"ბოლო 4 თვეა ჩემთან ხშირად არიან" - როგორი მამაა ილო ბეროშვილი და უცდია თუ არა ცოლთან შერიგება - მშობლები

"ბოლო 4 თვეა ჩემთან ხშირად არიან" - როგორი მამაა ილო ბეროშვილი და უცდია თუ არა ცოლთან შერიგება

2017-11-02 07:46:16+04:00

უყურებენ თუ არა მისი შვილები "ჩემი ცოლის დაქალებს" და რა მძიმე პერიოდი გამოიარა ცხოვრებაში - გულახდილი ინტერვიუ პოპულარობა არც აქამდე აკლდა, მაგრამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შავლეგო მადლიანის როლის შესრულების შემდეგ, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ილო ბეროშვილთან წარსულში არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად განსხვავებულად გულწრფელი დიალოგი გამოგვივიდა. ამ ინტერვიუში წაიკითხავთ პასუხებს კითხვებზე: როდის იდგა რთული პერიოდი მის ცხოვრებაში, იყო თუ არა ნარკოტიკზე დამოკიდებული, როგორი მამაა, როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან, რა ხდება დღეს მის პირად ცხოვრებაში და რა განცდა ჰქონდა მაშინ, როცა მისი შვილების დედამ ოჯახი ხელმეორედ შექმნა?

- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა და მადლობა "ჩემი ცოლის დაქალებს" ამ შანსისთვის. სერიალში გამოჩენის შემდეგ ახალი მაყურებელი შევიძინე, რაც ძალიან მახარებს... მსახიობობა იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ეს პროფესია მოითხოვს, მისთვის ყველაფერი გადადო, მით უმეტეს, თუ გაქვს პრეტენზია, მაყურებელს თავი გამორჩეულად დაამახსოვრო.

- ჩიკასნაირი ცოლი შენ გვერდით რამდენად წარმოგიდგენია?

- გამორიცხულია, ისევე, როგორც შავლეგოსნაირ ადამიანებთან ურთიერთობა - მიუხედავად იმისა, რომ მყოლია მეგობრები იმ წრიდან, საიდანაც შავლეგოა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი კრიმინალი იქნება, პოლიციელი თუ მხატვარი. მნიშვნელოვანი მისი შინაგანი სამყაროა. გადაღების დროს სულ ვცდილობ, თამაში ბუნებრივად გამომივიდეს. ტელევიზიაში მუშაობისას სხვა დინამიკა იყო საჭირო. ნელ-ნელა გადავდივარ იმ რიტმზე, რომელიც მსახიობს სჭირდება. მიხარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ბავშვები მომაძახებენ ხოლმე: "შავლეგო, შავლეგო!" მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი ხანდახან ძალიან უწმაწურია, ცხოვ­რებაში ბილწსიტყვაობა არ მჩვევია.

- სერიალს შენი შვილები უყურებენ?

- უფროსი უყურებს, პატარა ძალიან პოეტური ბავშვია. სულ ბუნებაში ყოფნა უნდა. უეცრად იტყვის ხოლმე, - დღეს რაღაც სევდიანი ღამეაო. ახლახან მითხრა, ახლა კი არ შემიყვარდი, სულ მიყვარდიო. დედა ძალიან უყვართ, მათ შორის სხვა უხილავი ძაფებია. ბოლო 4 თვე ჩემთან ხშირად არიან. ერთხელ მითხრეს, - მამა, შენ დედა გახდიო. ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი სულ მქონდა. წარსულში როგორც ვიყავი, ახლა ისეთი მდგომარეობა აღარ მაქვს, გრაფიკიც შედარებით თავისუფალია და სულიერადაც დამძიმებული არ ვარ.

- "სულიერ სიმძიმეში" რას გუ­ლისხმობ?

- სულ გადარბენაზე ვიყავი, ოჯახის დანგრევის ტკივილიც არ იყო მოშუშებული. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რაღაც მოხდა, რამაც გადამღალა.

- თუ შეიძლება გკითხავ, პრობლემა, რასაც ნარკოტიკი ჰქვია, მარ­თლა იყო შენს ცხოვრებაში?

- (პაუზის შემდეგ) არ დავმალავ და გეტყვი, რომ იყო. ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია, მაგრამ შენთან ორი მიზეზის გამო ვილაპარაკებ: მგონია, რომ თქვენ მკითხველთა ის კატეგორია გყავთ, რომლებიც მსგავს ამბებს ძალიან ჯანსაღად უყურებენ და მეორე მხრივ, გენდობი, ვიცი, როგორ დაწერ. შენთან ინტერვიუები ყოველთვის საინტერესო გამომდის, რადგან ზედაპირზე არასდროს მტოვებ, ყოველთვის სიღრმეში ჩაგყავარ.

- გმადლობ.

- ჩემს ცხოვრებაში ქაოსი იყო. მქონდა პერიოდი, როცა ნარკოტიკს ათასში ერთხელ თუ შევეხებოდი, მაგრამ მერე ალკოჰოლიც დაემატა, აირია ერთმანეთში და... ამ დროს ოთხ პროექტში ვიყავი, მუდმივად გამოუძინებელი და გადაღლილი. მადლობა უფალს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.

- ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც "ფერისცვალებაში" დაგეხმარნენ?

- პირველ რიგში, ოჯახი (მშობ­ლებს და შვილებს ვგულისხმობ). მშობლების თავგანწირვამ და მოთმინებამ ამის ძალა მომცა. მათ ადგილას საკუთარი თავი წარმოვიდგინე, მათსავით უძლური რომ ვიყო-მეთქი. ახლა მშობლებთან ურთიერთობა დავალაგე. როცა ვუყურებდი, როგორ ლოცულობდნენ, რამდენად ანადგურებდათ ჩემი მდგომარეობა, გული მიკვდებოდა.

დიდი ხანია, ღამის ცხოვრებით აღარ ვცხოვრობ, "ტუსოვკებზე" აღარ დავდივარ. უმეტეს დროს ბავშვებთან ვატარებ. როცა გადაღება მაქვს, მივდივარ, ვმუშაობ. ზოგადად, სახლის გარეთ ბევრს ვლაპარაკობ, შინ ყოველთვის ჩუმი, წყნარი და თავშეკავებული ვარ. მეუბნებიან, ხმა ამოიღეო. მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებული არიან სასმელზე ან სხვა საშუალებაზე, ერთი და ორი თვე არ არის საკმარისი ეფექტის მისაღებად. რაც მეტი დრო გავა, ფხიზელ მდგომარეობას მეტად დააფასებენ. ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, რომელიც დღეს სასულიერო პირია.

- "ფერისცვალების" შემდეგ, ყო­ფილ მეუღლესთან შერიგება არ გიცდია?

- ნელიკოს მიმართ დღემდე, მხო­ლოდ დადებითი ემოციები მაქვს. ძალიან კარგი დედაა, ჩვენ იდეალურად გვესმის ერთმანეთის. შემიძლია ვთქვა, რომ ნელისნაირი ახლო მეგობარი არ მყავს. არის რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც ახლოს ვარ, მაგრამ მე და ნელიკოს კიდევ შვილები გვაერთიანებს. განაგრძეთ კითხვა