რატომ არ შეიძლება ყელის "ამოწმენდვა" და რა შეიძლება გამოიწვიოს თვითმკურნალობამ? - მშობლები

რატომ არ შეიძლება ყელის "ამოწმენდვა" და რა შეიძლება გამოიწვიოს თვითმკურნალობამ?

2018-05-21 17:14:07+04:00

როდესაც ნახავთ, რომ ბავშვს აქვს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ენაზე ნადები, ნუშურებზე ნადები... ალბათ იმ თაობას, რომელიც ახლა 25-30 წელზე მეტისა არის ახსოვს, მაღალი ტემპერატურისას, "ჩირქიანი ყელის" დროს რა მეთოდებს მიმართავდნენ მშობლები მათ დასახმარებლად. მკურნალობის მეთოდებიდან პოპულარული იყო ყელზე არსებული ნადების ამოღება თითზე შემოხვეული მარლით, ჩირქის კოვზით მოშორება და ა.შ. დღესდღეობით, აღნიშული მეთოდების გამოყენება არის კატეგორიულად დაუშვებელი, თუმცა, როგორც დედების ფორუმებზე გავრცელებულ რჩევებში ჩანს, მშობლები ახლაც მიმართავენ ამ მეთოდებს.

თუ რატომ არ შეიძლება თვითნებური მკურნალობა და ყელის ამოწმედვა - ამ შეკითხვაზე გვიპასუხებს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ხატია შუკაკიძე:

- აღნიშნული მანიპულაცია არ არის რეკომენდებული, მეტსაც გეტყვით, ის დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვისთვის! მსგავსი ქმედებით შესაძლებელია დაზიანდეს ნუშურა ჯირკვლის ქსოვილი. ჩირქოვანი ანგინის გამომწვევი ბაქტერია, უხშირესად არის სტრეპტოკოკური ინფექცია, რომელიც მანიპულაციის შედეგად შესაძლებელია გავრცელდეს უკვე სისტემურად და გამოიწვიოს სტრეპტოკოკური სეფსისი. სეფსისი ელვისებურად სწრაფად ვითარდება და ლეტალური შედეგითაც კი შეიძლება დამთავრდეს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია იმის დიაგნოსტირება, თუ რა სახის პრობლემაა ყელში, შესაბამისად მშობელმა მედიკამენტების მიცემისაგან უნდა შეიკავოს თავი, რათა ალერგიული რეაქცია და სხვა გართულებები არ გამოიწვიოს.

როდესაც ნახავთ, რომ ბავშვს აქვს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ენაზე ნადები, ნუშურებზე ნადები აუცილებლად მიმართეთ ექიმს და არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. საჭიროა გაკეთდეს სწრაფი ტესტი სტრეპტოკოკზე, ყელზე ნადები ყოველთვის ჩირქი არაა და ანტიბიოტიკსაც ყოველთვის არ საჭიროებს, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მიზანმიმართული მკურნალობის დანიშვნა.

არ მიმართოთ თვითმკურნალობას!

სალომე გორგოშიძე