მსოფლიო ბესტსელერი წიგნი საქართველოში! - კრესიდა კოუელის "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" უკვე გაყიდვაშია - მშობლები

მსოფლიო ბესტსელერი წიგნი საქართველოში! - კრესიდა კოუელის "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" უკვე გაყიდვაშია

2018-06-19 12:51:30+04:00

ლიბერქიდსის ფარგლებში, გამომცემლობა პალიტრა L-მა კიდევ ერთი ბესტსელერი წიგნი შესთავაზა მკითხველს - "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" ლიბერქიდსის ფარგლებში, გამომცემლობა პალიტრა L-მა კიდევ ერთი ბესტსელერი წიგნი შესთავაზა მკითხველს - "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი", კრესიდა კოუელის ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ტირაჟით იყიდება, ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ქართველ მკითხველს საშუალება აქვს წიგნი უკვე ქართულ ენაზე წაიკითხოს და დრაკონებთან ერთად იმოგზაუროს ზღაპრულ სამყაროში.

წიგნის შესახებ გვესაუბრება მთარგმნელი - არჩილ რაჭველი

- რითია გამორჩეული წიგნი - "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი"?

- ქართულ საგამომცემლო სივრცეში მცირეწლოვან ბავშვებზე ორიენტირებული წიგნები, თუ არ ჩავთვლით ზღაპრებს, კლასიკური ნაწარმოებების ადაპტირებულ ვარიანტებს და შემეცნებით ლიტერატურას, შედარებით იშვიათია. ამ მხრივ, ორმაგად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქართველ და ქართულენოვან ბავშვებს საშუალება ეძლევათ, მშობლიურ ენაზე წაიკითხონ საერთაშორისოდ ცნობილი ციკლის პირველი წიგნი, რომელიც ბავშვებს ვიკინგების და ჩრდილოური სულისკვეთებით გაჟღენთილ ზღაპრულ სამყაროში მიუძღვის. ის ფაქტი, წიგნის მიხედვით უკვე გადაღებული და სამომავლოდ დაგეგმილი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმები საყოველთაო პოპულარულობით სარგებლობს როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, დარწმუნებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წიგნების სერიას, რომელსაც ეს მულტიპლიკაციური ფილმები ეფუძნება, პატარა მკითხველი დიდი სიყვარულით მიიღებს.

- რამდენად მოსწონთ მსგავსი შინაარსის მქონე წიგნები ბავშვებს?

- გამომდინარე ასაკობრივი კატეგორიიდან, ამ ასაკის ბავშვებში ლტოლვა ჯადოსნური სამყაროსადმი ჯერ კიდევ არ არის შესუსტებული (და არამხოლოდ ბავშვებში). მსგავსი ჟანრი ალეგორიული მიდგომების საშუალებით პატარა მკითხველს აზიარებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან სახალისო, თამაშის გზით და არა დამღლელ-მენტორული სახით. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი გამოცდილება, რაც ამ წიგნის და მსგავსი ერთ-ერთ ღირსებას წარმოადგენს, მოცემული ჟანრის დიდ პოპულარულობას განაპირობებს მცირეწლოვან მკითხველთა შორის თქვენი შეხედულება წიგნის შესახებ.

კრესიდა კოუელის "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" წარმოადგენს წიგნს, სადაც ბავშვებს ადვილად შეუძლიათ საკუთარი თავი პერსონაჟების, როგორც ადამიანების, ისევე დრაკონების როლში წარმოიდგინონ. ვფიქრობ, ეს წიგნი საშუალებას მისცემს პატარებს, ერთხელ კიდევ ისწავლონ, რომ აღიარებისთვის საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა და სირთულეებისთვის თვალის გასწორება და მაშინაც კი, როდესაც ტომის ბელადის ვაჟი ხარ, თავისთავად ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს და რომ კვლავ უნდა იბრძოლო. ეს წიგნი ასწავლის ბავშვებს, რომ შიში არ არის სირცხვილი და არც დანაშაული. მთავარია, რომ გააკეთო ის, რისი მოვალეც ხარ. ამასთან, წიგნი ბავშვებს აცნობს წარსული ეპოქების, ვიკინგების ყოფა-ცხოვრებას და მათ წეს-ჩვეულებებს და კულტურულ გარემოს პოპულარული ენით გადმოსცემს. სახალისო ილუსტრაციები წიგნის კითხვას კიდევ უფრო ცოცხალ და გასართობ პროცესად აქცევს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ გამომცემლობა პალიტრა L-მა ბავშვებს მართლაც ძალიან კარგი საჩუქარი მიუძღვნა ამ წიგნის თარგმნით და იმედს ვიტოვებ, რომ პატარა მკითხველები სერიის მომდევნო წიგნებს სულმოუთქმელად დაელოდებიან.