როგორ ატარებს ნათია დუმბაძე მეორე ორსულობას ქმრის გარეშე და როგორ ებრძვის ტოქსიკოზს - მშობლები

როგორ ატარებს ნათია დუმბაძე მეორე ორსულობას ქმრის გარეშე და როგორ ებრძვის ტოქსიკოზს

2017-10-30 11:57:44+04:00

”ალბათ, რომ გავაჩენ, გავგიჟდებ” - 10-წლიანი შუალედის შემდეგ ნათია მეორე შვილს ელოდება მომღერალ ნათია დუმბაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. 10-წლიანი შუალედის შემდეგ ნათია მეორე შვილს ელოდება. ინტერვიუ მასთან ორსულობაზე და შვილის მოლოდინზე ჩავწერე.

- ძალიან გააზრებული და დაგეგმილია ეს ჩემი მეორე ორსულობა. დიდი შუალედი კი გამომივიდა, მაგრამ ამ ასაკში უფრო სხვა განცდები, ემოციები მაქვს და ვფიქრობ, ახლა უკვე მზად ვარ მეორედ დედობისთვის. როცა დუდუ გავაჩინე, ძალიან პატარა, 20 წლის ვიყავი და დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ბოლომდე ვერ ვითავისებდი დედობას, ახლა სულ სხვა ეტაპი მაქვს, მოუთმენლად ველოდები პატარას დაბადებას, ალბათ, რომ გავაჩენ, გავგიჟდები (იღიმის).

- სქესი იცი უკვე? როდის ელოდები?

- მეექვსე თვეში ვარ, თებერვლის დასაწყისში ველოდები, სქესი ვიცი, გოგოა და ამან საერთოდ გადამრია.

mshoblebi

- რამდენად მზრუნველია დუდუ ორსული დედის მიმართ?

- სულ ცდილობს დამეხმაროს, ამას წინათ სუპერმარკეტში ვიყავით და მძიმე პარკებზე ხელი არ მომაკიდებინა, სულ თვითონ გამოიტანა, ყველანაირად ცდილობს, გამიფრთხილდეს. მეფერება მუცელზე, მასაც ერთი სული აქვს, როდის გაჩნდება, ითვლის თვეებს, დღეებს და საათებს.

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

- პრეტენზიული ორსული ხარ? დუდუს შემთხვევაში თუ გქონდა ტოქსიკოზი და ახლა რა ხდება ამ მხრივ?

- პრეტენზიული არ ვარ, უბრალოდ ტოქსიკური ორსულობა მაქვს და ამ შემთხვევაში, ტოქსიკოზი ძალიან გამიგრძელდა, სადღაც ორი კვირის წინ გადამიარა. დუდუზე ასე არ ვიყავი, მაგრამ ახლა ძალიან გამიჭირდა. მთელი ეს 5 თვე სამსახურში ძალიან ვიტანჯე, როგორ გინდა არ შეიმჩნიო ეს ამბავი?! თან მე ხომ ამავდროულად ღამის კლუბებში ვმღერი, იქ კი მოგეხსენება, როგორი გარემოა, სიგარეტის ბუღი, ჩახუთულობა, თან უნდა დაიხარჯო ბოლომდე. გამიჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრების რიტმი არ შემინელებია. პირიქით, ახალი სამსახური დავიწყე, უფრო შორს გადმოვედი, უფრო დიდი გზის გავლა მიწევს, საჭესთანაც ვზივარ და ძალიან აქტიური ვარ.

- რაც შეეხება შენს მეუღლეს, ის როგორ ხვდება მეორე შვილს?

- ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, ჩემთან ერთად არ არის, სამსახურის გამო ამერიკაშია, მაგრამ იქიდან ყველაფერში ჩართულია და ყველაფრის საქმის კურსშია, შეიძლება ითქვას, ტელეფონით გავატარეთ მთელი ორსულობა, მაგრამ არ შეწუხებულა არცე რთი დღე ჩემი ტოქსიკოზით (იცინის).

mshoblebi

- რეალურად რთული იქნება ორსული ქალისთვის ქმრის გარეშე ყოფნა...

- კი, ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ პრობლემებიდან შვებას ძილში ვპოულობდი. როცა სამსახურში არ ვიყავი, სახლში, ჩუმად, ძილით ვუმკლავდებოდი ჩემს დარდს, ეს მამშვიდებდა, მეტი არაფერი. ჩემი შვება ბაჩოს გარეშე ყოფნის და ტოქსიკოზის დასავიწყებლად, იყო ძილი და დასვენება, ამან "გადამარჩინა" მთელი ორსულობა.

- ხომ არ აპირებ, რომ ამერიკაში იმშობიარო?

- არაა, აქ საქართველოში გავაჩენ ბავშვს.

- რაც შეეხება დუდუს, 10 წლისაა, სკოლაში დადის, რა სირთულეებს აწყდები მასთან ურთიერთობაში? ვინ გეხმარება?

- ამ ორსულობის პერიოდში დუდუს ამბებში დედა მეხმარება ძალიან. ახალ სკოლაში გადავიყვანე, კერძოში, იქვე მუშაობს დედაც და სულ ცდილობს გააკონტროლოს. ასევე ჩართულია ჩემი მეუღლის დედაც.

mshoblebi

- დუდუს მიმართ მკაცრი ხარ?

- არა, და არასდროს არ ვყოფილვარ, ზოგადად ძალიან თბილი ვარ, განსაკუთრებით ჩემი შვილის მიმართ. ეს თვისება მეხმარება ყველა საკითხში და ყველა სახის ურთიერთობაში. თბილ და მოსიყვარულე გარემოში ბავშვიც ასეთი გაიზარდება. ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი მივეცი და კიდევ ვაძლევ ჩემს შვილს.

- ესე იგი ესაა შენი "გასაღები" ურთიერთობებში.

- კი, ქმართან, შვილთან, მეგობრებთან, სამსახურში, საქმეში ყოველთვის თბილი და ყურადღებიანი ვარ, არ შემიძლია სიმკაცრე და დისტანციები. სიყვარულით და სითბოთი უფრო ვაკეთებ საქმეს.

- დუდუს არ უჭირს მამისგან შორს ყოფნა? ბიჭებისთვის, თან ამ ასაკში, მნიშვნელოვანია მამის ფაქტორი.

- ბაჩო დღე და ღამე ელაპარაკება, მიუხეავად იმისა, რომ დროში დიდი განსხვავებაა. ძალიან ჩართულია დუდუს ყოველდღიურობაში, ეს აქედან თავის პრობლემებზე უყვება, ის იქიდან რჩევებს აძლევს და ასე სატელეფონო თუ ინტერნეტკომუნიკაციით ცდილობს, დააბალანსოს მისი არყოფნა.

- ახლა რაც შეეხება შენს გეგმებს, გყავს უკვე შერჩეული ძიძა პატარასთვის, თუ აპირებ, თავი დაანებო სამსახურს?

- პირველ ეტაპზე დეკრეტულს ავიღებ, 3-4 თვე ვერაფრით ვერ დავტოვებ ბავშვს, მერე დავუბრუნდები სამსახურს, რადგან მიყვარს ჩემი საქმე. თან ადამიანმა რომ არ იმუშაოს, ისე ცხოვრება არ გამოდის, ამიტომ მომიწევს ძიძის აყვანა, რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არაა. დუდუზე არ მყოლია და არც ახლა მაქვს დიდი სურვილი, უბრალოდ სხვა გზა არაა.

- ასე ძალიან რატომ არ გინდა ძიძა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვი, გამოცდილება რომ არ აქვს, მეშინია. ძალიან რთულია სანდო ადამიანის პოვნა, ვისაც შვილი უნდა დავუტოვო მთელი დღე. აქამდე ბებიას ვუტოვებდი, ვისაც თავიდან ბოლომდე ვენდობოდი და ახლა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ რა ვქნა, ცხოვრება ასეთია.

ციცი ომანიძე