიშიც კი ჩამოუყალიბდა. თუმცა, დროის სვლასთან ერთად გამოჩნდა ის, ვინც შეძლო მარის ამ მდგომარეობინდა გამოყვანა. მიუხედავად დედის და სანათესაოს წინააღმდეგობისა, მარი „მასთან“ ურთიერთობას არ წყვეტდა, ერთ დღეს კი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ უკვე 4 თვის ორსული იყო. სცენარი ბანალურად განვითარდა - ბავშვის მამა გაუჩინარდა, მერე იყო მუქარის ზარები, თანხის შეთავაზება მათი ცხოვრებიდან გაუჩინარების სანაცვლოდ, მეტიც, მარის მოუძებნეს ოჯახი, ვინც ბავშვს დაბადების წუთიდან უპატრონებდა და გაშვილება შესთავაზეს. საბედნიეროდ, ჩვენმა რესპონდენტმა სიმტკიცე შეინარჩუნა, მძიმე პირობებში გაატარა ორსულობა და დღეს უკვე 2 თვის ლილეს დედაა...

იავარდით მოფენილი გზა არც ახლა აქვს. მარი დასნეულებულ დედასა და ორი თვის შვილთან ერთად ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, ალიმენტის დანიშვნას ითხოვს, მაგრამ ამისთვისაც გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რაც თანხებთანაა დაკავშირებული და იმედი არ აქვს, რომ ეს საქმე კეთილად დასრულდება.

- ალიმენტისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ და რაც ჩემს შვილს ეკუთვნის, იმას არ დავუკარგავ, უბრალოდ ახლა ამოვარდნილი ვარ სოციალურად დაუცველების ბაზიდან და ვერ შემაქვს სარჩელი, რადგან ამისთვის სასამართლოში ბაჟია გადასახდელი, დაახლოებით 100 ლარი, მე კი ამის საშუალება არ მაქვს. სოციალურად დაუცველის საბუთი რომ მქონდეს, ეს ბაჟი მოიხსნება და საქმე მსვლელობაში წავა...

- ბავშვის მამა ან მისი ოჯახი არ ინტერესდებიან თქვენი შვილის ბედით? ტელეფონითაც კითხულობენ?

- არა, არ აინტერესებთ, მეტიც - დღემდე ისმის ჩემს ტელეფონზე მუქარის ზარები. ბოლოს ასეთი რამ მითხრა, მირჩევნია ციხეში ჩავჯდე, ვიდრე თქვენ მოგცეთ რამეო.

- რით ცხოვრობთ, როგორც ვიცი, ადრე დედათქვენი ბაზარში მუშაობდა, ახლა..?

- დედა პენსიონერია და მისი პენსია - 180 ლარი არის ჩვენი შემოსავალი, თვითონაც ავადმყოფობს და ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ ვეღარ მუშაობს, უმუშევრები ვართ ორივე. მე ნერვიულობისგან რძე გამიშრა, აღარ ჰყოფნის ბავშვს და ხელოვნური საკვების დამატება მომიწია, მოგეხსენებათ, რა ძვირია ბავშის კვება... ხანდახან პამპერსი რომ არ მაქვს, ნაჭრებში მყავს ჩემი გოგო... გაზი და ზოგადად, არანაირი ტექნიკა არ გვაქვს, ყველაფერი უსახსრობის გამო გავყიდეთ მაშინ, როცა მამა ცუდად იყო. ერთადერთი, რაც შემოგვრჩა ტელევიზორია, ისიც იმიტომ, რომ არაფრით არ გაიყიდა. ლეპტოპტი მქონდა, ვფიქრობდი, მისი საშაულებით მაინც ვისწავლიდი რამეს და საქმეს მოვკიდებდი ხელს, მაგრამ ისიც გავყიდეთ ბავშის გამო, საჭმელი რომ მეყიდა...

მეგობრები და მეზობლები შეძლებისდაგავრად მეხმარებიან. სანათესაომ განათხოვარის სტატუსის გამო არ მიკადრა, მაგრამ რადგან მაეტოხელა დედა აღმოვჩნდი სულაც არ ვფიქრობ იმას, რომ ცუდი საქციელია ეს. შვილი მყავს საყვარელი ადამიანისგან და არაფერს არ ვნანობ. ძალიან იშვითად, ისიც დედას თუ დაურეკავენ და შორიდან მოიკითხავენ ჩვენს ამბავს. მამას გულზე ჰქონდა პრობლემები, სამჯერ გავუკეთეთ ოპერაცია და მესამეჯერ ვეღარ გადაიტანა. მისი გარდაცვალების შემდეგ დედაჩემს ვეხმარებოდი ქუჩაში პროდუქტის გაყიდვაში, ორსულობაშიც კი, სანამ სიარული შემეძლო, მასთან ერთად ვიდექი. სამსახურის დაწყება მინდა, სად არ ვიყავი, არსად მიღებენ, ბარებში და რესტორნებში უარს იმ მიზეზით მეუბნებიან, რომ ბავშვური გარეგნობა გაქვსო. სასაცილო მიზეზია, მაშინ როცა ჩემი მეგობარი, ზუსტად ჩემი სიმაღლის ბიჭი ბარმენად მუშაობს ერთ-ერთ ლაუნჯში. მე რას მერჩიან, არ ვიცი. დედა ავადმყოფობს და მეშინია ბავშვი დავუტოვო, თორემ გავიდოდი და ქუჩაში ისევ გავყიდდი პროდუქტს. სწავლა არ მაქვს დასრულებული, შესაბამისად დიპლომიც არ მაქვს, თორემ ბაღში ვიმუშავებდი და ჩემი შვილიც გვერდით მეყოლებოდა. მაგრამ ახლა ძალიან გვიჭირს და მოკრძალებულად მინდა ხალხს დახმარება ვთხოვო. მე ქუთაისში ვცხოვრობ და თუ ვინმე ბავშვის ნივთებით, ტანსაცმლით დამეხმარება, მადლობელი ვიქნები. ანგარიშის ნომერსაც მოგცემთ, იქნებ ვინმემ თანხის ჩარიცხვაც შეძლოს, რომ ბავშვს საჭმელი ვუყიდო. ძალიან რომ არ მიჭირდეს, ნამდვილად არ შევაწუხებდი არავის, მაგრამ ვიცი, რომ ესეც დროებითია და დავდგებით ფეხზე.

უამრავი ადამიანი ნატრობს შვილს, რადგან ღმერთმა მე მარგუნა ეს ბედნიერება, ყველაფერს გავაკეთებ მისი კეთილდღეობისთვის და უკაცრავად, მაგრამ საზოგადოების აზრი არ მაინტერესებს ჩემი საქციელის გამო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ დედა დამიდგა გვერდით. თქვენი მეშვეობით კი მინდა მადლობა გადავუხადო ნინო შერვაშიძეს, რომელიც თბილისადნ ჩამოვიდა ჩვენს დასახმარებლად. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც გაჭირვებაში გვერდში დამიდგა და დამიდგება...

ციცი ომანიძე