"ძალიან უცხო გარეგნობა აქვს და ყოველთვის იქცევს ყურადღებას" - 6 წლის მოდელი ლიზი ოკუპირებული აფხაზეთიდან - მშობლები

"ძალიან უცხო გარეგნობა აქვს და ყოველთვის იქცევს ყურადღებას" - 6 წლის მოდელი ლიზი ოკუპირებული აფხაზეთიდან

2018-02-10 07:54:21+04:00

აქტიურად იღებს ფოტოსესიებში მონაწილეობას. თავისი დიზაინერიც ჰყავს, რომელიც უკერავს ულამაზეს კაბებს წითური ადამიანების სამშობლოდ შოტლანდია და ირლანდია ითვლება, რადგან ყველაზე მეტი ჟღალთმიანი იქ იბადება. თუმცა ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ფერადი და ლამაზი ლიზი საბულუა სამეგრელოში დაიბადა, დღეს კი ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს. მისი ვიზუალი და გარეგნობა ბევრს აღაფრთოვანებს. მისი ფოტოების ნახვის შემდეგ, შთაბჭდილებ დიდხანს გაგყვებათ. ლიზის შესახებ მის დედას, მაკა ავალიანს ვესაუბრეთ.

- გალის რაიონში ვცხოვრობთ, სოფელ საბერიოში. ორი შვილი მყავს ლიზი და საბა. ჭკვიანი და დამჯერი ბავშვები არიან. ლიზი ვიზუალურად ძალიან განსხვავდება ძმისგან. ზოგადად ძალიან უცხო გარეგნობა აქვს და ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ექვსი წლის არ არის ჯერ და უკვე სკოლაში დადის. კარგი და ბეჯითი მოსწავლეა. აქტიურად იღებს ფოტოსესიებში მონაწილეობას. თავისი დიზაინერიც ჰყავს. ნინო ხეიძე უკერავს ულამაზე კაბებს. რამდენჯერმე თბილისშიც იყო ჩამოსული ფოტოსესიებზე.

ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ ნახა ლიზი ნათესავის ნათლობაზე. მოგვიანებით ყვებოდა, როგორც კი დამინახა ფოტო აპარატით ხელში, მაშინვე გამეპრანჭა და ღიმილით შემომხედა, მე ფოტო გადავუღე, მივედი ახლოს და სახელი ვკითხეო. მიპასუხა, მე ვარ ლიზი საბულუა და ვარ აფხაზეთიდან. გავგიჟდი, ასეთი საოცრებაა იზრდება აფხაზეთშიო...

- როგორ ართმევს თავს მოდელობას? მისთვის დამღლელი არ არის გადაღების პროცესი?

- არა, ძალიან მოსწონს ეს პროცესი. კამერებთან თავისუფლად მუშაობს. აფხაზეთში იზრდება და ჩვენ აქ ისეთი ფუფუნება არ გვაქვს, რომ მსგავს რამეებს მიჩვეული იყვნენ ბავშვები, ამიტომ ყველას უკვირს ასე თავისუფლად და თამამად რომ პოზირებს კამერებთან. ახლა შევიყვანეთ ქართულ ცეკვაზე და ძალიან მოსწონს.

mshoblebi

- როგორც აღნიშნეთ დიდი არჩევანი არ გაქვთ. რა წრეზე უნდა ლიზიკოს სიარული და ვერ ახერხებს?

- ძალიან უნდა მოდელობა. მოსწონს თეატრი და უნდა სპექტაკლებში იღებდეს მონაწილეობას. აქ ეს ფუფუნება არ გვაქვს, მანდ კიდევ ვერ ვატარებთ. ამას დიდი დრო და სახსრები სჭირდება.

- თბილისში ჩამოსვლას თავისუფლად ახერხებთ? პრობლემები ხომ არ გექმნებათ?

- არა, არანაირი. ჩვენ ვმუშაობთ ენგურჰესში და გვაქვს სპეციალური საშვი.

- ვის ჰგავს ლიზიკო ხუჭუჭი და წითური თმით?

- არ ვიცი, უცხო ბავშვია. ამბობენ, რომ ცოტათი მეც მგავს. აფხაზები რომ ხედავენ, გიჟდებიან. მეუბნებიან, რომ სოხუმში ვატარო მათთან.

mshoblebi
ლიზი ოჯახის წევრებთან ერთად

- სკოლაში რამდენად აქტიურია?

- ძალიან აქტიური ბავშვია. იღებს მონაწილეობას ღონისძიებებში. ძალიან უყვარს სიმღერა, ცეკვა. სამწუხაროდ, აქ ქართულად ვერ იმღერებს. მხოლოდ რუსულ და აფხაზურ სიმღერებს ასრულებს.

- ლიზის სკოლაში სასწავლო პროცესი რა ენაზე მიმდინარეობს?

- ლიზის კლასში შვიდი მოსწავლეა. სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ , ქართული საგნები არ ისწავლება. აფხაზურს და ინგლისურს მესამე კლასიდან იწყებენ. აქ ათბალიანი შეფასების სისტემა არ არის, ისევ ხუთიანია უმაღლესი შეფასება. ძალიან მეგობრული კლასელები ჰყავს. აქ ძირითადად აფხაზები ცხოვრობენ. ბავშვებმა იციან ქართული. რუსებიც ცხოვრობენ, ოღონდ ძალიან ცოტას თუ შეხვდებით.

mshoblebi

- უმაღლეს სასწავლებელში როგორ აბარებენ?

- აქ ისევ 11 კლასია. ამის შემდეგ შეუძლიათ სოხუმში, ზუგდიდში ან თბილისში გააგრძელონ სწავლა.

- რა პროფესიებია თქვენთან აქტუალური?

- აქ თუ იმუშავებ, ან სკოლაში უნდა იმუშაო მასწავლებლად, ან ენგურჰესზე, სხვა სამსახური არ არის. ხელობასაც სწავლობენ. თუ გალში ან სოხუმში გინდა მუშაობა, მაშინ სოხუმში უნდა მიიღო განათლება, თუმცა უმაღლესში მოხვედრა არც ისე მარტივია. უფრო რთული კი სამსახურის დაწყებაა. თუ ახლობელმა გადაწყებინა მუშაობა, ესე იგი ძალიან გაგიმართლა.

იხილეთ ვიდეო პატარა ლიზის შესახებ

Videomshoblebi

წითურთმიანი მოდელი ლიზი აფხაზეთიდან

- შეადარეთ ლიზის და თქვენი ბავშვობა. რა განსხვავებას ხედავთ? როგორ იყო მაშინ და როგორ არის დღეს?

- მე ზუგდიდში გავიზარდე. მაშინ უფრო თავისუფლება იყო. რაც არ უნდა იყოს, ახლა უფრო დაძაბული ხარ შენც და ბავშვიც. თუმცა ყველაფერმა შეჩვევა იცის და ამასაც შევეჩვიეთ.

mshoblebi

- როგორ ხედავთ თქვენი შვილების მომავალს და რას უსურვებთ მათ?

- უპირველესად მინდა ჯანმრთელები გაიზარდონ, მშვიდ და წყნარ გარემოში. მინდა ისწავლონ და წარმატებუილი ადამიანები იყვნენ. სხვა რა უნდა უსურვო შვილს, არ ვიცი.

მერი ბლიაძე