"ჯადოსნურ" სიცხის დამწევი პრეპარატების რეკლამას მაინცდამაინც ნუ დაუჯერებთ
ბავშვში უმნიშვნელო ცვლილებაც კი შფოთს იწვევს. უმჯობესია, ექიმი შეაწუხოთ, ვიდრე ელოდოთ, როდის "გაუვლის თავისით". ქვემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომებმა უნდა დაგაფიქროთ და მომენტალური მოქმედებისკენ მოგიწოდოთ.
კანკალი
დააკვირდით, რომ ყვირილის დროს ჩვილს ნიკაპი უკანკალებს და ზოგჯერ შეიძლება კიდურებიც, როცა განძრევას ცდილობს. სიცოცხლის პირველ დღეებში ეს ნორმალური მოვლენაა. პატარა ჯერ ვერ გამოვიდა მშობიარობის სტრესისგან, კუნთებს კი მომატებული მგრძნობელობა აქვთ. ასეთივე მიზეზით ახასიათებს პატარას ტუჩების მილისებურად გამოწევა, როცა ლოყაზე თითით დაუკაკუნებთ. თუ კუნთოვანი კანკალი (სამედიცინო ენაზე მას ტრემორი ჰქვია) მეორე-მესამე კვირასაც გრძელდება და ძლიერ ტირილს თან ახლავს ნიკაპის კანკალიც, ბავშვი აუცილებლად გაასინჯეთ საბავშვო ნევროლოგს. განსაკუთრებით საშიშია ტრემორი მაღალი ტემპერატურის დროს: უმჯობესია, სასწრაფოდ გამოიძახოთ ექიმი.
ზოლი თვალთან
თუ ახალშობლის თვალთან თეთრი ზოლი უჩნდება ან თითქოს გაოცებისგან ფართოდ ახელს თვალებს (გრეფეს სიმპტომი) საბავშვო ნევროლოგს გაასინჯეთ. შეიძლება პატარას ჰიპერაღგზნებადობის სინდრომი აქვს ან შიდაქალის წნევა აქვს აწეული. რაც უფრო მალე გაარკვევთ, მით სწრაფად უშველით პატარას.
ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა
წამიერიც კი ნევროლოგთან ვიზიტის მიზეზია. ეს შეიძლება ეპილეფსიური ან ისტერიული შეტევის შემთხვევაში მოხდეს. თუ ბავშვი არ რეაგირებს თქვენს ხმაზე, ხელიდან უვარდება სათამაშო, სასწრაფოდ გაასინჯეთ ექიმს. ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა თუ მომავალშიც განუვითარდა, შეიძლება ინტელექტუალური განვითარებით ჩამორჩეს თანატოლებს.
შეკრთომა
ერთ წლამდე უმიზეზოდ შეკრთომა, თანაც ხშირი (2-3-დან 5-6-მდე) ექიმთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს. უნდა გამოირიცხოს საბავშვო ეპილეფსია. დააკვირდით, თუ შეკრთომა პატარას ახასიათებს ღამის განმავლობაში სერიულად, ეს საშიშია. იგივე სიმპტომი გაღვიძებისას ნაკლებ საშიშია.
სიელმე და ნისტაგმი
ახალშობილს ჯერ არ შეუძლია მზერის ერთ საგანზე ფოკუსირება. ამას ერთ თვის შესრულებისას ახერხებს. როცა ცდილობს რამეზე მზერის გაჩერებას ერთი ან მეორე თვალი გაუბის. ფიზიოლოგიური სიელმა სიცოცხლის პირველ დღეებში დასაშვებია. მეორი თვეში - საფრთხილო. ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე რითმული კრუნჩხვითი მოძრაობები) პირველ კვირებში ნორმალური მოვლენაა, შემდეგ თვეშიც თუ გაგრძელდა, ნევროლოგს უნდა მიაკითხოთ. დააკვირდით პატარას, როცა მზერით პირველად დააფიქსირა სათამაშო ეს განვითარების მნიშვნელოვანი მომენტია.
ტემპერატურა
"ჯადოსნურ" სიცხის დამწევი პრეპარატების რეკლამას მაინცდამაინც ნუ დაუჯერებთ. გაცივებასა და გრიპს რამდენიმე საათში ვერ მოარჩენთ. გართულებამ შეიძლება ბრონქიტი და პნევმონია გამოიწვიოს. გარდა ამისა, შეიძლება დაზარალდეს გული, თირკმლები, ტვინი. ნუ ჩააგდებთ საფრთხეში ჩვილის ჯანმრთელობას. "ბავშვს კბილები ამოსდის" - ამბობენ რეკლამაში, მისცეს სიცხის დამწევი საშუალება და ყველა ბედნიერია. მაგრამ, დარწმუნებული ხართ, რომ სიცხის მიზეზი კბილებია? კბილების ამოჭრის დროს იმუნიტეტი ქვეითდება და ნებისმიერი ვირუსი შეიძლება სწრაფად შეეყაროს პატარას. სიცხის აწევის დროს უმალ მიაკითხეთ ექიმს.
ჟრჟოლა/კანკალი
3 წლის ზევით და უფროსებში პირველი მინიშნებაა ტემპერატურის მატებაზე 39-40 გრადუსამდე. ჩვილებში კი - მოსალოდნელ კრუნჩხვაზე. ძლიერი ჟრჟოლა კი არა თითების უმნიშვნელო ჟრჟოლასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. აუცილებლად გამოიძახეთ "სასწრაფო". მის მოსვლამდე დაურეკეთ ექიმს და მასთან შეთანხმებით, სიტუაციის გარკვევის შემდეგ მისცით ბავშვს სიცხის დამწევი და ალერიგიის საწინააღმდეგო საშუალება. თუ ტემპერატურის მატება ინფექციის გამო მოხდა, ალერგიული კომპონენტი მაინც არსებობს.
ქსუტუნი და ხვრინვა
ჩვილს ჩამოუყალიბებელი ნესტოები აქვს, წვრილი ხვრელებით. დაბადებიდან პირველ დღეებში ქსუტუნით სუნთქვა სურდოს გარეშეც შეიძლება წარმოიშვას განსაკუთრებით ღამით ძილის დროს, როცა პირი საწოვარათი დაკავებული აქვს, ქსუტუნი შეიძლება ხვრინვაში გადაიზარდოს. სასურველია, პატარას ყოველდღე აკურატულად, ბამბიანი ჩხირით (ნესტოში 1,5-2 სმ-ზე) გამოუწმინდოთ ცხვირი.
ლაქები ზეწარზე
ჩვილის პირველადი შარდი თითქმის უფერულია და არც სუნი აქვს. შემდეგ ამღვრეულია. ზოგჯერ შარდი მუქ წითელ-ყავისფერ შეფერილობას იღებს დაბადებიდან პირველ დღეებში ასეთი ვარიანტი დასაშვებია, მაგრამ შემდეგ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვილის შარდი უნდა იყოს გამჭვირვალე და უსუნო. 2-3 თვის ჩვილის პამპერს დასუნეთ, ამ პერიოდში რაქიტის საშიშროება არსებობს და შარდს მომჟავო სუნი არ უნდა დაჰკრავდეს. შეიძლება ამიაკის სუნიც დაჰკრავდეს. თუ ბავშვის შარდის სუნი და ფერი შეიცვალა, სასწრაფოდ მიაკითხეთ პედიატრს.