"უკაცრავად და, რას აშავებს ახალგაზრდა იმაზე მეტს, რასაც თქვენ აშავებდით?"
"ნათიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა" - ვუყურებდი საფლავის ქვის წინ გაშეშებული მისი მშობლების სახეს და მათი ნაადრევად დაბერებული სახის მიღმა ვხედავდი დანაშაულს, რომელიც შვილის მიმართ ჩაიდინეს... არაფერი შეეძლოთ მათ დაგვინებულ ცრემლებს... სახლში მოსულმა თავს ვერაფერი მოვუხერხე და გადავწყვიტე დამეწერა გაზაფხულივით ლაღ და უანგაროდ მოსიყვარულე გოგონაზე, რომელიც მო(მი)კლეს...
გამორჩეული მეგობარი მყავდა. კეთილი და გულუბრყვილო... სოფლიდან ჩამოვიდა თუ არა სასწავლებლად, უმალ მიიქცია ქალაქელი ბიჭების ყურადღება. ერთი ტიპი გადაეკიდა. იმდენად გულმართალი გოგო იყო, რომ ტყუილებს და ვერაგობას არავისგან ელოდა. საბოლოოდ ლაშამ იმდენი მოახერხა, რომ ნათია შეაცდინა და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ის ორსულად იყო, მიატოვა...
სანამ ამ ამბის გაგრძელებას დავწერ, მახსენდება ის წლები, ზაფხულობით დედას სოფელში რომ მივყავდით მე და ჩემი დაიკო. მთელ არდადეგებს იქ ვატარებდით. მოილევდნენ თუ არა ქალები საოჯახო საქმეებს, ერთმანეთთან საჭორაო დროს გამონახავდნენ, რომელიმე მეზობლის სახლში მოქუჩდებოდნენ და ჩვენც, ბავშვები იქვე შორიახლოს ვთამაშობდით, თან რომ ჩვენთვის თვალყური ედევნებინათ. ახლა, როცა გავიზარდე და ბავშვობაში გაგონილი ამბების შინაარსს ვხდები, პროტესტის გრძნობა მიჩნდება და სათითაოდ მინდა ვუთხრა იმ თაობის ყველა ასეთ ბებოს და დედას, რომ სულაც არ არის საამაყო იმის აღნიშვნა, მე-40 აბორტის მერე როგორ შეწყვიტეს თავიდან მოცილებული ბავშვების დათვლა. მაშინ ვერ ვხდებოდი, რა დიდი საშინელება იყო აბორტი, ვერც იმას ვხვდებოდი, რატომ აღნიშნავდნენ ქალები ამას ასეთი ზარზეიმით. ნუთუ, დაორსულების ფაქტები სხვის თვალში იმას ნიშნავდა, რომ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ ქმრებთან და მათთვის სასურველები იყვნენ მუდმივად. არადა მათი თქმით, ეს ხომ ასე არ იყო. სად იყო საბჭოთა კავშირში სექსიო, თუმცა თუ დავითვლით ქალების მიერ გაკეთებულ აბორტების რაოდენობას, მაშინ ყოფილა თუ ყოფილა...
"თავი დაგვანებეთ!!!" - ახალი თაობის დედის მიმართვა წინა თაობის დედებს
ნუ ვიტყვით და ნუ გავამართლებთ მათ ქცევას, რომ თავს ვერ იცავდნენ... არასოდეს შევწინააღმდეგებივარ უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ეს ძალიან ცუდ ტონად ითვლებოდა ჩვენს ოჯახში და არც მე მქონდა სურვილი, მათთვის რამე ამეხსნა, თუმცა სკოლა რომ დავამთავრე და ისევ საყვარელ სოფელს მივაშურე დასვენებისთვის, ტოპით გამოსულს მიკითხავდნენ მორალს, თურმე რა ცუდია, გოგო რომ მუცელმოღეღილი დადის ქუჩაში... რომ ასეთ ახლგაზრდებს პატრონი არ ჰყავთ... რა ცუდია შეყვარებულის ყოლა და ა.შ. უკაცრავად და, რას აშავებს ახალგაზრდა იმაზე მეტს, რასაც თქვენ აშავებდით? ბევრ თქვენგანს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რომ საკუთარი შვილების მკვლელები ხართ... სხვისი ცხოვრების დალაგებას ისე იწყებთ, თითქოს უცოდველები იყოთ... ის უფრო სასირცხვილი იყო თქვენთვის, ახალგზადრა 19 წლის გოგოს უმამოდ გაეჩინა ბავშვი, ვიდრე აბორტი გაეკეთებინა და სწორედ რომ თქვენნაირი მორალისტების აზრებს შეეწირა ჩემი მეგობრის სიცოცხლე, იმიტომ, რომ მშობლებმა აიძულეს, ბავშვი მოეშორებინა და აბორტის შემდეგ გამოწვეული ჯანმრთელობის გაურესების და ნერვიულობის გამო ერთი თვეც ვერ იცოცხლა... იცით ვისი, ან რისი ბრალია ისეთი ბიჭების არსებობა, რომლებიც ორსულ გოგოებს ტოვებენ? თქვენნაირი მშობლების, თქვენნაირი მეზობლების და თქვენნაირი ახლობლებლის... რა სახელი და პატივია იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაბადება ეწირება?
მენატრება ჩემი მეგობარი... ჭირსაც წაუღია ასეთი მორალი!"
მარიამი, 21 წლის