გოგირდი, კატა, ციცარი - რას უფრთხის გველი და როგორ შევაჩეროთ - მშობლები

გოგირდი, კატა, ციცარი - რას უფრთხის გველი და როგორ შევაჩეროთ

2018-07-24 12:52:46+04:00

ჰერპეტოლოგი - კოტე ფხაკაძე მოსახლეობას მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს "ყველას მოვუწოდებ, ნუ ხოცავენ გველებს! ეს გამოსავალი არ არის! თაგვი უფრო გამრავლდება და შესაბამისად, გველებიც მეტი მოვლენ! მოვაწესრიგოთ ეზოები, სისუფთავე გვქონდეს და გველი იქ არასოდეს დაიბუდებს!" ზოოპარკის ეგზოტარიუმის ხელმძღვანელი, ჰერპეტოლოგი - კოტე ფხაკაძე მოსახლეობას მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს, რათა გველები ეზოებში არ გამოჩნდნენ!

- ყოველ წელს ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისში გველების შემოსევა მატულობს. ეს მცდარი ინფორმაციაა. წელს არანაირი გველების შემოსევა თბილისში არ არის, პირიქით, გველების რაოდენობა მცირდება. ხალხი დიდი რაოდენობით გველს ხოცავს, მტაცებელი ცხოველებიც ანადგურებენ... თბილისში ბვრი ახალი დასახლებული პუნქტი გაჩნდა ქალაქგარეთ და ამ შემთხვევაში გველი კი არ მივიდა ხალხთან, პირიქით ხალხი მივიდა იმ ადგილზე, სადაც ტყეა და გველები არიან... სამწუხაროდ, გველხოკერაც გველი ჰგონიათ ხალხს, რომელიც იგივე უფეხო ხვლიკია. გველხოკერა პატარა ზომის ხვლიკებს ანადგურებს და აუცილებელია მათი არსებობა! ხალხო გველხოკერები არ დახოცოთ!

- როგორ ვიცნოთ გველხოკერა?

- გველხოკერა ჩალისფერია... გველს ყური არ გააჩნია, გველხოკერას კი აქვს.

- როგორ შევძლებთ ეზოში გველმა არ დაიბუდოს?

- გველი არაფრით არ მოვა ეზოში, იქ თუ თაგვები და სიბინძურე არ არის! ნარჩენებს სადაც ყრიან, იქ თაგვები მრავლდება და გველიც ამიტომ მოდის! არსებობს უამრავი მითი: გველი ონკანს გადმოყვა, მეხუთე სართულზე კანალიზაციის მილს აყვაო და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი სისულელეა! სადაც წყლის წნევაა, იქ ცოცხალი ორგანიზმი როგორ იქნება?! ალბათ სამშენებლო მასალები, ან ავჯი აიტანეს, იქ იყო გველი შემძვრალი და გამოსული რომ ნახეს, მერე ათასნაირ ვერსიას ავრცელებენ!

- იმასაც ამბობენ რომ შეიძლება გარედან აყვეს კედელს და რამდენიმე სართულზე ავიდეს...

- გამორიცხულია, გველი ვერტიკალურ კედელს არ აჰყვება!

- ხშირად გვესმის, რომ მოვლენ, ეზოს შეწამლავენ და გველი აღარ გაიჭაჭანებს...

- ეგ ერთჯერადი, ყოვლად არაეფექტური საშუალებებია! ჯობია ეზოდან უაზროდ მიყრილი საგნები გავიტანოთ, სადმე შესაძრომი რომ არ ნახოს გველმა და არ დაიბუდოს...თუ ეზო გვინდა, უნდა მოვუაროთ კიდეც! სადაც საკანალიზაციო ჭა არის, ჯობია თავზე ეფაროს, რადგან მანდ ხშირად გამოიზამთრებს ხოლმე გველი. ეზოში თუ გოგირდის ფხვნილს მოაბნევთ, მის სუნს ერიდება და სანამ წიმა არ გადარეცხავს, ეფექტური საშუალებაა! ყოვლად დაუშვებელია რეზინის დაწვა, ისედაც ეკოლოგიას ვაზიანებთ ამით! კარგია ეზოში კატა, ციცარი...

არასოდეს ადამიანი არ უნდა ეცადოს გველის დაჭერას! კბენის 98 პროცენტი ზუსტად მაშინ ხდება! სპეციალისტი თუ არ არის, დაუშვებს შეცდომას დაჭერის დროს და უკბენს! როცა გველს დავინახავთ, ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადავდგათ და გავეცალოთ! გველი არაფრით არ გამოგვეკიდება!

ყველას მოვუწოდებ, ნუ ხოცავენ გველებს! ეს გამოსავალი არ არის! თაგვი უფრო გამრავლდება და შესაბამისად, გველიც მეტი მოვლა! მოვაწესრიგოთ ეზოები, სისუფთავე გვქონდეს და გველი იქ არასოდეს დაიბუდებს!

მანანა გაბრიჭიძე