"მრცხვენოდა, რომ ჩემი შვილები არ არიან სამაგალითონი, ანუ მე ცუდი დედა ვარ..." მე ორი მოზარდის ამაყი დედა ვარ! ისინი არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, როგორც ყველა მოზარდი აკრიტიკებენ და აპროტესტებენ ყველა სოციალურ ნორმას, ხშირად (ჰორმონალური შტორმის გამო) გამოხატავენ უკმაყოფილებას. ზოგჯერ არ მიჯერებენ, არ პასუხობენ ზარებს, გვიანობამდე არ იძინებენ, კამათობენ ერთმანეთში...
მე ვამაყობ ჩემი შვილებით, არა მარტო მაშინ, როდესაც რაღაცას „კარგს“ აკეთებენ ან წარმატებას აღწევენ, მე ვამაყობ მაშინაც კი, როდესაც სკოლაში, დირექტორის კაბინეტში კრიტიკას და უკმაყოფილებას ვისმენ, ვამაყობ მაშინაც, როდესაც ჩემს ნათქვამს აიგნორებენ...
მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილები იკვლევენ სამყაროს და საკუთარ შესაძლებლობებს და ვიცი, რომ ეს არის გზა მათი წარმატებული მომავლისკენ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ორი ადამიანის გაზრდა და ჩემი მოვალეობაა ავარიდო ის გლობალური საშიშროებები, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, დანარჩენს თავად ისწავლიან. მათ იციან, რომ მე ყოველთვის გვერდით ვარ და ნებისმიერი რთული სიტუაციის დაძლევაში დავეხმარები, მივცემ რჩევას, ავუხსნი გაუგებარ მოვლენებს, ჩვენ ნებისმიერ საკითზე მსჯელობა შეგვიძლია.
მე მოზარდების დედა ვარ და პატივს ვცემ მათ ინტერესებს: შეძლებისდაგვარად ვერკვევი და ვუსმენ იმ მუსიკას, რომელიც მათ მოსწონთ, ვუყურებ მათთან ერთად ფილმებს, ვიდეორგოლებს, ვთამაშობ MORTAL KOMBAT-ს და სხვა თამაშებს. მე ვამაყობ იმით, რომ მათ სამყაროში საშვი მაქვს და პატივს ვცემ ჩემი შვილების პირად საზღვრებს (როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქოლოგიურს).
მაგრამ ასე ყოველთვის არ იყო. მე ვცხოვრობდი ილუზორული მოლოდინებით, რომ ჩემი შვილები გაამართლებენ ჩემს მოლოდინებს და იმედებს. წარმოდგენილი მქონდა, როგორ უნდა ეცვათ, რა ინტერესები უნდა ჰქონდეთ, რა ნიშნებზე უნდა ესწავლათ და რა დონეზე უნდა სცოდნოდათ უცხო ენები. როდესაც ეს მოლოდინი არ მართლდებოდა, მე ვბრაზდებოდი, ვეჩხუბებოდი, ვსჯიდი, ვაშანტაჟებდი და რაც ყველაზე ცუდია, სიყვარულით ვმანიპულირებდი. შედეგად უარესს ვღებულობდი და მეგონა, რომ არ გამიმართლა, ან მე ცუდი დედა ვარ...
ვგრძნობდი სასუწარკვეთილებას, იმედგაცრუებას, შფოთვას. ყოველი კრების მერე დანაშაულის განცდა მქონდა, მრცხვენოდა, რომ ჩემი შვილები არ არიან სამაგალითონი, ანუ მე ცუდი დედა ვარ... მოვდიოდი სახლში, ვეჩხუბებოდი და მათგან იგივე ემოციებს და რეაქციას ვიღებდი და ეს მანკიერი წრე მხოლოდ მყარდებოდა. მე საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოლოდინები აქვთ ჩემს ბიჭებს.
გაცნობიერება ერთ დღეში არ მოვიდა... ამას დრო დასჭირდა, მაგრამ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი შვილები იმსახურებენ პატივისცემას. ისინი არ არიან ვალდებულები ამართლონ ჩემი, ოჯახის, სკოლის, საზოგადოების მოლოდინები. დავივიწყე ჩემი მოთხოვნები და ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, უპირობო სიყვარულს გამოვხატავდი, ვექცეოდი პატივისცემით და ვეძებდი მათი ნეგატიური ქცევის ახსნას, და მაინც გამოვხატავდი სიყვარულს. თანდათან დავიბრუნე ბავშვების პატივისცემა და ნდობა და დღეს ისინი არა მარტო ამართლებენ, არამედ, აჭარბებენ ჩემს მოლოდინებს.