ყოველი სასწავლი წლის წინ სასურველია, ბავშვის მხედველობა გადაამოწმოთ მალე სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება. სისტემატურ მეცადინეობას მხედველობის დაძაბვაც მოჰყვება, ამიტომ ყოველი სასწავლი წლის წინ სასურველია, ბავშვის მხედველობა გადაამოწმოთ. თუ ამჩნევთ, რომ ხშირად ჭუტავს თვალებს, უჩივის თვალების წვას, სიწითლეს ან ხშირ ცრემლედენას, სასწრაფოდ ექიმს უნდა აჩვენოთ. თუ გარეგნულად ყველაფერი რიგზეა, მხედველობაზე სახლშიც შეგიძლიათ შემოწმება ჩაუტაროთ.
როგორ შევამოწმოთ ბავშვის მხედველობა სახლის პირობებში:
• სთხოვეთ ბავშვს, წრე შემოხაზოს ან რაიმე მოზაიკური სათამაშო ააწყოს ისე, რომ ცალი თვალი ახვეული ჰქონდეს. თუ ყველაფერი რიგზეა, ბავშვი დავალებას ისევე უპრობლემოდ შეასრულებს, როგორც ორივე თვალით შეასრულებდა.
• ცალ თვალზე რაიმე ააფარეთ და სთხოვეთ, დაასახელოს მოშორებით მდებარე წიგნის ყდაზე რომელიმე ასო. ეს დავალება ორივე თვალზე გაიმეორეთ. ბავშვი ყველა ასოს მკაფიოდ უნდა ხედავდეს. თუ იშმუშნება, ნერვიულობს და თვალებს ისრესს ასოების გარჩევისას, ესე იგი პრობლემა გაქვთ.
• დაუხუჭეთ ცალი თვალი და სთხოვეთ, თქვენი თითის წვერს უყუროს, რომელიც მისი სახისგან 25-30 სანტიმეტრის მოშორებით გიჭირავთ და ამ დროს საფეთქელთან ფანარი აუნთეთ. ჰკითხეთ, ხედავს თუ არა სინათლეს. სინათლეს ისე უნდა ხედავდეს, რომ თვალი თქვენს თითს არ მოაცილოს. შემდეგ თითი ამოძრავეთ ერთი საფეთქლიდან მეორეს მიმართულებით ისე, რომ მუდმივად ბავშვის თვალსაწიერში იყოს. თუ ბავშვს პრობლემა არა აქვს, ამ მოძრაობის განმავლობაში მუდმივად უნდა ხედავდეს სინათლეს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
თუ რომელიმე ტესტი ვერ შეასრულა, უკვე მიზეზი გაქვთ, ექიმს აჩვენოთ. ასევე თუ ბავშვი:
1. თვალებს ხშირად ჭუტავს და ისრისავს
2. ოფლიანობს, შენელებული მოძრაობები აქვს და ნივთები სისტემატურად ხელიდან უცვივა
3. ხშირად უჩივის თავის ტკივილს
4. მეტისმეტად ახლოს იხრება წიგნთან ან ნახატთან