ქალაქიდან სოფელში დაბრუნებული გურული ქალის ამბები დაკა ბერძენიშვილი, 52 წლის, ხიდისთავი/გურია
„მე გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და ქუთაისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ისევ აქ ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში თბილისში გადავედი სამუშაოდ და 15 წელზე მეტი ვცხოვრობდი იქ. ეს მეუღლის ოჯახის სახლია, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდიოდით. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაიონში მაქვს გატარებული ეზოიან საკუთარ სახლში და ვერაფრით შევეგუე კორპუსში ცხოვრებას. იმას, რომ დილით შედიხარ ოფისში, ზიხარ დაღამებამდე იქ და ისე იცვლება წელიწადის დროები ვერ იგებ. მოკლედ, არ ვიყავი ჩემს ადგილას. თუმცა, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქალაქი და წარმოუდგენლად მიაჩნდა სოფლად ცხოვრება. თან აქ მეც ვწვალობ და ის ჩემზე უარესად, რადგან არ ვართ მიჩვეული ფიზიკურ შრომას, მაგრამ, როცა შენი შრომის შედეგს იღებ და წარმატება არ გაკლია, ეს ყველაფერს აწონასწორებს. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა გარკვეული მიზეზების გამო არჩევანის წინაშე დავდექით - აგვეღო სესხი თბილისის პატარა ბინისთვის, შემდეგი 10 წელი ამ სესხის დასაფარად გვემუშავა და მთელი ცხორვება ამ ბინაში გაგვეტარებინა, თუ უფრო ნაკლები თანხით ამ სახლისთვის მიგვეხედა - აქაურობა ვარჩიეთ. ყოველთვის მოვიაზრებდი, რომ საბოლოოდ მაინც აქ უნდა მეცხოვრა და ნელ-ნელა ამ სახლის რემონტს მივყევით. 2015 წლის ბოლოს გურიაში დავბრუნდი, დავსახლდი ხიდისთავში, ჯერ მე და ერთ წელიწადში ჩემი მეუღლეც გადმოვიდა.“
„განსხვავება ძალიან დიდია ქალაქის ცხოვრებასა და აქაურ ცხოვრებას შორის, როგორც კი ჩამოვედი, ქალების მდგომარეობა შემეჩეხა. თბილისში ასე არ არის, ვერც ერთი თვით დასასვენებლად ჩამოსვლის დროს ვერ გრძნობ, რომ აქ გამოწვევები ქალებისთვის გაცილებით დიდია.
ოჯახის ქალები, რომლებსაც უმეტესად უმუშევარი ქმრები და სკოლის მოსწავლე შვილები ჰყავთ, სულ შრომაში არიან - სიმინდის ყანების დამუშავება, საქონლისა და ფრინველის მოვლა, საოჯახო მეურნეობა, სახლის საქმე და ამ ყველაფრის გაძღოლა ხელის იარაღებით, რადგან არ აქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არავითარი საყოფაცხოვრებო პირობები, უკიდურესი სიდუხჭირეში არიან. ფულის ნიშანი ოჯახებში სახელმწიფო დახმარებიდან ან მოხუცებულის პენსიიდან შემოდის. შვილები იზრდებიან - სკოლისთვის ტანსაცმელი, წიგნები და სხვა საჭიროებები უნდათ. საშინელებაა შეჩვეული სიღარიბე და არ გეგონება 21-ე საუკუნე, თითქოს სხვა განზომილებაში არიან. წარმოგიდგენიათ ქალს რა შრომა, ენერგია და ჯაფა ჭირდება ამ ყველაფრის გასაწონასწორებლად?! იცით, ეს ქალები, მინიმუმ, 10 წელია მაღაზიაში არ ყოფილან საკუთარი ტანსაცმლის შესაძენად. კბილის ექიმთან ვერ მიდიან, წლობით ანალიზები არ ჩაუბარებიათ და სანამ არ დავარდებიან, ისე ვერ გებულობენ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები თუ აქვთ. ექიმების ჩამოსვლა რომ დაიწყო და უფასო შემოწმებები, ყველა მესამე ქალს ონკოლოგიური დაავადებები აღმოაჩნდა. სრულფასოვან კვებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ამ დროს შეიძლება, არავისზე ნაკლები განათლება არ აქვთ მიღებული და არც უნარები აკლიათ. მათ აქვთ სხვადასხვა პრაქტიკული და უნიკალური ცოდნა, ზუსტად იციან რა და როგორ აწარმოონ, მაგრამ თვითშეფასება აქვთ ძალიან დაბალი და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება არ იციან. ამის გამო ქმარი და შვილიც არ ცემს პატივს. მაგალითად, სკოლის ბანკეტზე არ მიყავთ დედა, რადგან თვლიან რომ ის დაბალი დონეა. უმუშევრობისგან დაკომპექსებულ ქმრებს ცოლებზე გადააქვთ მთელი აგრესია. ქალი, როგორც მოქალაქეც, ნულს ქვემოთაა, თუ ქმრის ძმაკაცი ან ახლობელი იყრის კენჭს, აღარ უნდა პრობლემები ქმართან და ისე იქვცევა, როგორც ქმარი ეუბნება. როდესაც ვეუბნებოდი რაღაცა გავაკეთოთ-მეთქი, ეცინებათ - შენ რასაც აკეთებ, იმას ჩვენ რას შევძლებთო. ამ დროს - როდის დავთესო არ ვიცი; ძროხას ვერ ვწველი და ყველი ვერ ამომყავს; ქათმის საკენკის დაყრა არ ვიცი; ყველაფერს მათ ვეკითხები. მე რომ ერთ პატარა ადგილს ძლივს დავბარავ, ისინი მთელ რიგს გადიან, ეს ქალები რომ თოხნიან, მე ჩავიცუცქები და ხელით ვფშვნი მიწას. მოკლედ, ამ ქალებს აქვთ რესურსი სასწაული საქმეების დასატრიალებლად, მაგრამ მათ რესურსს სჭირდება სხვანაირი მიდგომა სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თვითშეფასება აუმაღლდეთ. ქალს თუ თვითშეფასება აუმაღლდა, ის შვილსაც დაამაგრებს სოფელში, ქმარსაც და დოვლათსაც შექმნის. ქალებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი რასაც აკეთებენ, არის სასწაული და ეს ყველას არ შეუძლია. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ელემენტარული უნარ-ჩვევები უნდა ვასწავლოთ. მოკლედ, თუ გვინდა საზოგადოების განვითარება, მაშინ დავეხმაროთ ქალს განვთარებაში". განაგრძეთ კითხვა