ის გენიოსია, მე - ჩვეულებრივი მწერალიო
ჭილაძეები...
ჩემი ძმა ჩემზე დიდიაო, მე მასთან არაფერი ვარო, ის გენიოსია, მე - ჩვეულებრივი მწერალიო - ასე ამბობდა თამაზი ოთარის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც. ამას ჩვეულებრივად უსმენდა და აღიქვამდა საზოგადოება. აბა დავფიქრდეთ, აბელიდან და კაენიდან მოყოლებული, განა ბევრ ძმას შეუძლია წარმატებული, მართლაც გენიოსი ძმის ასე გულწრფელი საქვეყნო აღიარება და მითუმეტეს, როცა თვითონაც წარმატებული და გენიოსია? განა შური და ბოღმა არ ებრძვის მოკვდავის გულს და გონებას? მაგრამ თამაზი, მართლაც დიდი მწერალი და მოაზროვნე ჩვენი თანამედროვეობისა, კიდევ იმიტომ იყო დიდი პიროვნება, რომ კაცობრიობის თანდაყოლილ მანკიერებებზე მაღლა დგებოდა ყველგან და ყოველთვის.
ჭილაძეებმა შექმნეს ეპოქა ქართულ მწერლობაში და არა მხოლოდ მწერლობაში, მათ შექმნეს ეპოქა ადამიანური ურთიერთობებისა, ქცევისა, კაცობისა. მათ ისე გამოიარეს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდები, რომ არსად შეშლიათ. ეს თითქმის შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ადამიანისათვის. ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივები - ისინი საოცარი ძმები ჭილაძეები იყვნენ...
თამარ მამაცაშვილი