წამლები, რომლებიც 1-ლი სექტემბრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება - მშობლები

წამლები, რომლებიც 1-ლი სექტემბრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება

2014-08-14 11:05:27+04:00

მათ შორის მოხვდა პარაცეტამოლი, სუპრასტინი, ანალგინი, სტრეპტომიცინი და ნიმესილი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ იმ წამლების სია გამოაქვეყნა, რომელებიც პირველი სექტემბრიდან რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება.

როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა.

უფრო კონკრეტულად კი, მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი, გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი, ანალგინი, სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ვიტამინი E, დრამინა, ერითრომიცინი, ესენციალე N, ამოქსიკლავი და სხვა, სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მეორე ჯგუფიდან.

II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში, დამტკიცდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა.

რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, იგი 3 000-ზე მეტ მედიკამენტს მოიცავს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს,

ვიტამინებს და მინერალებს, გარდა საინექციო ხსნარებისა, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებებს და სხვა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა რეცეპტით გასაცემი წამლების ნუსხა (პირველი და მეორე ჯგუფი), აგრეთვე ის წამლები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა (მესამე ჯგუფი).

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ წამლების ჩამონათვალი