ექიმებთან ყოველდღიურად მიჰყავთ პატარა პაციენტები, რომლებმაც სხეულში რაიმე ნივთი "დამალეს" პატარა ბავშვები უზომო ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. ეს კი მუდმივი ცდებისა და ექსპერიმენტებისკენ უბიძგებთ. ბავშვები ყოველ წუთსა და წამს საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნებისთვის იყენებენ. სამწუხაროდ, ეს დიადი შემეცნების პროცესი ხშირად ცუდად მთავრდება.
ალბათ ხშირად გსმენიათ შემთხვევებზე, როცა ბავშვები წვრილმან საგნებს ყურებში ან ცხვირის ნესტოებში "იტენიან", ან ყლაპავენ. ექიმებთან ყოველდღიურად მიჰყავთ პატარა პაციენტები, რომლებმაც სხეულში რაიმე ნივთი "დამალეს". ეს შეიძლება იყოს ღილი, მარცვალი, კენჭი და ა.შ.
ამ ნივთებისგან გათავისუფლებაში ბავშვებს ექიმი ოტორინოლარინგოლოგები ეხმარებიან. თუ მშობელი დროულად აღმოაჩენს ამ "ექსპერიმენტის" შედეგებს, ინციდენტი შეიძლება უკვალოდ დასრულდეს, თუმცა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგებიც მოიტანოს.
ამიტომ არ ღირს ბავშვის დიდი ხნით მარტო დატოვება. მოზრდილის ყველაზე მდიდარმა ფანტაზიამაც შეიძლება ვერ მოიფიქროს ის, რაც ბავშვს თავში აზრად მოუვა.
როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ცხვირში რაიმე საგანი აქვს? პირველი სიმპტომი სუნთქვის გაძნელებაა, ნესტო შეიძლება სრულიად ჩაიკეტოს. ბავშვი მოუსვენრადაა, დისკომფორტს განიცდის. თუ საგანი დიდი ხანია ცხვირში აქვს, შეიძლება სისხლდენაც გამოიწვიოს. აუცილებლად ექნება ლორწოვანი გამონადენიც. საგანი შეიძლება მთლიანად ლორწოთი დაიფაროს და "გაქვავება" დაიწყოს. აქ უკვე ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერაფერს გააწყობთ. ამიტომ ბავშვს თვალს ნუ მოაშორებთ და საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ექიმს მიმართეთ. ჯობია ცრუ განგაში იყოს, ვიდრე დაგვიანებული შემთხვევა.
როგორ უნდა გამოუღოთ უცხო სხეული ცხვირიდან
თუ მაშინვე შეიტყობთ ამის შესახებ, შეგიძლიათ დამოუკიდებლად სცადოთ მისი გამოღება. თავისუფალ ნესტოში ბამბა ჩაუდეთ და სთოვეთ ბავშვს, დააცემინოს. რამდენჯერმე დაცემინებამ შედეგი უნდა გამოიღოს. თუ ძალით ვერ აცემინებს, დაფქული პილპილი აყნოსეთ. არ სცადოთ პინცეტითა და ბამბიანი ჩხირით გამოღება, ასე უფრო შიგნით შეიტანთ (ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა საგანი ყურში აქვს შეტენილი). თუ თქვენი ძალებით გამოღება ვერ შეძელით, ექიმს მიმართეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშს ლორწოვანის ანთება დაემართება და შეიძლება ჰაიმორიტი განუვითარდეს.
სანამ ექიმამდე მიაღწევთ, გააკონტროლეთ, რომ პირით ისუნთქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხვირით შესუნთქულმა ჰაერმა შეიძლება სხეული უფრო ღრმად შეისროლოს.
თუ შეძელით და თავად გამოუღეთ საგანი, თვალი ადევნეთ ბავშვის მდგომარეობას. ხომ არ უჩივის ცხვირის ტკივილს. რაც შეეხება სუნთქვას, მანიპულაციიდან 24 საათში იგი სრულად უნდა აღდგეს. თუ კვლავ პრობლემა დარჩა, ისევ ექიმს უნდა მიაკითხოთ.
ყურის შემთხვევაში, თუ ღრმად არის საგანი და ვერ წვდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - უცხო ნივთმა შეიძლება ანთებითი პროცესები და ყურის ბარაბანის გახეთქვა გამოიწვიოს.