"ბევრ მშობელს არ აქვს საშუალება, ბავშვი დამატებით წრეზე ატაროს და ეს პრობლემაა..." - მშობლები

"ბევრ მშობელს არ აქვს საშუალება, ბავშვი დამატებით წრეზე ატაროს და ეს პრობლემაა..."

2014-09-13 09:47:26+04:00

რა თანხებთანაა დაკავშირებული ბავშვის დამატებით წრეებზე სიარული და რას ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი მშობლები ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში სკოლასთან ერთად დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა წრე, ოღონდ აუცილებელია, რომ დამატებითი წრე ბავშვის უნარისა და ნიჭის მიხედვით იყოს შერჩეული და არა მოდის აყოლით ან ოჯახის რომელიმე წევრის ახირებით. ხშირად ამბობენ, ბავშვი რაც უფრო მეტად იქნება დაკავებული და შესაბამისად, ნაკლები თავისუფალი დრო დარჩება, უკეთესიაო, თუმცა ამ აზრს მოწინააღმდეგენიც ჰყავს, რომელთაც მიაჩნიატ, რომ ბევრ წრეზე სიარული სწავლაზე უარყოფითად აისახება და ბავშვის გადაღლილობას იწვევს. ბევრს იმის საშუალებაც არ აქვს, რომ შვილი რაიმე წრეზე ატაროს, თუმცა სურვილი კი დიდია...

ცნობილ დედებს - მაკა ზამბახიძეს, კრისტი ყიფშიძესა და ბაია დვალიშვილის სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შევეხმიანეთ.

ბაია დვალიშვილი: "ძვირიანზე არსად დამყავს, თვეში 20 ლარს ვიხდი ტანვარჯიშზე"

- მე მუსიკალურ სასწავლებელში დავდიოდი, არადა, ბალეტზე სიარულის სურვილი მქონდა. მართალია, დიდი მონაცემებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ტირილამდე მინდოდა, მევლო ბალეტზე. არ შემიყვანეს ბალეტზე, მაგრამ მუსიკალური სასწავლებელი იმ დონეზე დავამთავრე, რომ ტექნიკუმში უნდა ჩამებარებინა. მაშინ რომ დავხურე პიანინო, მას შემდეგ არ ამიხდია, დღეს არც დაკვრა შემიძლია და მელოდიასაც ვერ აგიწყობ, სატანჯველი იყო ეს ჩემთვის და ალბათ ნერვები სწორედ იქ გავიფუჭე. დამატებითი წრის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის დატვირთვაც აუცილებელია, მოსწავლე როცა დაკავებულია, სწრაფადაც სწავლობს. ჯობია დატვირთული იყოს, ვიდრე კომპიუტერისთვის, ეზოსთვის და ტელევიზორისთვის რჩებოდეს დრო. მგონია, რომ ენებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და სპორტის სახეობაც თუ დაემატება ამას, ხომ ძალიან კარგია.

- თქვენი შვილი რომელ წრეზე დადის?

- ნელი სალაძესთან ტანვარჯიშზე კვირაში სამჯერ დამყავს, ფასიც ხელმისაწვდომია, ტანვარჯიში სწორად ავითარებს ხერხემალს, სხეულს. კიდევ მინდა სხვაგან შევიყვანო, მაგრამ ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, სად და რაზე შევაჩერებ არჩევანს, ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. სკოლაში გახანგრძლივებულ სექტორშია, 5 საათზე ამთავრებს, უკვე მოკლე დღეა და ამიტომ დროის თვალსაზრისით ცოტა გვიჭირს, თუმცა მინდა, დამატებით დაიწყოს ინგლისურის მეცადინეობა, ბავშვობიდან შეუდგეს უცხო ენის კარგად შესწავლას.

- დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ბავშვის ამა თუ იმ წრეზე ტარება?

- სიმართლე გითხრა, ამ საქმეში დიდად ჩახედული არ ვარ, მე ძვირიანზე არსად დამყავს, თვეში 20 ლარს ვიხდი ტანვარჯიშზე, 50-ლარიანი ჯგუფებიცაა და იქაც ბევრი ბავშვია, მაგრამ ჩვენთვის ის დატვირთვაც საკმარისია, რაც გვაქვს. კვირაში სამჯერ, საათ-ნახევრიანი გაკვეთილის საფასურს 20 ლარს რომ ვიხდი თვეში, ცოტა უხერხულ მდგომრეობაში ვვარდები... დანარჩენ წრეებზე რა ხდება ჯერ არ ვიცი, ენებზე კი მინდა მივიყვანო, მაგრამ ჯერ არ გამიკითხვას, რადგან გუშინ დავბრუნდით საქართველოში.

კრისტი ყიფშიძე: "მგონი არ ღირს, ბავშვი ბევრი წრით დატვირთო, რადგან სწავლისთვის იმდენი დრო აღარ დარჩება"

mshoblebi

- ნატა სკოლის გარდა ცურვასა და ინგლისურზე დადის. მეც არ დავდიოდი ბევრ წრეზე, მაგრამ აეწყო ჩემი კარიერა. ბავშვი თუ ჩაკეტილი და დაკომპლექსებულია, კარგია, ატარო სხვადასხვა წრეზე, მაგრამ ნატა რაც დაიბადა, ჩემსავით აქტიურია. 3 წლის იყო, როცა პოდიუმზე გამოვიდა, 5 წლისა რენე ჰარლინმა "აგვისტოს 5 დღეში" გადაიღო, მას შემდეგ სხვა ფილმებშიც ითამაშა, მაგრამ ამ ყველაფერს მის ამბიციებზე არ უმოქმედია. ისე მიიღო ყველაფერი, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია. იცის, რომ სწავლა მნშივნელოვანია, სულ ათიანებზე სწავლობს, ძალიან მიზანდასახულია, ვამაყობ მისი ასეთი ხასიათით. რენე ჰარლინმა ფილმში გადაღებისას უთხრა, ინგლისური კარგად ისწავლე და გელოდები ჰოლივუდშიო. მას შემდეგ განსაკუთრებულად კარგად სწავლობს ინგლისურს, მოტივირებულია. მისი ასეთი ხასიათის გამო, ვფიქრობ, აღარაა საჭირო, კიდევ ძალიან დავიტვირთო, ისედაც ბევრი სასწავლი აქვს სკოლაში. ინგლისურზე კვირაში სამჯერ დადის და ძალიან მოსწონს, შედეგიც კარგი გვაქვს, ცურვა კი ჯანმრთელობისთვისაა კარგი. შარშან სკოლაში ბევრი გაცდენა ჰქონდა, მათემატიკაში ცოტა ჩამორჩა, წავიდა, გაარკვია მასწავლებლის კოორდინატები და მითხრა, დაურეკე, რომ მამეცდინოს, მე რომ დავურეკო, არასერიოზული იქნებაო. კვირაში ორჯერ მოდიოდა მასწავლებელი ჩვენთან და ნატაც დაეწია პროგრამას. იმისთვის გააკეთა ეს, რომ თავადაც დარწმუნებულიყო საკუთარ ცოდნაში და დაბალი ქულა არ მიეღო. იგივე მოხდა თხილამურებთან დაკავშირებით, დეკემბერში გადაწყვიტა, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის "ზბორებზე" წასულიყო, მანამდე ჩაეწერა და ისწავლა...

- რა თანხასთანა დაკავშირებული ბავშვის ამა თუ იმ წრეზე ტარება და რამდენად ძვირია სწავლა ჩვენს ქვყანაში?

- ნატა საჯარო, 53-ე სკოლაში სწვლობს და კმაყოფილი ვარ ამ სკოლით. რაც შეეხება ინგლისურს, 150 ლარს ვიხდით თვეში, ცურვის საფასური კი იმით განისაზღვრება, თუ რომელ აუზზე დადის. ცეკვასა და მუსიკაზე არ შევიყვანე, რადგან თავად არ ჰქონდა ამის სურვილი. მგონი არც ღირს, ბავშვი ბევრი წრით დატვირთო, რადგან სწავლისთვის იმდენი დრო აღარ დარჩება. პრინციპში, ჩოგბურთზეც დადიოდა ადრე, მაგრამ შემდეგ გამოვიყვანეთ, შეგვეშინდა, სქოლიოზის პრობლემა არ შექმნოდა, მაგრამ ტყუილად მოვიქეცით ასე, კარგი იქნებოდა გაეგრძელებინა სიარული. მე თვითონ სააგენტოში ვასწავლი გოგონებს სიარულს, თუმცა თავად არ მისწავლია - ეს თუ შინაგანად არ გაქვს, ვერავინ გასწავლის.

- ნატას თუ უზაირებ იმ ცოდნას, არასაც სამოდელო სააგნეტოში გოგონებს ასაწვლი?

- კი, მაგრამ, ნატას მოდელობა არ უნდა, გამოაცხადა, მე მსახიობი ვარო, უკვე ვარო.. (იცინის) ახლა ემზადება სკოლისთვის, მერვე კლასში გადავიდა და უკვე მოემზადა სასკოლედ, უხარია ახალი ნივთები, ჩასაცმლი, ეს ხომ ტრადიციაა.

მაკა ზამბახიძე: "ბევრი რაღაცით ვერ ვტირთავ, რადგან არ მინდა, მერე სკოლას მოაკლოს ყურადღება"

mshoblebi

- ბავშვი დატვირთული უნდა იყოს სხვადასხვა წრით, ოღონდ ზუსტი მიმართულება უნდა მისცეს მშობელმა და არ უნდა დატანჯოს ისეთი რაღაცის სწავლით, რაც არ გამოუვა, დროც არ უნდა დაახარჯვინოს ამაში. თუ ბავშვს ენების მიმართ აქვს მიდრეკილება, უმჯობესია ამ მიმართულებით უფრო მეტი ისწავლოს. სპორტიც აუცილებელია, ცურვაზე სიარული უბრალოდ ჯანმრთელი ცხოვრებაა და გამოუვა თუ არ გამოუვა, ეს უკვე ნაკლებად განსახილველი თემაა. მაგრამ თუ უნდა, რომ პროფესიონალი მოცურავე გამოვიდეს, მაშინ სხვა დატვირთვაა ამისთვის საჭირო, სხვა მხრივ ეს ისეთი სპორტია, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს განსაზღვრავს.

ჩემი შვილი 24 საათის განვალობაში მღეროდა, ჰოდა გადავწყვიტე, ესწავლა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. სალომესგან პიანისტი არ გამოვიდოდა, რადგან ეს მისი არ არის, ამიტომ შევიყვანე გიტარაზე და არც ვნანობ. 24 საათი გიტარა უჭირავს ხელში და არ გვაქვს პრობლემა მეცადინეობაზე, პირიქით, დიდი სიამოვნებით იღებს ინსტრუმენტს და სწავლობს. გარდა ამისა, ენებს სწავლობს კარგად და მარტივად, რაც მახარებს. ბევრი რაღაცით ვერ ვტირთავ, რადგან არ მინდა, მერე სკოლას მოაკლოს ყურადღება.

mshoblebi

- ძვირია ბავშის სხვადასხვა წრეზე ტარება?

- ფუფუნების საგანია. შეიძლება, მე კიდევ ბევრ რაღაცაზე მინდოდეს ტარება, მაგრამ არ ვტვირთავ, რადგან ვერ მოასწრებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ასწრებს, მალეც სწავლობს, მაგრამ მშობლებს არ აქვთ საშუალება, ამა თუ იმ წრეზე ატარონ, რაც დიდი პრობლემაა.

ციცი ომანიძე