ყველა ქართველმა უნდა იამაყოს თავისი ქვეყნის დროშით... საქართველოს სახელმწიფო დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას, - ამის შესახებ სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია იამაყოს იმ სიმბოლიკით, რომელიც არის დადგენილი ეროვნულ დონეზე, მუნიციპალიტეტების დონეზე და რომლებიც ღირსეულად წარმოადგენს სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს.
“დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო მუშაობა ამ სიმბოლოს და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან, როგორ იცნობდნენ, რა სიმბოლოებით გამოსახავდნენ საქართველოს მსოფლიოში. ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე და ამის საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკვე დადგენილებას ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად დადგენის შესახებ და, შესაბამისად, 14 იანვარი გამოცხადდა სახელმწიფო დროშის დღედ. მინდა აღვნიშნო, რომ ელდარ შენგელაიას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი, საკვანძო როლი შეასრულა მან ამ ყველაფერში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესაც ის ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჰერალდიკის მიმართულებით. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს არაერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ძალიან დიდი გემოვნებით არის შესრულებული თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლო, თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. კობახიძის თქმით, დღეს უკვე ყველა მუნიციპალიტეტს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და ქალაქ თბილისისა, აქვს დამოუკიდებლობის პირობებში თვითმმართველი წარმომადგენლობის მიერ შექმნილი საკუთარი დროშა და გერბი და სახელმწიფო დროშის მსგავსად, ქალაქ ფოთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დროშა და ეს დროშაც ასევე, აღდგენილი და დადგენილია.
“სახელმწიფო სიმბოლიკა იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი და მნიშვნელოვნად ამაღლდა სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტები კონსტიტუციის დონეზე. ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელი იყო სახელმწიფო სიმბოლიკის, დროშის, გერბის და ჰიმნის შეცვლა 76 დეპუტატის მხარდაჭერით, ყოველგვარი განსაკუთრებული პროცედურების გარეშე, რაც ბუნებრივია, იყო წინააღმდეგობაში სამართლებრივ ლოგიკასთან და ეს პრინციპი შეიცვალა. დღეისათვის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას ესაჭიროება უკვე კონსტიტუციური პროცედურა ¾-ის უმრავლესობა და სათანადო გართულებული პროცედურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაცული სახელმწიფო სიმბოლიკა, სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი. დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გამომხატველი და საქართველომ მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოლა იმისთვის, რომ ერი სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულიყო. სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც ჩვენი დროშისთვის იბრძოლეს და ამ ბრძოლაში, საკუთარი სიცოცხლეც დაუნანებლად დათმეს. ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რადგან ჩვენს შორის ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ასეთი გმირები. დროშა არის ჩვენი ისტორიის, მრწამსისა და თვითმყოფადობის სიმბოლო, რომლის დაცვისა და ჩვენამდე მოტანისთვის წინაპრებმა ყველაფერი დათმეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, თანამედროვეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება. ამასთან, სახელმწიფო დროშა ერთდროულად არის ისტორიული წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოც. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც თითოეული ჩვენგანი ქვეყნისთვის აკეთებს და გააკეთებს, ჩვენი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს ქვეშ გაერთიანდება“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს, პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა, გამოიფინა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები, (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.
ინტერპრესნიუსი