სტომატოლოგის გაფრთხილება - რატომ არ შეიძლება ბავშვების ტუჩებში კოცნა - მშობლები

სტომატოლოგის გაფრთხილება - რატომ არ შეიძლება ბავშვების ტუჩებში კოცნა

2018-03-10 05:12:39+04:00

ასევე მიუღებელია ბავშვის საკვების გასინჯვა და იმავე კოვზით ბავშვის კვება ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში არაერთხელ განიხილავენ ცნობილ სახეებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ტუჩებში კოცნიან. მაგალითად, კრიტიკის ტალღა ვიქტორია ბექჰემს დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც 2016 წლის ივლისში ინსტაგრამზე დადო ფოტო, სადაც ის ტუჩებში კოცნის თავის 5 წლის გოგონას.

კრიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ტუჩებში კოცნა რომანტიკული ურთიერთობის დროსაა მიღებული და არა დედა-შვილის ურთიერთობისას. თუმცა, ბევრი დედა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. სოციალურ ქსელში ფლეშმობიც კი მოაწყვეს ვიქტორიას მხარდასაჭერად.

ექიმებიც ეწინააღმდეგებიან მშობლების მიერ შვილების ტუჩებში კოცნას. და აი რატომ: ამ დროს დიდია რისკი ბავშვისთვის ბაქტერიების გადაცემისა. ავსტრალიელი ბავშვთა სტომატოლოგი მაიკლ ჩონი ამბობს: "კოცნის დროს საშიში მიკროორგანიზმები ნერწყვთან ერთად წარმატებით გადასახლდებიან თქვენი პირის ღრუდან ბავშვის პირის ღრუში და შეიძლება სხვადასხვა ინფექციური დაავადების და კარიესის გამომწვევიც გახდნენ. თუ ბავშვს ჯერ არ აქვს ამოსული სარძევე კბილები, რისკი იმისა, რომ მათი ამოსვლის შემდეგ ემალი მალევე დაიწყებს დაშლას - ძალიან დიდია".

მშობლებს სთხოვეს, ბავშვებს ტუჩებში არ აკოცონ!

ექიმი ჩონი ასევე თვლის, რომ სწორედ ამ მიზეზით არ უნდა შეუბეროს დედამ კოვზზე დადებულ საკვებს, რადგან კარიოზული ბაქტერიები შეიძლება ნერწყვის ნაწილაკებით მოხვდეს საკვებზე და იქიდან - ბავშვის პირის ღრუში. ასევე მიუღებელია ბავშვის საკვების გასინჯვა და იმავე კოვზით ბავშვის კვება. სტომატოლოგმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საუკეთესო მეთოდი იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, არის საკუთარი კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.