"ვინც დაიწყო ჩხუბი ყოველგვარი მიზეზის გარეშე და დააბულინგა მასზე პატარები, რატომ არ ისმის იმ უფროსკლასელთა გვარები და რატომ არ მოვითხოვთ მათ დასჯას?" ეს სტატუსი ქეთუნა ხურცილავა-დაღუნდარიძეს ეკუთვნის და ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
"ნუ მომკლავ"
პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას ვუცხადებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს! ხმამაღლა ვამბობ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და პასუხი უნდა აგოს ამ საზარელი მკვლელობისთვის!
რამდენი ხანია ვაკვირდები მოვლენებს და გული მიკვდება, რით ვერ დადგინდა სამართალი...
დავიწყოთ იქედან, რომ 51-ე საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი ბავშვები შევიდნენ საპირფარეშოში, სადაც დახვდათ უფროსკლასელები, რომლებმაც შეავიწროვეს ისინი, შემდეგ ესროლეს პნევმატური იარაღი. როცა წინააღმდეგობა გაუწიეს ბავშვებმა, უწმაწური სიტყვების შემდეგ დაბლა დაიბარეს საქმის გასარჩევად, დათქმულ დროზე... ერთ-ერთმა უმცროსკლასელმა დასახმარებლად დეიდაშვილს დაურეკა და ეს ბუნებრივია, საქართველოა... ეს ბავშვი " პროკურორის შვილია" და მან არ გამოიყენა ეს სტატუსი (ნეტავ გამოეყენებინა)...
შეხვდნენ ერთმანეთს მოწინააღმდეგე მხარეები და შერიგდებოდნენ კიდეც, რომ არა სიგარეტის გასროლილი ნამწვი... მოხდა საზარელი მკვლელობა...
პროკურორის შვილი იმ დღესვე, მამამ მიიყვანა პროკურატურაში. ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის დაფარვას, იმიტომ, რომ სხვისი შვილები, თავისი ხელით ვერ ჩააბარა პროკურატურას, სასჯელს იხდის!
მკვლელები გაარიდეს თბილისს და 5 დღის შემდეგ ჩაბარდა პოლიციას.
დღემდე ვეძებთ სამართალს და ვმართავთ აქციას სამართლიანობისთვის, სადაც პროკურატურის მიმართ უამრავი მოთხოვნა გაჩნდა...
ვამახვილებ ყურადღებას! დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
ვსვამ კითხვას. როცა ვიბრძვით სამართლიანობისთვის, რატომ არ არ არის მოთხოვნა პროკურატურის მიმართ, პირველი, ვინც დაიწყო ჩხუბი ყოველგვარი მიზეზის გარეშე და დააბულინგა მასზე პატარები, რატომ არ ისმის იმ უფროსკლასელთა გვარები და რატომ არ მოვითხოვთ მათ დასჯას?
5 დღის შემდეგ რომელი მკვლელიც ჩაბარდა პოლიციას, რატომ არ აყენებენ მოთხოვნას, რომ სწორედ მისმა მშობლებმა აგოს პასუხი, დანაშაულის დაფარვისთვის?
აქციაზე არ იქნება პოლიტიკური განცხდადებებიო, თუმცა ვნახეთ, რომ იყო, როცა უნდა ესაუბრათ ბავშვთა ამხელა აგრესიაზე, თუ საიდან მოდის, ბულინგზე, რომელიც ყოველ წუთს ხდება, ეს მე ვერავისგან ვერ მოვისმინე!
თუ მიზანმიმართულად არ ხდება ერთ ადამიანზე ასე ყველაფრის მიწერა, რატომ არ ისმის ეს კითხვები?
ვთქვათ და არ დაერეკა დახმარებისთვის დეიდაშვილისთვის არასრულწლოვანს, ხომ შეიძლებოდა დღეს ის ყოფილიყო მკვდარი? რატომ აქედან არ ვიწყებთ სიმართლის დადგენას?
იქნებ, პროკურორის გვარზე მეტად გავლენიანი პირების შვილები დგანან მკვლელობის სათავეში, რომლებსაც სურთ სხვებს, დაბალი რანგის ადამიანებს გადააბრალონ დანაშალი?
შვილის სიკვდილით ალბათ, სრულდება მშობლის სიცოცხლე და ყველა ჩვენთაგანის ვალია, გვერდით დაუდგეთ, რათა დადგინდეს სიმართლე, მაგრამ არც პროკურორის შვილობა უნდა იყოს სასჯელი შვილისთვის! ის იყო დაზარალებული და დახმარება ითხოვა! ძალიან უნდოდათ, რომ მკვლელიც ყოფილიყო, მაგრამ ის მკვლელი არ არის!
და ბოლოს! მე არავის არ ვიცავ, არსებობს ამისთვის ზემდგომი ორგანოები, მაგრამ იმდენ სიბინძურეს, იმდენ სისასტიკეს ვკითხულობ, სინდისი არ მომცემს უფლებას გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო!
გვარი, რომელიც ამდენი ხანი ტრიალებს პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტ სივრცეში, ლაფში და ტალახში ამოსვრილი, მინდა სხვა კუთხით დაგანახოთ!
მე 9 წელია ვიცნობ პროკურორის ცოლ-შვილს და მათ კეთილშობილებაზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო! პროკურორს ისეთი ცოლი ჰყავს, იმისი გაზრდილი შვილი, მკვლელი ვერანაირად ვერ იქნება!არანაირი სიბოროტე, ვერაგობა და სიყალბე მათში არ არის! ყველაზე მეტად მათ სურთ, სიმართლეს,რაც შეიძლება მალე აეხადოს ფარდა!
ოდესმე დადგება დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და მე არ შემრცხვება ჩემი სიტყვების!
სულ ცოტა დრო რჩება განაჩენის გამოტანამდე და მინდა, ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდეს, რომ იზეიმოს სამართლიანობამ!"