"როცა ბავშვი ემოციურად ცუდად არის, ყოველთვის ქვეითდება ყურადღება..." - მშობლები

"როცა ბავშვი ემოციურად ცუდად არის, ყოველთვის ქვეითდება ყურადღება..."

2018-04-25 09:52:49+04:00

"არ იყო მხოლოდ მაკონტოლებელი - რა ჭამე, რა ჩაიცვი, სად წახვედი... ისე, კონტროლის გარეშე გამოუყო შვილს ნახევარი საათი" მშობლები ხშირად ჩივიან ბავშვების ჰიპერაქტიურობაზე, დაუმორჩილებლობაზე და უინტერესობაზე. "ვერ ვიმორჩილებ", "ვერ დავაინტერესე ვერაფრით", "არაფერი არ უნდა", "სულ გაღიზიანებულია" - მსგავსი ფრაზები ხშირად ისმის. ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამ თემაზეც გვესაუბრა:

- ბოლო პერიოდში ჩვენს ცენტრში ხშირად მოჰყავთ ჩვეულებრივი ბავშვები. წესით ჩვენთან სპეციფიკური საჭიროების ბავშვები უნდა მოჰყავდეთ, რადგან სპეციფიკური დაწესებულება ვართ. ამ ბოლო დროს ჩვეულებრივი განვითარების ბავშვები მოჰყავთ, რომლებზედაც მშობელს და მასწავლებელს აქვთ ჩივილები. ეს ეხება დაახლოებით 10-11 წლის გარდატეხის ასაკისკენ მყოფ ბიჭებს, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი ინტელექტი, კარგი უნარები, მშობელი და მასწავლებელი კი უჩივის კონტროლის პრობლემას, უკან უნდა სდიო და უძახო, ეს ქენი, ის ქენიო. გაკვეთილებს არ აკეთებსო, პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვსო. მშობელი რომ კითხვარს ავსებს, ისეთი მაღალი მონაცემები გამოსდის ამ ბავშვს ჰიპერაქტივობის და უყურადღებობის, რომ იმის იქით არ შეიძლება... არადა, ამ დროს ბავშვს მსგავსი არაფერი ჭირს.

როცა ემოციურად ცუდად არიან ბავშვები რაღაც მიზეზების გამო, ემოციურად უჭირთ და შფოთავენ, ყოველთვის ქვეითდება ყურადღება და მეხსიერება. მშობლები და მასწავლებლები თვითონაც ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ასეთი ქცევა, რა იყო გამომწვევი მიზეზი. როცა არაფერი არ უნდა ბავშვს, არ მოსწონს, უინტერესოა, დარწმუნებულია მშობელი, რომ მას აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. სინამდვილეში ბავშვს ემოციური კუთხით აქვს პრობლემები.

- თქვენი რჩევა, რა არის გამოსავალი, რომ ამ სტრესულ გარემოს გავუმკლავდეთ და ბავშვებთან მეტი დრო გაატაროს მშობელმა?

- მე ვერაფერს ვერ ვურჩევ მშობლებს, იმიტომ, რომ ეს არის მათი ცხოვრება. გულწფელად მესმის მათი, მათ აქვთ ხოლმე დანაშაულის განცდა, რაც არ ეხმარებათ სიტუაციის გამოსწორებაში, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი აქედან არის ის, რომ შენ თვითონ გამოძებნო გზა. ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათი დაუთმო შენს შვილს არასაკონტროლო სიტუაციაში. უნდა ეცადო, რომ არ იყო მხოლოდ მაკონტოლებელი - რა ჭამე, რა ჩაიცვი, სად წახვედი... ისე, კონტროლის გარეშე გამოუყო შვილს ნახევარი საათი. ბევრი მშობელი მეუბნება, რომ ამას ვერ აკეთებს, არ შეუძლია. იმიტომ, რომ მიჩვეულია კონტროლს. არადა ბავშვებს ძალიან უყვართ, როცა რაღაცას უყვები, ჩვენ, ბებიები გვიყვებოდნენ, ახლა არავინ არავის არაფერს უყვება. გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რომელიც მისთვის არის მაგალითი.

- რა ასაკიდან უნდა მივანიჭოთ შვილს დამოუკიდებლობა?

- 2 წლიდან. ამ ასაკიდან ბავშვს უნდა ეჭიროს კოვზი, უნდა იხდიდეს რაღაცა ნაწილს ტანსაცმლისას და სამი წლიდან, როცა „მე თვითონ“ იძახის, უნდა იხდიდეს, იცვამდეს, როგორც შეუძლია. საპირფარეშოს ჩვევა ჰქონდეს ათვისებული, იცოდეს თავისი ნივთების მოწესრიგება და ამაზე უნდა წავახილოსოთ და არ უნდა იყოს ისე, რომ მეხუთეკლასელის მშობელი მეუბნებოდეს, მე ვაცმევ, ვაჭმევ, აბა, სხვანაირად მთელი დილა დამეკარგება. როცა ბავშვი გეხვეწება, ოთახი გამოგავოს, მისი დაგვილი უნდა აიტანო და მისცე საშუალება, დაგეხმაროს. მერე აღარ შეგეხვეწება და მერე გვიან იქნება, რადგან შენ უნდა ემსახურო და მისი პიროვნების განვითარებისთვის არის ცუდი. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს საზოგადოებას აკლია, ბავშვებს არ ვასწავლით მადლიერების გრძნობას. იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ეს არ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ვიმსახურებთ. არავინ არაფერს არ იმსახურებს და არავინ, არავის მიმართ ვალდებული არ არის. ეს არის თავისუფალი ნება, მე რომ თქვენ კარგი გაგიკეთოთ. თუ რამის კეთება გიხარია, უნდა გააკეთო, თუ არ გიხარია, არ უნდა გააკეთო.

რუსკა კილასონია