"მე ზოგჯერ ერთმანეთში მერევიან" - რას ყვება სამი აჭარელი ტყუპის მამა - მშობლები

"მე ზოგჯერ ერთმანეთში მერევიან" - რას ყვება სამი აჭარელი ტყუპის მამა

2018-08-16 11:48:09+04:00

"გამოცდაზე ერთი გავიდა სამივეს მაგივრად თურმე და მე მერე გავიგე" "გაიცანით - ეს ოჯახი მხოლოდ ჩაქვს არ ალამაზებს. ის მთლიანად აჭარას და სრულიად საქართველოს ალამაზებს! სამი ტყუპის დედა რუსუდან ფაღავა - ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეა! სკოლის დამთავრების 25 წლისთავიც ამ სამმა ტყუპმა ვაჟკაცმა დაგვიმშვენა: მამასთან ერთად ცეცხლოვანი ქართული ცეკვების ცეცხლი დაგვინთეს! დაე, იმრავლოს ასეთმა ქართველმა ვაჟკაცებმა საქართველოში!"... - ასეთ აღფრთოვანებას გამოთქვამს პედაგოგი სამი ტყუპის მიმართ. ტყუპების მამა - ალეკო ხიდაშელი თავის ვაჟების შესახებ გვესაუბრა...

mshoblebi

- ლუკა, ნიკა და საბა უკვე 19 წლის არიან... დღეს სამივე სამხედრო სამსახურშია და ამასთანავე ცეკვავენ აჭარის სახელმწიფო ანსამბლ "არსიანში"...

mshoblebi

- დღეს როგორ იხსენებთ იმ სიხარულს, როცა სამი ვაჟის მამა გახდით?

- ექოზე არ ჩანდა და რომ დაიბადნენ, მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ სამივე ვაჟი იყო. მანამდე მითხრეს, სამი ტყუპიაო და მხოლოდ ერთი ჩანდა, ბიჭი რომ იყო. თავად და მყავს ტყუპისცალი და ტყუპების ჯიში გვაქვს... სამი ტყუპი ვაჟი შეგეძინათო, რომ გავიგონე, არ მეგონა, სიხარულით თუ არ გავგიჟდებოდი...

mshoblebi

- როგორი იყო სამი ტყუპის ვაჟის გაზრდა?

- ურთულესი! თან ისეთ პერიოდში დაიბადნენ, როდესაც საქართველოში ძალიან გაჭირვებული წლები იყო... ბავშვები ბუნებრივ კვებაზე არ იყვნენ, სპეციალური საკვები ჰქონდათ, რომელიც მხოლოდ ერთ მაღაზიაში შემოდიოდა და 30 ლარი ღირდა ერთი კოლოფი. მხოლოდ ორ დღეს ჰყოფნიდათ და თავად არ ვიცი, როგორ ვახერხებდი ყოველ მესამე დღეს მეყიდა. პამპერსები და სხვა ხარჯები კიდევ ემატებოდა. დღეს მიკვირს, მაგრამ ღმერთის შეწევნით შვილებისთვის არაფერი დაგვიკლია... ხან მეგობრები მეხმარებოდნენ, თანამშრომლები, ჩემი მეუღლის მშობლები... მთავრობისგან არანაირი დახმარება არ მახსოვს, გარდა იმისა, რომ მაშინ მშობიარობა უფასო იყო.

mshoblebi

- ერთია ფინანსურად, მაგრამ ფიზიკურად როგორ უძლებდით სამი ვაჟის გაზრდას დამხმარეს გარეშე...

- დიახ... ძიძა მხოლოდ მაშინ გვყავდა, როცა ძალიან პატარები იყვნენ. შემდეგ ძირითადად ჩემი მეუღლე ზრდიდათ და ორი-სამი წელი მართლაც საშინლად რთული გრაფიკი ჰქონდა. ფაქტობრივად სულ არ ეძინა... მე იშვიათად ვეხმარებოდი მეუღლეს, პატარები რომ იყვნენ მეშინოდა მათთან მიკარების, რამე არ მომეწია. ჩემი და გვეხმარებოდა... ოთხი წლიდან უკვე ყველაფერი დალაგდა. დამჯერი ბიჭები არიან, ზომიერად ცელქები იყვნენ. ოთხი წლიდან ანსამბლში დამყავს სამივე ცეკვაზე. თბილისის ქორეოგრაფიულ ინსტიტუტში მოეწყვენ სამივე, რომელიც ახლახანს დაამთავრეს.

mshoblebi

- ახლა სამივე სამხედროში არიან...

- დიახ, სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიან და ყოველ სამ დღეში სახლში მოდიან. ხვალაც მოვლენ... ჩვენ სოფელ ჩაქვში ვცხოვრობთ და სოფლის საქმეებში ძალიან მეხმარებიან... შეყვარებულები ჰყავთ, მაგრამ ჯერ არც ერთი არ აპირებს დაოჯახებას... უყვართ დისციპლინა. ისე გაიზარდნენ, სულ ჩოხა ეცვათ ღონისძიებებზე. სკოლა წარჩინებით დაამთავრეს. გამოცდებზე ცოტა ეშმაკობდნენ კიდეც... მაგალითად, გამოცდაზე ერთი გავიდა სამივეს მაგივრად თურმე და მე მერე გავიგე. პედაგოგებმა ვერ გაარჩიეს. გაგიკვირდებათ და ჩოხას რომ ჩაიცვამენ და თმებს შეიჭრიან, მეც მიჭირს მათი გარჩევა. ჩემი მეუღლე ყოველთვის არჩევთ ერთმანეთისგან... ჯარშიც უთქვამთ უფროსებს, გვიჭირს ერთმანეთისგან გარჩევაო. საბედნიეროდ, ჯარში უფროსები ბიჭებით ძალიან კმაყოფილები არიან და ხშირად გამოთქვამენ მთ მიმართ საქებარ სტყვებს!

იხილეთ სამი ტყუპის ცეკვა

Videomshoblebi

სამი აჭარელი ტყუპის ცეკვა

მანანა გაბრიჭიძე