როგორც კი პაწიას მუცელი წამოსტკივდებოდა, ბებია კამის ნახარშს დაუმზადებდა... ოდითგანვე მიღებული იყო - როგორც კი პაწიას მუცელი წამოსტკივდებოდა, ბებია კამის თესლის ნახარშს დაუმზადებდა. აფთიაქებშიც შეგეძლოთ შეგეძინათ კამის წყალი. დღეს კი ყველაფერი ბევრად გაიოლებულია - მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქარხნული წესით დამზადებული ჯანმრთელობის ელექსირი - საბავშვო ჩაი.
ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მზადდება სპეციალიზებული საბავშვო ჩაი. ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით ჩაი იყოფა 2 ჯგუფად: პროფილაქტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური. პროფილაქტიკურ ჩაის განეკუთვნება ვიტამინების ნაყენი. მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე მოქმედი კომპონენტები: C ვიტამინი, ასკილის, ანისულის, ტყის კენკრის ექსტრაქტები.
სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის სპექტრი უფრო ფართოა. დიდ ჯგუფს შეადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე მოქმედი ჩაი. ის შეიცავს - კამას, გვირილას, პიტნას ან მის ნაირსახეობას - მელისს. იგი რეკომენდებულია მუცლის ხშირი კოლიკების (მეტეორიზმის), დიარეის, ცუდი მადის მქონე ბავშვებისთვის. სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის შემდეგ ჯგუფში შედის დამამშვიდებელი ჩაი. იგი ინიშნება მომატებული ნერვული აგზნების, ცუდი ძილის მქონე ბავშვებისთვის. ამ ჩაის შემადგენლობაში ძირითადად შედის პიტნა. ამავე ჯგუფში შედის ხველების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი ნაყენები. მხოლოდ ხილისა და კენკრის ექსტრაქტებზე მომზადებული ჩაია რეკომენდებული ბავშვისთვის, როგორც სითხის დამატებითი წყარო. ზოგიერთი მათგანი კარგად კლავს წყურვილის გრძნობას და აქვს გამაგრილებელი ეფექტი, ამიტომ შეგიძლიათ მისცეთ პატარას ზაფხულის ცხელ დღეებში.
პაკეტები თუ გრანულები?
საბავშვო ჩაი გამოდის ორი ფორმით - პაკეტებში და გრანულებით. ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. პაკეტები არის ერთჯერადი მოხმარებისთვის. იგი დოზირებულია და იხსნება პაკეტზე მითითებულ სითხის რაოდენობაში. გრანულებით ჩაი კოლოფშია დაფასოებული და მოჰყვება დოზირებული კოვზი. არსებობს რამდენიმე ბალახისა თუ მცენარის კომპონენტისგან შემდგარი ჩაი და ასევე ერთკომპონენტიანი. ალერგიული ბავშვებისთვის პირველ მიცემაზე სჯობს ერთკომპონენტიანი ჩაი. ჩაის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურება და ასაკი.