რა უნდა იცოდეთ ცრუ კრუპზე და როგორ მოვიქცეთ ექიმის მოსვლამდე? - მშობლები

რა უნდა იცოდეთ ცრუ კრუპზე და როგორ მოვიქცეთ ექიმის მოსვლამდე?

2016-04-10 05:12:38+04:00

რა იწვევს ცრუ კრუპს და რით შეიძლება ავიცილოთ თავიდან - პედიატრის რეკომენდაციები რა არის ცრუ კრუპი, როგორია მისი სიმპტომები და როგორ უნდა მოვიქცეთ ექიმის მოსვლამდე, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.

- რა არის ცრუ კრუპი?

- ტერმინი კრუპი აერთიანებს ვირუსული ინფექციების ჯგუფს, რომელთა ზემოქმედება იწვევს ხორხისა და ტრაქეის ლორწოვანის შეშუპებას, შედეგად კი ვითარდება კრუპისთვის დამახასიათებელის სიმპტომოკომპლექსი:

• მყეფავი ხასიათის ხველა

• ხმის ჩახლეჩა

• ტემპერატურა (38ºC ან 100.4ºF-ზე მეტი)

• ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა (რომელიც ძლიერდება დატვირთვისას).

კრუპი უხშირესად ვითარდება ღამის პერიოდში, სეზონის მიხედვით კი გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და ზამთარში. კრუპი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, შესაბამისად მისი გავრცელება ხდება დასნებოვნებული ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით.

- რა არის ცრუ კრუპის გამომწვევი მიზეზი?

- კრუპის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ვირუსებია, იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ბაქტერიული ან ალერგიული წარმოშობისაც. გვხვდება უხშირესად 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც. სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება ეტაპობრივად, დასაწყისი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი, მარტივი გაციების დროს: ცხვირის გაჭედვა, გამონადენი ცხვირიდან, გაღიზიანებადობა, რასაც მოსდევს მყეფავი ხველა, ხოლო მყეფავი ხველის დაწყეფიდან 12-48 საათში შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის გაძნელება.

- უნდა ნახოს თუ არა ექიმმა ყველა ბავშვი, რომელსაც აღენიშნება კრუპის სიმპტომები?

- კრუპი შესაძლებელია მიმდინარეობდეს მსუბუქი სიმპტომატიკით, ხოლო 2 დღეში სრულიად უკუგანვითარდეს. გახსოვდეთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო, თუ ბავშვს შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომს:

• ძლიერი სიფერმკრთალე ან კანის მოლურჯო შეფერილობა

• გაძნელებული სუნთქვა

• უჭირს ლაპარაკი ან ტირილი ჰაერის უკმარისობის გამო

• ძლიერი გაღიზიანება

• უჩვეულო ძილიანობა და მოთენთილობა

არ გადადოთ პედიატრთან ვიზიტი თუ:

• სახეზეა გახანგრძლიევებული ხველა

• მსუბუქი კრუპის ნიშნები, რომელმაც არ გაიარა 1 კვირის განმავლობაში (აქ იგულისხმება მხოლოდ მსუბუქი მყეფავი ხველის ეპიზოდები, რომელსაც არ ახლავს ზოდაგი მდგომარეობის დარღვევა).

• მომატებული დორბლდენა და ყლაპვის გაძნელება.

• აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში.

• აღენიშნება გულმკერდის ქვედა ნაწილის ან ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა სუნთქვის დროს.

• 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ტემპერატურა38ºC (ან მეტი) თუნდა 1 დღე.

• 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ტემპერატურა 38ºC (ან მეტი) 3 დღე და მეტი.

- როგორ ვუმკურნალოთ კრუპს?

- კრუპის მკურნალობა მოიცავს: დატენიანებული ჰაერის ან ჟანგბადის მიწოდებას სუნთქვის გასაუმჯობესებლად და მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ შეშუპების შემცირებას სასუნთქ გზებში.

კრუპის გამომწვევი არის ვირუსი, შესაბამისად ამ დროს ანტიბიოტიკი არის არაეფექტური სამკურნალო საშუალება, რადგან ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე.

- რა შიძლება გააკეთოს მშობელმა „ექიმამდე“?

- მოახდინეთ ბავშვის ოთახის დატენიანება, ან მოუშვით აბაზანაში თბილი წყალი და დაყოვნდით ბავშვთან ერთად.

• უმკურნალეთ ცხელებას: გამოიყენეთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი (6 თვიდან). არასდროს არ გამოიყენოთ ასპირინი.

• თუ ბავშვი 12 თვეზე მეტი ასაკისაა, დაალევინეთ დიდი რაოდენობით თბილი სითხეები, ეს ლორწოვანის დატენიანებას და სუნთქვის გაადვილებას შეუწყობს ხელს.

• 12 თვეზე მეტი ასაკის ბავშვს დაადებინეთ თავი ამაღლებულად - ბალიშზე, 12 თვემდე ასაკის ბავშვებში ბალიშის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

• დაიძინეთ ოთახში ბავშვთან ერთად, რათა მყისიერად შენიშნოთ მდგომარეობის გაუარესება და საშიშროების ნიშნები (მაგ: სუნთქვის გახშირება, გაძნელება).

• არ მოწიოთ იმ ოთახში, სადაც იმყოფება ბავშვი.

• დარწმუნდით, რომ იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს.

- როგორ დავიცვათ თავი ცრუ კრუპისგან?

• დაიბანეთ ხელები ხშირად, ასევე დაბანეთ ხელები პატარას გამდინარე წყლით და საპნით.

• მოერიდეთ ვირუსით დასნებოვნებულ ადამიანებს.

• ჩაუტარეთ ბაშვს ყველა რეკომენდებული ვაქცინაცია.

სალომე გორგოშიძე