იწვევს თუ არა ლეღვის ნახარშით დამწვრობა სიკვდილს და კიდევ რომელი მცენარის გამო ხვდებიან დამწვრობის ცენტრში - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს - მშობლები

იწვევს თუ არა ლეღვის ნახარშით დამწვრობა სიკვდილს და კიდევ რომელი მცენარის გამო ხვდებიან დამწვრობის ცენტრში - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს

2018-07-09 11:49:57+04:00

ლეღვის ნახაშით დამწვრობა რამდენიმე წელია ქართული ზაფხულის მოურჩენელი ტკივილია ლეღვის ნახაშით დამწვრობა რამდენიმე წელია ქართული ზაფხულის მოურჩენელი ტკივილია. ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ, თუმცა მისით გამოწვეული დაზიანებები სინამდვილეში სულაც არ გახლავთ სახუმარო თემა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში პაციენტების სეზონური მატებაა. ცენტრის ხელმძღვანელი - გუგა ქაშიბაძე mshoblebi.ge-სთან დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობა განსაკუთრებით საშიში და რატომ უნდა ვერიდოთ კავკასიურ დიყას, რომელიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება...

- ლეღვის ნახარში ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომ ქიმიურ დამწვრობას იწვევს. თან ემალის ქვაბში ხარშავენ, რითაც ამ საშიშ თვისებებს კარგად ინარჩუნებს და საბოლოოდ უმძიმესი შედეგებით სრულდება! დამერწმუნეთ, ნამდვილად არ ღირს თავის გამეტება...

- შეიძლება ლეღვის ნახარშით ჯანმრთელობის დაზიანებამ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს?

- თეორიულად კი. საბედნიეროდ საქართველოში ლეღვის ნახარშით დაღუპვის შემთხვევა არ გვქონია, თუმცა შარშან და შარშანწინ რეანიმაცია დასჭირდათ პაციენტებს... ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი რომ რაღაცას ჩაიდენ და ამის გამო რეანიმაციაში მოხვდები, რა თქმა უნდა, საშიშროება გემუქრება.

- ამ ნახარშით დამწვრობა რით განსხვავდება ჩვეულებრივი, მზისგან მიღებული დამწვრობისგან?

- ლეღვით დამწვრობა იწვევს ქიმიურ რეაქციას კანზე, ხოლო ჩვეულებრვი დამწვრობა არის თერმული დაზიანება, ტემპერატურის შედეგად მიღებული. ორივე დამწვრობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მაგრამ ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიმდინარეობით განსხვავდება და მძიმედ ითვლება.

mshoblebi

- კიდევ რაზე უნდა გაფრთხილდეს მოსახლეობა?

- კიდევ რამდენიმე მცენარეა, რომელსაც საშიში თვისება გააჩნია... მაგალითად – კავკასიური დიყა! ეს დიდად ცნობილი და პოპულარული არ არის. ადამიანმა რომ ბუნებაში მოკლე შარვლით გაიაროს და მიედოს, ფეხებზე ბუშტუკებს და დამწვრობას იწვევს... კავკასიური დიყა, როგორც ვიცი, გავრცელებულია ზემო იმერეთში, რაჭაში, ქართლში და სხვაგან... ერთი-ორი შემთხვევა ყოფილა ჩვენგან კავკასიური დიყით დამწვრობის და საკმაოდ მძიმე დამწვრობას იწვევს.

***

მეტი სიცხადისთვის, თუ რატომ წვავს ლეღვის ფოთლის ნახარში მეტად, განმარტებას გვაძლევს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი – პაატა თუშურაშვილი:

- ლეღვის ფოთოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ფურანოკუმარინი ეწოდება. ამ ნივთიერებით მდიდარია ლეღვის ფოთოლი და ზოგიერთი სხვა მცენარეც. ბიოლოგიურად ეს ნივთიერებები გამომუშავდება მცენარეებში, როგორც თავდაცვის მექანიზმი. მცენარეები იცავენ თავს უცხოებისგან, მათ შორის ადამიანებისგან... თვითონ ამ ნივთიერებას მთელი რიგი ტოქსიკური ეფექტები აქვს... ულტრაიისფერ სხივებთან მოქმედების შედეგად დამწვრობის ეფექტს იწვევს. მზეზე თუ არ წამოწვება ადამიანი, წაისვამს და ბნელში წამოწვება, წესით, არაფერი მოუვა.

მანანა გაბრიჭიძე