დასაშვებია თუ არა ორსულობის დროს ყავა და რამდენი წყალი უნდა დალიოს მეძუძურმა დედამ როგორი საკვებით უნდა „მოვამაგაროთ“ ორგანიზმი ორსულობამდე, როგორი უნდა იყოს ორსული ქალის კვების რაციონი, უნდა მიიღოს თუ არა წყალი მეძუძურმა დედამ, ორსულობის შემდეგ როგორ უნდა დაიბრუნოს ქალმა სასურველი ფიგურა - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მედიცინის დოქტორი, პროფესორი, დიეტოლოგი ქეთევან ბერიძე გვესაუბრება.
- როგორი საკვებით უნდა „მოვამაგაროთ“ ორგანიზმი ორსულობამდე?
- ორსულობის წინა პერიოდში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საჭიროა სწორი, სრულფასოვანი კვება. სწორად შედგენილი, სრულფასოვანი რაციონი უზრუნველყოფს ქალის ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით. თუ ქალი პრაქტიკულად ჯანმრთელია, რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები რაციონის მიმართ არ არის. საჭიროა სრულფასოვნად იღებდეს ცილას ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ხორცი (მათ შორის ფრინველი, თევზი) კვერცხი, რძის პროდუქტები. ასევე მნიშვნელოვანია მცენარეული პროდუქტით მიღებული ცილა. რაციონის დაგეგმვისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ თანაფარდობა ცხოველურ ცილასა და მცენარეულ ცილას შორის სწორად იყოს შერჩეული, ხოლო ცხოველურ ცილებს - „ხორცის ცილასა“ და „რძის ცილას“ შორის ბალანსი არ უნდა დაირღვეს. საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ მარცვლეული, ბოსტნეული, ბაღჩეული, ფოთლოვანი (ფხალი) და ხილი. აღნიშნული პროდუქტები (ნახშირწყლები) უზრუნველყოფენ ორგანიზმს ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით, პექტინით და უჯრედისით, შეიცავენ სხვადასხვა ანტიოქსიდანტს, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის; ყოველდღიურ კვებაში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ცხიმის გამოყენებას. სრულიად გაუმართლებელია ცხოველური ცხიმის უგულებელყოფა, რადგან მათ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრიათ. რაციონში უნდა იყოს როგორც ცხოველური, ისე მცენარეული ცხიმი.
- როგორი უნდა იყოს ორსული ქალის კვების რაციონი?
- ორსული ქალის კვების რაციონი პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) რაიმე განსაკუთრებულ კორექტირებას არ საჭიროებს. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს, ორსულობის მიმდინარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ კორექციას. ზოგადი რეკომენდაცია იგივეა, რაც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში: რაციონალური, ბალანსირებული კვება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ორსულის კვება დიეტოლოგმა მეან-გინეკოლოგთან ერთად დაგეგმოს.
- ორსულობის დროს მოქმედებს თუ არა რაიმე სპეციალური აკრძალვა რომელიმე საკვებ პროდუქტზე?
- ორსულობის პერიოდში აკრძალულია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც არ განეკუთვნებიან ჯანსაღი კვების პროდუქტებს: ფასთ-ფუდი , კონცენტრატები, ნახევარფაბრიკატები, ძეხვპროდუქტები, შებოლილი ნაწარმი, კონსერვირებული პროდუქტები (ხორცის, თევზის, ბოსტნეულის), ქარხნული წარმოების მაიონეზი, რძის ფხვნილი, ფენოვანი ცომის ნაწარმი, ჩიპსი, პოპ-კორნი, ხლებცი, სუხარიკები, კრეკერები, მზესუმზირა, დიდი ოდენობით შაქარი; ასევე სასურველია რაციონიდან ამოღებული იყოს ხორცის, ფრინველისა და თევზის ნახარში (ბულიონები), სასმელებიდან: მუქი ჩაი, ყავა, კაკაო, ცხელი შოკოლადი, ტკბილი გაზიანი, მატონიზებელი სასმელები და ნებისმიერი წარმოების დაკონსერვებული წვენები.
- დასაშვებია თუ არა ორსულობის პერიოდში ყავის მიღება?
- თუ ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის რაიმე უკუჩვენება, ყავის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია იშვიათად, მცირე რაოდენობით და არა ძლიერ კონცენტრირებული.
- როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვების რაციონი?
- მეძუძური დედის რაციონი, რა თქმა უნდა, რამდენადმე განსხვავებულია, რადგან ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, უნდა ითვალისწინებდეს (ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით) განსაკუთრებულ მოთვნილებებს სხვადასხვა ნივთიერებაზე.
ხშირად ვხვდებით რჩევას, მაგალითად, მეძუძურის მიერ რძის პროდუქტების, განსაკუთრებით ხაჭოს, მოხმარების გაზრდის შესახებ. ჩვეულებრივ ეს სწორიცაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში (ისევ ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე) შესაძლებელია ხაჭოს მომატებული მოხმარება არ იყოს სასურველი ბავშვის ჯანმრთელობისათვის. მეძუძურობის პირველ თვეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ხილის და უმი ბოსტნეულის მოხმარებას. სწორად უნდა იყოს შერჩეული ბოსტნეულის კომბინაცია და მიღების დრო. უმჯობესია, თუ პირველ პეროდში ნახევრად მოხარშული ან მოხარშულ ბოსტნეულს მიიღებთ. პირველი 2-3 თვის განმავლობაში ბავშვის ნაწლავის მიკროფლორა არ არის ჩამოყალიბებული, მეტეორიზმი (გაზების დაგროვება) მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის პატარას. არასწორად მიღებულმა ხილმა და ბოსტნეულმა შესაძლებელია ეს მდგომარეობა დაამძიმოს. მნიშველოვანია, პროდუქტების შერჩევისას გაითვალისწინოთ სეზონურობა. ნუ მოიხმართ არასეზონურ პროდუქტებს. მეძუძურის ჯანმრთელობის დაცვისა და ახალშობილის სწორი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდებულია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში პედიატრ-დიეტოლოგმა დაგეგმოს მეძუძურის კვების რეჟიმი და რაციონი.
- უნდა მიიღოს თუ არა წყალი მეძუძურმა დედამ?
- საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ძუძუს წოვების დროს წყლის მიღება არ შეიძლება. ეს რეკომენდაცია არა მხოლოდ არასწორი, სახიფათოცაა ჯანმრთელობისათვის. წყურვილის მოთხოვნილება უნდა აუცილებლად დაკმაყოფილდეს ნებისმიერ დროს, მოთხოვნილებისამებრ.
- როგორი საკვების მიღებას ურჩევთ მეძუძურ დედებს?
- მეძუძურის რაციონი უნდა შეიცავდეს ნატურალურ, სუფთა პროდუქტებს, სწორი კულინარიული დამუშავებით. ჯანმრთელი მეძუძურისა და ჯანმრთელი ახალშობილის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული აკრძალვები არ არის. სიფთხილით უნდა მოვეკიდოთ ადვილადფუჭებად, მაღალი რისკის პროდუქტებს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში; მაგ.: კრემიანი ნამცხვრები, შოკოლადი, ნაყინი, კარაქი, თევზი და სხვ.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კარტოფილის მოხმარებაზე. ამ პერიოდში კარტოფილის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან როგორც გამრავლების პერიოდში მყოფი, ისე უმწიფარი კარტოფილი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. უფრო კონკრეტულად: მარტის ბოლო, აპრილიდან - აგვისტოს ბოლო - სექტემბრამდე კარტოფილი პრაქტიკულად ამოღებული უნდა იყოს რაციონიდან. უნდა შეიზღუდოს მძაფრი გემოს სანელებლები.
მეძუძურის რაციონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის: წიწიბურას, ქერის, შვრიის, ხორბლის, ბრინჯის, სიმინდის ნატურალური ფორმით (და არა ფიფქები), ხილისა და ბოსტნეულის, ფოთლოვანი ბაღჩეულის, მწვანილის მიღება.
- ორსულობის შემდეგ როგორ უნდა დაიბრუნოს ქალმა სასურველი ფიგურა, როდიდან შეიძლება დიეტის დაწყება?
- მშობიარობის შემდეგ ქალისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ძველი ფორმების და წონის დაბრუნება. უნდა გვესმოდეს, მშობიარობის შემდეგ „ფიგურა“ ვეღარ იქნება ისეთი, როგორც იყო მანამდე. რაც შეეხება წონას: თუ ორსულობის პერიოდში არ იყო სიმსუქნე (ე.ი. ორსული წონაში იმატებდა ორსულობის ასაკის შესაბამისად), წონა ნორმას დაუბრუნდება მშობიარობიდან 4-18 თვის განმავლობაში. სიმსუქნის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ჩარევა (კვების რეჟიმისა და რაციონის სწორად დაგეგმვის მიზნით). თუ შევთანხმდებით, რომ დიეტა ნიშნავს სწორად კვებას, მაშინ დიეტის დაწყება (ანუ სწორი კვების დაწყება) შეიძლება და საჭიროა ნებისმიერ დროს, მშობიარობამდეც და მშობიარობის დღიდანაც. ასეთ შემთხვევაში დედისა და ბავშვის ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ნივთიერებით და მეძუძურის წონა დარეგულირდება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე
ასევე იხილეთ: რა უნდა მიირთვათ მშობიარობის წინა პერიოდში