რა ვაჭამოთ ბავშვებს ძლიერ სიცხეში - საზაფხულო მენიუ - მშობლები

რა ვაჭამოთ ბავშვებს ძლიერ სიცხეში - საზაფხულო მენიუ

2021-08-15 17:00:33+04:00

აუტანელ სიცხეში მადა იმ ბავშვებსაც უქვეითდებათ, რომლებსაც ეს პრობლემა ჩვეულებრივ, არ აწუხებთ. რა შევთავაზოთ ამ დროს ბავშვს სადილად?

მშობლებო, პირველ რიგში ეცადეთ, რომ ძლიერ სიცხეში ბავშვს საჭმლის მიღება არ დააძალოთ. ვერც მშიერს დატოვებთ, ამიტომ ბავშვის საზაფხულო მენიუში გარკვეული ცვლილებები უნდა შეიტანოთ. ცვლილებები პირველ ყოვლისა განტვირთვას გულისხმობს. მენიუ უნდა იყოს მსუბუქი, შეიცავდეს ბევრ სითხეს, უმსა და მოთუშულ ბოსტნეულს, ხილს, კენკრასა და რძის პროდუქტებს.

ცხელი წვნიანები ცივით შეცვალეთ. ცნობილი "აკროშკა", რომელიც მაწვნით მზადდება, ასევე მაწვნის კერძი, ბავშვს 3 წლის ასაკიდან შეგიძლიათ მისცეთ. ცივად შეგიძლიათ შესთავაზოთ ბოსტნეულის სუპიც. მეორე კერძად - ბოსტნეულის სალათა (კიტრითა და პომიდვრით, უმი და მოთუშული ბოსტნეულით, მოთუშული კომბოსტო ქათმის ხორცთან ერთად, ბოსტნეულის რაგუ და ა.შ.). ვინაიდან ცილების მიღება ზაფხულშიც აუცილებელია, მენიუში ისევ უნდა იყოს ქათმის, თევზისა თუ საქონლის ხორცი. ოღონდ მეტი სიფრთხილით შეარჩიეთ მაღაზია, სადაც ხორცი უნდა შეიძინოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შენახვის პირობებს ზედმიწევნით იცავენ, ჯობს ასეთ მაღაზიაში საერთოდ არაფერი იყიდოთ.

ხორცი ორთქლზე ან წყალში მოხარშეთ, მოთუშეთ ან ღუმელში მოამზადეთ. შემწვარ-მოხრაკული კერძებისგან ზაფხულში სჯობს თავი შეიკავოთ.

დესერტად ხილის სალათა მოუმზადეთ, რომელიც შეგიძლიათ იოგურტით შეაზავოთ. არ დაგავიწყდეთ სითხე - სიცხეში ბავშვმა ბევრი სითხე უნდა მიიღოს. ამაში ტკბილი გაზიანი სასმელები არ იგულისხმება. მათ ნაცვლად ნაკლებად ტკბილი ან უშაქრო კომპოტები დაალევინეთ.