როგორ უნდა აღნიშნონ დავითობა დავითების მშობლებმა და რა საჩუქარი გავუკეთოთ მათ - პასუხობს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე - მშობლები

როგორ უნდა აღნიშნონ დავითობა დავითების მშობლებმა და რა საჩუქარი გავუკეთოთ მათ - პასუხობს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

2018-02-08 08:35:12+04:00

როგორ უნდა აღინიშნოს ეს დღე ოჯახში, სადაც დავითი ჰყავთ 8 იანვარი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. როგორ უნდა მივულოცოთ დავითებს დავითობა, რა ლოცვები უნდა წავიკითხოთ ამ დღესთან დაკავშირებით და როგორ უნდა აღინიშნოს ეს დღე ოჯახში, სადაც დავითი ჰყავთ.

კითხვებს პასუხობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში მდებარე კოდიაკის წმინდა იანე სან ფრანცისკოელის სახელობის სამრევლის მღვდელმსახური დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე:

- როგორ უნდა მივულოცოთ დავითობა დავითებს?

- პირველ რიგში, მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენება. დავითობა ან რომელიმე წმიდანის დღე, არ არის ისეთი დღესასწაული, რომელიც მხოლოდ თანამოსახელეებს ეხებოდეთ. ის საყოველთაო დღესასწაულია. თუმცა, წმიდანის თანამოსახელეებს გამოვყოფთ ამ დროს და ვულოცავთ განსაკუთრებულად. ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე,_ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები არ არსებობს, უმთავრესი ამ დროს მილოცვასთან ერთად არის მათთვის ლოცვა. შევავედროთ წმიდანს, როგორც თანამოსახელე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთხოვოთ წმიდა მეფეს ყოველი მისი თანამოსახელე და ყოველი ჩვენი თანამემამულე დაგვილოცოს და მისი მეოხებით შეგვასწროს ჩვენს სამშობლოს ერთიანს და მთლიანს.

- როცა ბავშვს რომელიმე წმინდანის სახელი ჰქვია, ამით მასზე ამ წმინდანის თვისებები ან მადლი გადმოდის?

- წმიდა იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "წმიდანისადმი თაყვანისცემა ნიშნავს, მისდამი მიბაძვას". ბავშვებს, უპირველესად ვასწავლოთ წმინდა მეფის ცხოვრება, მისი თავდადება და სიყვარული უფლისა და სამშობლოსადმი. წმინდანის თვისება ჩავდოთ მათში, ისეთივე სულისკვეთებთ აღვზარდოთ, როგორიც ჰქონდა წმინდა მეფე დავითს. ისევ წმინდა იოანე ოქროპირს მოვიხმობ" სადაც ის ამბობს; "ბავშვი სუფთა ფურცელია, რასაც დაწერ მასზე, ის დაიწერება". ვეცადოთ, ამ სუფთა და წმინდა ფურცელზე, რომელსაც ბავშვობა ჰქვია, უფლისა და მოყვასის სიყვარული დავწეროთ და მათზე, შემდგომ ამისა, გარდამოვა მადლიც და წყალობაც უფლისა.

- რა ლოცვები იკითხება ამ დღეს? დავითების მშობლებმა როგორ უნდა აღნიშნონ ეს დღე და რა უნდა ვაჩუქოთ დავითებს?

- განსაკუთრებული საჩუქარი, რაც შეიძლება ვუძღვნათ შვილებს, ეს არის საღმრთო ლიტურგიაზე წაყვანა და წმიდა ზიარების მიღება. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ვუძღვნათ საკუთარ შვილებსა და საკუთარ თავს. გარდა ამისა, დავითების და არა მარტო დავითების მშობლებს, პირველ ყოვლისა, მინდა შევახსენო წმინდა მეფის - დავითის სიტყვა დიდგორის ბრძოლის წინ: „მეომარნო ქრისტესნო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ."

ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: „ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით. მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, დაუნდობლად შევუტიოთ". ეს არის ანდერძი, რომელიც წმინდა მეფემ თითეულ ჩვენგანს დაგვიტოვადა. ამის სწავლება და განმარტება შვილისთვის, ასევე, დიდი საჩუქარი იქნება. ეს ის მარცვალი იქნება, რომლის ნაყოფს, არა მარტო ოჯახი, არამედ, მთელი ქვეყანა მოიმკის.

რას აღნიშნავს სახელი "დავითი - წაიკითხეთ სახელების განმარტებებში

ტროპარი: საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.

თეა ცაგურიშვილი