რაზე შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ალერგია და როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ალერგიის ნიშნები - მშობლები

რაზე შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ალერგია და როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ალერგიის ნიშნები

2018-05-11 11:42:41+04:00

სასურველია, ბავშვს ახალი პროდუქტი რაციონში შესთავაზოთ 3-4 დღის შუალედებით სეზონური ალერგია, ალერგიის ძირითადი ნიშნები, როგორ უნდა შევარჩიოთ პროდუქტები, როგორ ვლინდება სეზონური ალერგია, ამ თემაზე ალერგოლოგი ნინო შუკვანი გვესაუბრება:

- გთხოვთ დაგვისახელოთ ის ძირითადი პროდუქტები, რომელზეც შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ალერგია.

- გამოვყოფ საკვების რამდენიმე სახეობას. ეს გახლავთ: მიწის თხილი, ნიგოზი, ნუში, თხილი, კვერცხი, ხორბალი, სოიო, ძროხის რძე, ზღვის პროდუქტები. გარდა ამისა, კონკრეტულ ადამიანს ინდივიდუალურად შეიძლება გააჩნდეს კვებითი ალერგია ისეთ პროდუქტზე, რომელიც არ არის მიჩნეული ალერგიულ პროდუქტად. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ალერგიის შედეგად გამოწვეული გართულებები, სასურველია რომ როდესაც ბავშვის კვების რაციონში შემოგვაქვს მყარი საკვები, ზემოთ აღნიშნული პროდუქტები ასაკის გათვალისწინებით მივაწოდოთ მცირე რაოდენობით და ეტაპობრივად გავამრავალფეროვნოთ.

- ძირითადად როგორ ვლინდება ალერგია ამა თუ იმ საკვებზე?

- ალერგიის ყველაზე ხშირი ნიშანი არის გამონაყარი, ის ძალიან წააგავს ჭინჭრის ნასუსხის მსგავს გამონაყარს. ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს ქავილით, შეშუპებით, სუნთქვის უკმარისობით. ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ აქვს ალერგია, სასურველია, თან იქონიოს სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში გამოიყენება. ამ საკითხზე კი წინასწარ საჭიროა გაიაროს კონსულტაცია ალერგოლოგთან. ზოგადად, ალერგია სხვადასხვა სახით თავს იჩენს ერთიდან რამდენიმე საათში. პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სასურველია, რომ ექიმს მიმართოთ. შეიძლება რეაქცია დაგვიანდეს და თავი იჩინოს 24-48 საათში, სწორედ ამიტომ, როდესაც ბავშვთა კვებაზე ვსაუბრობთ, სასურველია, რომ ბავშვს ახალი პროდუქტი რაციონში შესთავაზოთ 3-4 დღის შუალედებით.

- რას გვეტყვით სეზონურ ალერგიაზე?

- ძირითადად, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე პაციენტებს აქვთ ალერგია ახალი ხილის და ბოსტნეულის მიმართ, ასევე ხშირია ალერგია ყვავილობის დროს.

- არსებობს მოსაზრება, რომ მცენარეებსა და საკვებ პროდუქტებს აქვთ ჯვარედინი კავშირი და თუ ადამიანს ამა თუ იმ მცენარეზე აქვს ალერგია, უნდა ერიდოს კონკრეტული სახის ბოსტნეულს თუ ხილს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- დიახ, ეს სრული სიმართლეა, რადგან მცენარეებსა და საკვებ პროდქუტებს შორის არსებული კავშირის ცოდნა ადამიანს აძლევს საშუალებას, წინასწარ განსაზღვროს რაზე შეიძლება ჰქონდეს მას ალერგია. შესაბამისად ეს პრევენციის ერთგვარი საშუალებაა. მაგალითისთვის გეტყვით, თქვენ შესაძლოა ალერგია მოგცეთ სიმინდმა, პომიდორმა, ხორბალმა, თუ გაქვთ გამოვლენილი ალერგია მარცვლოვანი კულტურების მიმართ. შესაძლოა ალერგია მოგცეთ გარგარმა, ნიგოზმა, თხილმა, ვაშლმა, თუ გაქვთ ალერგია არყის ხის მიმართ.

ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც სპეციალურად ჩაატარეს დიასახლისებისთვის, აღმოჩნდა რომ ქალებს რომლებსაც ალერგია გამოუვლინდათ, კივის მიმართ ჰქონდათ ალერგია რეზინის ხელთათმანებზე, ლეიკოპლასტირზე, ზოგადად ლატექსზე.

- რას გვეტყვით ახალშობილებზე, შესაძლებელია, რომ ბავშვს ალერგია გამოუვლიდნეს დედის რძეზე?

- ზოგადად ჩვილის ალერგია დედის რძეზე ძალიან იშვიათია, მაგრამ არ არის გამორიცხული, თუ დედა დიდი რაოდენობით მიირთმევს ძროხის ან თხის რძეს, დიდი რაოდენობით შოკოლადს და თხილს.

სალომე გორგოშიძე