"გაუთავებელი კონფლიქტები და გაწევ-გამოწევაა მაშველებთან ქალიან-კაციანად, უმრავლესობა დაუდევრობის გამო იღუპება" - რატომ იზრდება დამხრჩვალთან რაოდენობა ზღვაზე - მშობლები

"გაუთავებელი კონფლიქტები და გაწევ-გამოწევაა მაშველებთან ქალიან-კაციანად, უმრავლესობა დაუდევრობის გამო იღუპება" - რატომ იზრდება დამხრჩვალთან რაოდენობა ზღვაზე

2018-06-26 12:21:38+04:00

ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში მაშველებმა 36 ადამიანი გადაარჩინეს დახრჩობას. სავალალო სტატისტიკა მზარდია და რაც მთავარია, უმრავლესობა დაუდევრობით არის გამოწვეული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი ზღვის სეზონთან დაკავშირებულ საფრხეებსა და რისკებზე გვესაუბრა.

- 1 მაისიდან 25 ივნისამდე 21 ადამიანი დაიხრჩო. ეს ინფორმაცია გუშინ გავავრცელეთ და დღეს უკვე ამ წუთამდე გადარჩენილების რაოდენობა 60 პროცენტამდე გაიზარდა. შავ ზღვაში 15 ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა გუშინ საღამოდან დღეს შუადღემდე. ხშირ შემთხვევაში ტრაგედიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იწვევს. ყველაზე პრობლემატური ის არის, რომ მოქალაქეები ნასვამ მდომარეობაში შედიან ზღვაში. ახლაც მაშველები 28 წლის მამაკაცს ეძებენ რუსთავში, რომელიც გუშინ საღამოს ნასვამი შევიდა მდინარე მტკვარში. ადიდებულ მდინარეში სურდა ბანაობა. სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს რუსთავიდან წითელ ხიდამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე და სამწუხაროდ, ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. უკვე 24 საათი გავიდა.

alt"არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ წყალში თაკარა სიცხეში" - კარდიოლოგი ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს

- სად არის ყველაზე საშიში ადგილები, მოქალაქეები რომ გაფრთხილდნენ?

- ახლა უკვე ზღვის სეზონი დაიწყო და ბუნებრივია, ყველაზე საშიში შავი ზღვაა. დღე არ გავა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს. მაგალითად, სამი დღის წინ შავ ზღვაზე 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იმის გამო, რომ ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში. ხშირად ზღვაზე, მდინარის ნაპირზე, პიკნიკებს აწყობენ და შემდეგ ნასვამებს წყალში შესვლა უნდებათ. ასეთი შემთხვევების თითქმის 90 პროცენტი ფატალურად სრულდება...

- რამდენად ხშირად ვარდებიან საფრთხეში ბავშვები?

- ბავშვები გარდაცვლილთა შორის არ არიან, მაგრამ გადარჩენილთა შორის საკმაოდ ბევრია. მათ შორის ბევრი ტურისტი ბავშვიც. სოციალურ ქსელში ჩვენი სამსახურის გვერდზე გვიდევს ინფორმაცია, მაშველებმა რომ 9 და 6 წლის ბავშვები გადაარჩინეს.

არ გვსურს, საზოგადოება შევაშინოთ და არ ვდებთ იმ ტიპის ინფორმაციას, სადაც უკვე გარდაცვლილები არიან. მესმის, ხალხისთვის რა ძნელი იქნება იმ ფოტოების ნახვა, სადაც გარდაცვლილები ჩანან... თუმცა ფაქტი ის არის, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკა მზარდია. მოქალაქეები უფრო და უფრო გაუფრთხილებლად ექცევიან საკუთარ სიცოცხლეს და რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. არ უსმენენ, როდესაც მაშველი ზღვაზე რუპორით აცხადებს, რომ მოსალოდნელია შტორმი და გთხოვთ, ზღვაში ნუ შეხვალთო. არ ემორჩილებიან და მეტის გაკეთება ჩვენს უფლებამოსილებას აღემატება. ძალით ხომ ვერ გაკოჭავ ვინმეს?! გაუთავებელი კონფლიქტებია მაშველებთან, როცა ნასვამ ადამიანებს ზღვაში შესვლას უშლიან. მაშველებს ეძველბიჭებიან და არის გაწევ-გამოწევა ქალიან-კაციანად... როგორც გზებზე სულ ისმის გაფრთხილება, ნელა იარეთო და მაინც საშინელი ავარიები ხდება, აქაც ის სურათია... ჩვენ პერმანენტულად გამოვაქვეყნებთ მონაცემებს, ჯობია შეშინდეს საზოგადოება და თავიანთ სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ. უახლოეს დღეებში ვამცნობთ საზოგადოებას, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი გადარჩინეს და რა მძიმე სურათი გვაქვს.

მანანა გაბრიჭიძე